„ერთი წლის წინ, საქართველოს საპატიმროები, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდა იუსტიციის სისტემას. სასჯელაღსრულების ყოფილი სისტემა ჩამოყალიბდა საქვეუწყებო დაწესებულებად და მას დაერქვა სპეციალური პენიტენციური სამსახური", - ასეთი შესავლით დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა.
დღეს ქვეყანაში მოქმედებს 15 პენიტენციური დაწესებულება. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში 9 987 პატიმარია. აქედან სასჯელს იხდის 7 969 პირი, ხოლო დანარჩენი, 2018 პირი ბრალდებულის სტატუსით ელოდება განაჩენს.
„დღეს, ამ 10 000-მდე პატიმარს უვლის და მათ უფლებებზე ზრუნავს 3 500 თანამშრომელი, რომელთაც ამ ტრიბუნიდან მივესალმები. შარშანვე ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ პენიტენციური სისტემა ყოფილიყო კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად მართული და ჩვენი მზრუნველობის საგანი ყოფილიყო არა მხოლოდ პატიმარი და არა მხოლოდ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული, არამედ ჩვენი მზრუნველობის საგანი გამხდარიყო ასევე თანამშრომელი. შარშანვე დაიწყო სიღრმისეული ოპტიმიზაციის პროცესი სამოქალაქო დანაყოფებში, რაც წელს თებერვალში დასრულდა. სამოქალაქო დანაყოფში მოსამსახურეთა რიცხვის შემცირების ხარჯზე ჩვენ გავაძლიერეთ სპეციალური დანაყოფები და სამოქალაქო დანაყოფებს ვუნერგავთ იმის გაგებას, რომ სამოქალაქო დანაყოფი არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სპეციალური დანაყოფის სრულყოფილ ფუნქციონირებას და არა - პირიქით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, სამოქალაქო დანაყოფების რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე დაიზოგა თანხები. ეს კი პირდაპირ პასუხობს მთავრობის მიერ გაცხადებულ ფუძემდებლურ, მცირე მთავრობის პრინციპი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის, და არა მხოლოდ, მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის თებერვლიდან გაუქმდა და ლიკვიდირებულ იქნა სასჯელაღსრულების ე.წ. სპეცნაზი და ეს პროცესი აპრილის ბოლოს დასრულდა.
„ამ პროცესმაც, დანარჩენ პროცესებთან ერთად საშუალება მოგვცა, რომ გაძლიერებულიყვნენ ის დანაყოფები საპატიმრო დაწესებულებებში, ვისაც გაძლიერება სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. პენიტენციური სისტემის შემოერთებისას, შეიძლება გახსოვთ, ჩემი პირველივე დაპირება გახლდათ, რომ მაშინდელ ბადრაგს, ახლანდელ ესკორტის ოფიცერს ექნებოდა ფორმა, გაიზრდებოდა მათი რიცხვი, გაიზრდებოდა ხელფასი. დავპირდით, რომ ექნებოდათ მათ ქარხნული დამზადების ესკორტის მანქანები და რომ ჩვენ შევამცირებდით ჩვენი მიზეზით სასამართლო პროცესების ჩაშლის რიცხვს, რითაც ხელს შევუწყობდით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფეს.
მე დღეს შემიძლია, ღიად და თამამად ვთქვა, რომ თითოეული ეს დაპირება არის შესრულებული. მე მივესალმები აქ მყოფ ჩვენი ესკორტის ოფიცრებს. მათ დღეს აქვთ ახალი, საუკეთესო ხარისხის ფორმა. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შემოვიყვანეთ და გადავეცით მათ 29 ესკორტის მანქანა, რომელი არის პირველი ამ სისტემაში ქარხნული წესით დამზადებული.
ამით ჩვენ ნელ-ნელა ვემშვიდობებით "ფურგონის" ტიპის მანქანების შესყიდვას, მათში ხელით რკინის კონსტრუქციების ჩამონტაჟებას და რამდენიმე თვეში ძრავებთან პრობლემას, რაც შლიდა სასამართლო პროცესებს, რადგან ესკორტის ოფიცრებს მანქანები საკმარისი ოდენობით არ ჰყავდათ. გაიზარდა ესკორტის ოფიცრების ხელფასიც, საშუალოდ 270 ლარით. ზოგ პოზიციაზე გაორმაგდა კიდეც, რადგან ახალგაზრდებისთვის 400-ლარიანი ბადრაგის პოზიცია, 500-ლარიანი, თუნდაც 600-ლარიანი, მძიმე პირობებიდან გამომდინარე, საინტერესო არ იყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, გაიზარდა ესკორტის ოფიცრების რიცხვი და დღეს მათი დეფიციტი 276-დან 108 პოზიციამდე შემცირდა. ამ პოზიციებზე კი ვაკანსიები კვლავ შეივსება ღია კონკურსის გზით.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ორჯერ შემცირდა სასამართლოებში პენიტენციური სამსახურის მიზეზით სასამართლო პროცესის ჩაშლის რიცხვი.
„მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურთ რომ იმსახურონ ესკორტის სამსახურში, მოვუწოდო, რომ მომავალ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის წესით პირველად შეივსო წელს ესკორტის სამსახური და რამდენიმე ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა, რომელიც ესკორტის სამსახურში დასაქმდა, უკვე ახალ ფორმაში, ახალი იარაღით აღჭურვილი დღეს იმ პატიმრების უსაფრთხოებას იცავს, ვინც დღეს ჩვენ საპატიმროდან მოვიწვიეთ და ამ დარბაზში ჩვენთან ერთად ესწრებიან ამ ანგარიშს.
ჩვენ პირველი იანვრიდან დავნერგეთ ყველა მორიგე თანამშრომლისთვის უფასო კვების სისტემა და ეს არის ალბათ, სახელმწიფოს მხრიდან ის მინიმუმი, რაც შეგვეძლო პატიმრებზე ზრუნვის შემდეგ, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლებისთვის გაგვეკეთებინა ამდენი წლის შემდეგ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა ნაწამები ციხე, მოუარა და მიხედა პატიმარს, ჩვენ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სახელმწიფოსა და მის წარმომადგენლებზე ციხეში.", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.