თსუ - საბავშვო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისათვის

თსუ - საბავშვო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა, თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს. თსუ სტუდენტებმა და პროფესორებმა მოსწავლეებისთვის ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში სახალისო ცდები ჩაატარეს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორებმა ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღია კარის დღეში სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, სახალისო მეცნიერება მომავალი თაობის კვლევებში ჩართვასა და ახალი აღმოჩენების გაკეთებას შეუწყობს ხელს. „ჩვენი მიზანია მომავალმა თაობამ მეტი ინტერესი გამოიჩინოს კვლევების მიმართ, რაც შემდგომში საკუთარი თავის, პროფესიის პოვნაში დაეხმარებათ.  დღევანდელი საინტერესო ღონისძიება კი გარკვეულ სტიმულს მისცემს ახალგაზრდობას თავისი ბედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირონ, იარონ ჩვენთან ერთად მრავალი წარმატებისაკენ და რაც მთავარია, ჰქონდეთ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.

161-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ელენე ცინცაძის ყურადღება ყველაზე მეტად ქიმიის კუთხემ მიიქცია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვედი, რომ მენახა გამოფენები. ყველაზე მეტად ქიმიის კუთხე მომეწონა, სადაც ექსპერიმენტებს ატარებენ. ძალიან საინტერესო იყო, რადგან მე მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და სახლშიც ხშირად ვატარებ ხოლმე,“ - აღნიშნა ელენემ.

ღონისძიების დასასრულს თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა თორნიკე ქადეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „მათემატიკა ყველგან“. თსუ პროფესორმა გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ტურიზმის განვითარებაში ბუნების ძეგლების როლზე ესაუბრა.