11 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო განვითარების სააგენტოსა და საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება, თვალსაჩინო დადასტურებაა ორივე მხარის ურყევი ნებისა, მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა უფრო მდგრადი გავხადოთ საბაჟო სფეროში მიღწეული შედეგები. ჩეხეთის საბაჟო სამსახურთან ძალზედ პოზიტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა კი ამის საუკეთესო დასტურია“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო განვითარების სააგენტომ დაამტკიცა პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.
2017 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მონაწილეობს პროექტში „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA) ფინანსური მხარდაჭერით და ჩეხეთის საბაჟო უწყების მონაწილეობით მიმდინარეობს.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის გენერალური საბაჟო დირექტორატისა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი.
„საქართველოს საბაჟოს კინოლოგიის სამსახური 2013 წელს ჩამოყალიბდა. შექმნის დღიდან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რათა მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება, ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად ეფექტური და ქმედითი კინოლოგთა გუნდი. ჩეხეთის მთავრობის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც კინოლოგიის სამსახურის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
დღესვე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრში დასრულდა 12-კვირიანი სასწავლო კურსი, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი 6 ძაღლი და 5 ქართველი კინოლოგი მონაწილეობდნენ. მათ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით დამზადებული სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი და დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს.