ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება "ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა" გაიხსნა, რომელიც კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას მოიცავს. კონფერენციამ ერთად შეკრიბა მეცნიერები ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ თსუ მეცნიერები, პარტნიორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ასევე, ოცამდე წარმომადგენელი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. „ლანდშაფტური მეცნიერება ის დარგია, რომელიც საკმაოდ განვითარებული იყო საქართველოში, ძალიან ძლიერი სკოლა ჩამოყალიბდა თავის დროზე. ეს მიმართულება, ზოგადად, ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, რამდენადაც საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ასეთი მრავალფეროვნება აქვს ლანდშაფტური თვალსაზრისით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
2000 წელს ფლორენციაში მიღებული კონვენციის მიხედვით, ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების, მართვისა და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ობიექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - კულტურაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციასთან ერთად სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ტარდება, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას შესძენს ახალგაზრდა თაობას. „მსგავსი ხასიათის სამეცნიერო კონფერენციები უნივერსიტეტის სტატუსს ამაღლებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და სჭირდება ეკოლოგიურად მოვლა-პატრონობა. ლანდშაფტი წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიურ სახეს. თუ ლანდშაფტს არ მოვუვლით არც ქვეყანა გვექნება მაღალ დონეზე და არც ტურიზმი,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და ამავე დროს, მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე პერიოდში და მე-19 საუკუნეში გადაღებული საქართველოს ლანდშაფტების ფოტოები, საველე კვლევების ამსახველი ფოტომასალა, საველე კვლევების ექსპონატები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული ლანდშაფტური რუკები, ატლასები, მონოგრაფიები, ქართველი მეცნიერების ფოტოები რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ გეოგრაფიისა და ლანდშაფტური კვლევების განვითარებაში შეტანილი და სხვა.
ქართულმა ლანდშაფტურმა სკოლამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლანდშაფტმცოდნეობის განვითარებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფ. ნიკო ბერუჩაშვილს. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია მსოფლიოში. ამ კუთხით იგი აღემატება ბევრ ისეთ ქვეყანას, რომელთაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფართობით. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით საქართველოს მსოფლიოში მე-10-14 ადგილი უკავია. თუ ამ მაჩვენებელს ფართობის 1 ერთეულზე ვიანგარიშებთ, მაშინ თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ მხრივ, საქართველო ლიდერია და მსოფლიოში მას I ადგილი უკავია. ამიტომ უწოდებენ საქართველოს „მსოფლიოს ლანდშაფტურ ლაბორატორიას“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტები, დაწყებული ნოტიო კოლხური ტყის, ან ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტებიდან და დამთავრებული მაღალი მთის ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტებით. სულ რაღაც ორიოდე საათის სავალზე შეიძლება ერთი ლანდშაფტიდან მეორე, კონტრასტულ ლანდშაფტში მოხვედრა.
თანამედროვე ლანდშაფტური კვლევები რაციონალურ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული: იყენებდეს ტრადიციულ რაციონალურ ბუნებათსარგებლობით გამოცდილებასა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება - აზრთა ურთიერთგაცვლას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და საბოლოოდ, მისი განხორციელების შესაძლებლობების წარმოჩენას.