ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი და დაპირისპირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცება არ მოხდეს.
კითხვაზე, რა გეგმები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს საღამოს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბება და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას გააპროტესტებენ.
„შევიკრიბებით, რომ ხმამაღლა ვთქვათ ის ჩვენი სათქმელი, რაც გვაქვს და რაც ნიშნავს, რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, არ დაამტკიცონ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების შეურაცხყოფა. ჩვენ თუ არ დავიცავით ის ბავშვები, ვინც 20 ივნისს აპროტესტებდნენ ამ ხელისუფლების უგუნურობას, არაპროფესიონალიზმსა და უცოდინრობას, მაშინ კაპიკი არის ჩვენი ფასი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.