„ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხალხს ჰქონდა რთული მემკვიდრეობა, პრაქტიკის და პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. შესაბამისად, მან აიკიდა კომპლექსები, გაუჩნდა ილუზიები, რომ მაგალითად, სამთავრობო მედიის გაუქმებით შექმნიდა უკეთეს გარემოს, მაგრამ ფაქტად სხვა რამეს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებებს ვიღებდით. პარადოქსი იყო, თუმცა მოვიშორეთ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ვიღებდით ისევ მათ მიერ შექმნილ დღის წესრიგს. მათი მოქმედება იყო მარტივი, მორალური ინვერსიის პრინციპი. ჩვენ ისედაც ცუდები ვართ, მოდი არა კარგები გავხდეთ, არამედ ვეცადოთ, რომ მმართველი გუნდი გავაფუჭოთ და იქნებ ისინიც ცუდებად გამოვაჩინოთო“,- ამის შესახებ POSTV-ს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ნელ-ნელა „ოცნება“ უარს ამბობს იმ ილუზიებზე, რომელიც კვირიკაშვილის გუნდმა განახორციელა, და სადაც მთელი ფსონი ლიბერალებზე დაიდო. ეს სურვილები ყველასთვის ნათელი და ცალსახა იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არა საკუთარი მიტინგები შექმნა, არამედ ხალხის რეალური უკმაყოფილება გამოიყენა სათავისოდ, მაგალითად, - ბათუმის არეულობა, სადაც ყველაზე დიდი სურვილი გაჩნდა რომ ხელისუფლებას დაეშალა მანიფესტაცია. შემდეგ ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სადაც ასევე არეულობა იყო, იმიტომ, რომ ხელისუფლებას გამოეყენებინა ძალა. ამ ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ზუსტად ამ თამაშში აყვა „ნაციონალურ მოძრაობას“, ძველი კომპლექსებით ნასაზრდოები ცდილობდა, რომ არამც და არამც არ გამოეყენებინა ძალა, მიუხედავად იმისა, საჭირო იყო თუ არა ის. მან თავი განასხვავა წინა ხელისუფლებისგან არაძალადობით, რაც თავისთავად არასწორი მოქმედებაა. ეს ყველაფერი დამთავრდა 20-21 ივნისის ღამეს, და თუ გახსოვთ, მაშინ გახარებულმა გიგი უგულავამ, დაახლოებით, ასეთი რამ თქვა: „ქართულმა ოცნებამ“ ქალიშვილობა დაკარგაო, ანუ ასრულდა დიდი ხნის ნანატრი ძალის გამოყენება.
ეს პოლიტიკური აქტივობა დაახლოებით იმას ჰგავდა, ცუდი ყოფაქცევის ადამიანს, რომ სურს ყველა საკუთარ თავს დაამსგავსოს, უფრო მეტიც, - როდესაც მომაკვდავს სურს, გარშემო ყველა მომაკვდავი იყოს.
მახსოვს სალომე ზურაბიშვილის არჩევნების პერიოდში, როდესაც ინაუგურაციის დროს კახეთში წავიდნენ, ანუ თავი აარიდეს არეულობას, ჩემ ერთ-ერთი მიმართვაში ვთქვი, რომ რაც უნდა უცნაური იყოს, ხალხის ნაწილს „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება მოენატრა, თავისი ყველაზე არასწორი გაგებით, ანუ მოენატრა სახელმწიფო, თავისი თუნდაც ყველაზე ცუდი გამოხატულებით, ე.წ. ძლიერი სახელმწიფო-მეთქი.
იმ ამბების შემდეგ, 20-21 ივნისს ვგულისხმობ, „ოცნებამ“ დაიწყო ის, რაც უნდა დაეწყო 2012 წელს, დაიწყო დახევის პოლიტიკის უარყოფა და საკუთარის უკეთ დაფიქსირება.
ნელ-ნელა „ოცნება“ უარს ამბობს იმ ილუზიებზე, რომელიც კვირიკაშვილის გუნდმა განახორციელა და, სადაც მთელი ფსონი ლიბერალებზე დაიდო. თუმცა ხედავთ ყველა, რომ აბსოლუტურად ყველა ლიბერალი, გადამწყვეტ მომენტში, არჩევნებისას ირჩევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ როცა ორი კანდიდატი იყო დარჩენილი, ხან ძალაუფლების გადანაწილების ეგიდით, ხან რითი და ხან რითი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ბევრად უფრო ჯდებოდა მათ ტრენდში.
ეს ყველაფერი იყო წყალგამყოფი, როდესაც „ოცნებამ“ გააანალიზა, რომ ლეგიტიმაცია არა მცირე ჯგუფებიდან, არამედ უშუალოდ ხალხისგან უნდა აიღოს, თანაც ყველაფერში. ჩვენ ვხედავთ უნივერსალური ლიბერალური დემოკრატიის დასასრულს მსოფლიოში და ეს პროცესები მიდის ჩვენთანაც. ზუსტად ამის გამოხატულებაა მაგალითად გახარიას პრემიერად დანიშვნა, ნუ მე ასე მესმის.
რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, გახარიას რეიტინგმა აიწია, შიდა კვლევების თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სოციალური ბაბლები, ე.წ. დახურული სივრცეები, სადაც ჰგონიათ, რომ იქ არსებული აზრი საყოველთაოა და დაკარგული აქვთ შეგრძნება, თუ რას ფიქრობს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი.
თუ გახარიასი რეიტინგი აწეულია და ეს გამოჩნდება არჩევნებზე, და თუ ეს ასე იქნება, ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ხალხს ლიბერალური ენა, ე.წ. „ენჯეო-ენა“ აღარ უნდა, ეშინია ამ ენის, რომელიც მიშას პერიოდში გაჩნდა ყველაზე მძაფრად და ეს ენა იყო შემდეგი: მოცემულობებით საუბარი, გინდა თუ არა ასე უნდა იფიქრო, თუ არადა ბნელი ხარ, ჩვენიანი არ ხარ! ვერ იმუშავებ! ვერ გამოჩნდები საჯარო სივრცეში! და ა.შ. ხალხს ეს კოლონიალისტური ენა აღარ უნდა, რა ენითაც დამპყრობლები ესაუბრებოდნენ დაპყრობილი ქვეყნის ხალხებს. ეს დრო სრულდება ჩვენთან.
ასევე გახარიას პრემიერობის საკითხს ყველაზე უკეთ ეხმიანება ერთი ფაქტი. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ საზოგადოების განწყობები ირიბად, მაგალითად, იმით, თუ ვის არ მოსწონს ყველაზე მეტად ეს - ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლაც მივიდა „სირცხვილია“-ს ორგანიზატორების აქციაზე, საყვირებით, სასტვენებით და ა.შ. ანუ, თუ ნაცებს არ მოსწონთ ეს ფაქტი ყველაზე მეტად, ეს ნიშნავს, რომ ისინი რეალურ საფრთხეს გრძნობენ ზუსტად იმის გამო, რაც ვილაპარაკე.
აქციაზე ამბობენ, რომ გახარიას დანიშვნა ესაა არაპოპულარული ნაბიჯი, ხალხთან დაპირისპირება და ა.შ. თუ ეს ასეა, მაშინ მათთვის ხელსაყრელი რამ ხდება, „ქართული ოცნება“ დაზარალდება ამით, მაგრამ ეს ჭარბი რეალობაა, და როგორც ნათქვამია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენც ბევრი რომ არ ვიმარჩიელოთ, არჩევნებს დაველოდოთ, იქ გამოჩნდება ავკარგიანობა ამა თუ იმ საკითხის.