გიმნაზისტი ახვლედიანი და ლათინისტი ჭაში, ანუ გაკვრით ახალი რეალობის შესახებ ქართულ პოლიტიკაში

გიმნაზისტი ახვლედიანი და ლათინისტი ჭაში, ანუ გაკვრით ახალი რეალობის შესახებ ქართულ პოლიტიკაში

 

(გაგრძელება) 

როგორც უნდა შეფუთოს დაინტერესებულმა დასავლეთმა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ჩვენ სხვაზე გაცილებით უკეთ ვიცით რეალობა. მართალია, საქმე ამჯერად ტყვიამდე და სისხლამდე არ მისულა, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის საკითხის არსს. მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებაში უკანასკნელ წუთამდე იყო საამისო მზაობა და ისე ჰგავს, ამგვარი სცენარი ჯერ კიდევ ბოგინობს არაერთი ქორის გახურებულ თავში. ამდენად, ოპოზიციის მიერ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ საუცხოეთო ანგარიშებისთვის თუ შეიძლება შეფასდეს, როგორც ხელისუფლების მიერ ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით - ფაქტობრივად, მოხდა უსისხლო რევოლუცია, რომელშიც ქართველმა ხალხმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიის ფასადით შენიღბული აფთრების ხროვა.

შედეგი, რაც ამ გამარჯვებას მოჰყვა, არაფრით ჰგავს ცივილიზებული ქვეყნების პოსტსაარჩევნო ვითარებას. ჯერჯერობით არ იგრძნობა უმტკივნეულო გრადაციის არანაირი ნიშანი. დამარცხებული ძალის ყველაზე ოდიოზური წარმომადგენლები მამის მკვლელებივით იმზირებიან და საჯარო შეხვედრების დროს, ვიდეოკამერების წინაც ვერ მალავენ მტრულ განწყობას. მაღალჩინოსანთა ნაწილმა არა თუ სამსახური, ქვეყანაც კი მიატოვა და საზღვარგარეთ გადაიხვეწა. სხვები ჩემოდნებზე სხედან. ბოლო დღეებში პრეზიდენტის მთავარ საზრუნავს მასთან ერთად ყელამდე სისხლში მდგარი თანაგუნდელებისთვის შეუვალობის სამართლებრივი და დიპლომატიური გარანტიების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

შექმნილ ვითარებაში ისმის სრულიად კანონზომიერი კითხვა- როგორ უნდა მოიქცეს ახალი ხელისუფლება ყოფილ ნომენკლატურასთან მიმართებით?

ეს ერთ-ერთი, ყველაზე საჭირბოროტო კითხვათაგანია, რომელიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას. მასზე პასუხს ბევრი მოელის, მათ შორის არა მხოლოდ ისინი, ვინც უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნია მგლის მადის მქონე ჩინოვნიკების სიხარბე. დამნაშავეებისთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილი სრულიად ბუნებრივი განცდაა. ამაში ანომალიურს ვერაფერს ვხედავ. გასაოცარი ის იქნებოდა, ქართულ საზოგადოებას მისი სისხლისმსმელი რეჟიმის ყველაზე ოდიოზური წარმომადგენლებისთვის თავზე ხელის გადასმისა და მიტევების სურვილი გასჩენოდა.

გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა თავის დროზე მკაფიოდ განაცხადა, რომ არანაირ დევნას პოლიტიკური ნიშნით ადგილი არ ექნებოდა. ანალოგიური აზრი სხვადასხვა სიმკვეთრითა და ტონალობით სხვებმაც გაიმეორეს. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე იქნება (თვით განცხადების გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება), მაგრამ მიჭირს. სარდაფში, სადაც თოფისწამლის კასრი და ასანთი გვერდიგვერდ ძევს, პასტორალური იდილიის ჩამოყალიბება რთული საქმეა, მით უმეტეს, როცა დამარცხებული ძალა ღიად გამოხატავს რევანშისა და არაკონსტიტუციურ ვადაში ხელისუფლების დაბრუნების სურვილს.

ის, რომ კოალიციის მიერ ღიად დეკლარირებული კატა ლეოპოლდის პოზიცია- ”რებიატა, დავაიწე ჟიც დრუჟნო” - რეალურად ვერ განხორციელდება, ძნელი განსაჭვრეტი არაა და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. შევეცდები, თეზისურად ჩამოვაყალიბო სათქმელი:

1) ყოფილი ხელისუფლების ანტიხალხური ხასიათიდან გამომდინარე, ქვეყანაში სუფევდა სრული განუკითხაობა, რაც სახიერად სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობითა და დაუსჯელობის სინდრომის არსებობით გამოიხატებოდა.

2) იმ მოხელეთა რაოდენობა, ვინც ყოველდღიურ საქმიანობაში გადადიოდა კანონიერების ზღვარს, ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ ყველაზე ნეიტრალური შემფასებლის თვალშიც კი ძნელია საზღვრის გავლება კანონმორჩილ და კანონდამრღვევ ჩინოვნიკებს შორის. საილუსტრაციოდ ასეთ მაგალითს დავასახელებ- საქართველოში 3000 -ზე მეტი საჯარო სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. თითზე ჩამოსათვლელი ერთეულების გარდა, ვერ ნახავთ რომელიმე დირექტორსა და გამგეს, ვისაც ზემდგომთა ზეპირი მითითების საფუძველზე, სრულიად უსაფუძვლოდ არ ჰყავდეს გათავისუფლებული თანამშრომლები, მათ შორის - აშკარად პოლიტიკური ნიშნითაც. თითოეული მათგანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, სულ მცირე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, გარეგნულად უეჭველად მიიღებს სწორედაც რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს.

3) მოსახლეობას, რომელმაც არჩევნებში ცალსახად დაუჭირა მხარი ოპოზიციას, კარგად ახსოვს მისი ყველაზე ცნობადი წარმომადგენლების სამიტინგო რიტორიკა- არცერთი დანაშაული არ დარჩება გამოუძიებელი, შეფასებისა და რეაგირების გარეშეო. ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ ამომრჩეველთა სურვილს უეჭველად უნდა გაუწიოს ანგარიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება მასობრივი იმედგაცრუება. მოსახლეობის მხარდაჭერა კი კოალიციის ყველაზე მნიშვნელოვანი კოზირია, რომლის დაკარგვა მაქსიმალურად ზრდის მოპოვებულის დაკარგვის პერსპექტივას.

4) ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა მოახდინა ყველა დარგისა და სფეროს ტოტალური პოლიტიზება. ძნელია, დაასახელო ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის მქონე რომელიმე სტრუქტურული ერთეული (სამინისტროებით დაწყებული სპორტული ფედერაციებით დამთავრებული), სადაც კადრების შერჩევა თავისუფალი კონკურენციის, პიროვნული და საქმიანი ღირსებების საფუძველზე ხდებოდა. მართველობის ზედა და საშუალო რგოლი მთლიანად იყო დაკომპლექტებული ნაციონალური მოძრაობის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობის ნიშნით გამორჩეული აქტივისტებით (ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობი იყო ძალოვან უწყებებში, პროკურატურასა და სასამართლოებში). მათი თანამდებობებზე დატოვება მრავალი რისკის შემცველი უგუნურება იქნებოდა. ეს შეიძლება შევადაროთ წინდაუხედავი სარდლის საქციელს, რომელმაც მტრის ციტადელი აიღო, მაგრამ მეციხოვნენი და მათი მეთაური, ერთგულების პირობით, ადგილზე დატოვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ივანიშვილის კაბინეტი დგას საკმაოდ მწვავე დილემის წინაშე. ერთი მხრივ, მან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წინამორბედი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რასაც მოჰყვება კიდეც კონკრეტული პერსონების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, ცნობილია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის განწყობა. ისინი არ მიესალმებიან ამგვარ ტენდენციას იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახეზეა რეალურად ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი სამართლებრივი მტკიცებულებანი. დასავლეთი ახალ ხელისუფლებას ურჩევს (ეს რჩევა რასაც ნიშნავს, ყველამ ვიცით) ოქროს შუალედის დაცვას და იმგვარად ლავირებას, რომ დამნაშავე ჩინოვნიკების სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით დევნაში არ გადაიზარდოს.

ასეთ დროს თავმოყვარე ხელისუფლება ვალდებულია, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის სურვილსა და განწყობას გაუწიოს ანგარიში. თუმცა, საერთაშორისო მოცემულობა ყოველთვის არ იძლევა ამის შესაძლებლობას და დიდია ალბათობა, ამჯერადაც ასე მოხდეს. სავარაუდოდ, დამნაშავე ჩინოვნიკთა ნაწილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მაგრამ დიდი ნაწილი (განსაკუთრებით- რამდენიმე ჰიპეროდიოზური ღლავი) შეძლებს ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვებას. ზოგიერთის მფარველად შეიძლება დემოკრატიული დასავლეთი მოგვევლინოს, როგორც ეს მოხდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს დავასახელებ. 22 ოქტომბერს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ახალი პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადება იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა არ აპირებს, ხელი შეუშალოს როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობას. ეს გადაწყვეტილება, რომელიც კეთილი ნების გამოხატულებად მოინათლა, ცხადია, პოლიტიკური მოსაზრებითაა განპირობებული. ამას საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის უტყუარ ბარომეტრს წარმოადგენს. ამაში გასაკვირი არაფერია. საყოველთაოდაა ცნობილი, როგორი ტერორისა და გაყალბების პირობებში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები ზუგდიდში, რა წარმოუდგენელი დარღვევების ხარჯზე ”მოიპოვა” დეპუტატის მანდატი საქართველოში ყველაზე ოდიოზური ძმების მამამ და როგორ უარყო სასამართლომ ხალხის სამართლიანი მოთხოვნა.

როლანდ ახალაიას პარლამენტარობა არის სახეში ჩაფურთხება არა მხოლოდ ზუგდიდელი ამომრჩევლებისთვის. ეს არის ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქის დაცინვა და ლაფის დასხმა. ასეთ დროს იმის ღიად თქმა, რომ უმრავლესობას აღარ აქვს პრეტენზია მის უფლებამოსილებასთან (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნით), მინიმუმ უპასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. პოლიტიკური ქვეტექსტებისა და თამაშების ნიუანსებში ჩაუხედავი ობივატელის ფსიქოლოგიას არ სურს (არც მოეთხოვება), გაერკვეს ამგვარ განცხადებათა დეტალებში. სამაგიეროდ, მას სურს სამართლიანობის აღდგენა და კანონიერების დაცვა, რის დეფიციტსაც მწვავედ განიცდიდა წინა ხელისუფლების დროს. ამის გამო დაუჭირეს ათასებმა მხარი ახალ პოლიტიკურ კოალიციას, ამას ემყარება მათი მოლოდინი და მოცემული დისკურსიდან ნებისმიერი გადახვევა შეიძლება იქცეს გამარჯვებული გუნდისადმი ნდობის დაკარგვის სერიოზულ სტიმულატორად.

+ + +

პირველი ოქტომბრის შემდეგ შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთ, ყველაზე გამორჩეულ და, მე ვიტყოდი, საინტერესო მახასიათებელს ორხელისუფლებიანობა წარმოადგენს.

ორხელისუფლებიანობა, როგორც ძალაუფლებისათვის ჭიდილში ისტორიიდან კარგად ნაცნობი პრეცედენტი, დეტალურადაა შესწავლილი სათანადო პროფილის სამეცნიერო ლიტერატურაში. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანასა და სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში თავნაჩენი სახელისუფლებო ორპოლუსიანობა ყოველთვის როდი იყო შინაგანი კანონზომიერებებით განპირობებული მოვლენა. მის აღმოცენებასა და გრადაციაში ხშირად გადამწყვეტ როლს შემთხვევითი და გარე ფაქტორებიც თამაშობენ. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მისი ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა დროით განისაზღვრებოდა. მიუხედავად ამისა, ორპოლუსიანობაზე, როგორც მოვლენაზე დაკვირვებით მისი ზოგადი კანონზომიერებების განსაზღვრაც შეიძლება.

როდესაც ორ სახელისუფლები პოლუსზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ორხელისუფლებიანობა მონარქიული ან აღმოსავლური დესპოტიების ტიპის სახელმწიფოებში და იგივე მოვლენა არჩევითი სტრუქტურების არსებობის პირობებში. პირველ შემთხვევაში ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს როლი მინიმუმამდეა დაყვანილი და მხოლოდ სტატისტობით გამოიხატება. ასეთ დროს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკური აქტორების განლაგებასა და მოკავშირეებზე, გარედან მხარდაჭერასა და შემთხვევით გარემოებებზეც კი. მეორე შემთხვევაში სრულიად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. საკმარისია ითქვას, რომ ორხელისუფლებიანობა არჩევნებში ამომრჩეველთა ნებით განპირობებულ ბალანსს ემყარება, თანაც - რადიკალურად განსხვავებულია პოლიტიკური დუალიზმის შედეგად წარმოქმნილი ჩიხური სიტუაციის დარეგულირების მექანიზმებიც. შუა საუკუნეებსა და მის წინარე პერიოდებში იგი მთლიანად (ან უპირატესად) უხეშ სამხედრო ძალას ემყარებოდა ხოლმე. დემოკრატიისა და არჩევითი სტრუქტურების ფუნქციობის ხანაში წინა პლანზე სხვა მეთოდები გამოდის. მათი გამოყენებით ზედმეტი გართულების გარეშე ხერხდება ორი სახელისუფლებო პოლუსის კონსტრუქციული თანაარსებობა, ხოლო თუ კრიზისმა გაჭიანურებული ხასიათი მიიღო, მისი განმუხტვა და გადაყვანა სხვა პოლიტიკურ განზომილებაში.

ზემოთქმული რომ უფრო გასაგები იყოს, განვმარტავ. შუა საუკუნეთა (ქრონოლოგია პირობითია) სახელმწიფოში ორხელისუფლებიანობა მართველობის ორ სხვადასხვა, ფაქტობრივად არსებულ რგოლს გულისხმობს, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ეცილებიან და, როგორც წესი, გეოგრაფიულად დაშორებულ ტერიტორიაზე არიან ლოკალიზებული. საილუსტრაციოდ, შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან კარგად ცნობილი ეპიზოდი, როდესაც თამარს სამეფო კარიდან განდევნილი ყოფილი მეუღლე აუმხედრდა და ამ უკანასკნელს, ლამის, მთელმა დასავლეთ საქართველომ დაუჭირა მხარი. ამბოხებულებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ცენტრალურ ხელისუფლებას და სასურველი კანდიდატი გეგუთში მეფედაც აკურთხეს. ეს იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ მემატიანემ გაოგნებულმა დაწერა - ”ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა”-ო.

გიორგი რუსის განდგომის შემდეგ შექმნილი სიტუაცია შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ამბოხებაზე დამყარებული კლასიკური შუასაუკუნეობრივი ორხელისუფლებიანობა. მართალია, იგი დიდხანს არ გაგრძელებულა და სამეფო კარმა ოპერატიული ღონისძიებებით მალევე აღადგინა კონტროლი ქვეყნის დასავლეთ პროვინციებზე, მაგრამ პროცესის ქრონოლოგიური ხანგრძლივობა აქ მეორეხარისხოვანი დეტალია. მთავარია იმ მექანიზმის არსებობა, რასაც შედეგად მოსდევს ხოლმე მსგავსი კრიზისები. ასეთი მაგალითების მოხმობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიიდან მრავლად შეიძლება, მაგრამ ამის საჭიროებას აქ ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება ორხელისუფლებიანობას დემოკრატიულ, ან ზოგიერთი ნიშნით (მაგალითად, ფორმალურად თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები) დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოებში, იგი ტიპოლოგიურად განსხვავებული მოვლენაა და სამხედრო ძალის პრიმატზე დამყარებულ დაპირისპირებას საფუძველშივე გამორიცხავს. მსგავსი ვითარება შეიძლება შეიქმნას რევოლუციების თანამდევ, გარდამტეხ მიჯნაზე, ან, საქართველოს მსგავსად, არჩევნების შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული მანდატების რეალური თანაფარდობა ძალაუნებურად იწვევს ძალაუფლების ფაქტობრივ გაყოფას სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს შორის (ნუ ავურევთ ხელისუფლების გადანაწილების დემოკრატიულ პრინციპში). პირველის კლასიკური მაგალითი XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის დრამატული მონაკვეთია. ნიკოლოზ II-ის გადადგომის შემდეგ ქვეყნის მართვას სახელმწიფო დუმას მიერ შექმნილი დროებითი მთავრობა შეუდგა, თუმცა, იგი რეალურ ძალაუფლებას ვერ ფლობდა მუშათა და ჯარიკაცთა დეპუტატების საბჭოს მხრიდან გამოვლენილი პრესინგის გამო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ რევოლუციის მომდევნო თვეებში საბჭოებში თანდათან გამოიკვეთა ბოლშევიკთა დომინანტური პოზიცია. ისინი ოპოზიციაში ედგნენ ჯერ ლვოვის, შემდეგ კი კერენსკის მთავრობებს. იმდროინდელ საქართველოში სხვაგვარი სიტუაცია იყო. დროებით ხელისუფლებასა (”ოზაკომი”, ამიერკავკასიის კომისარიატი) და საბჭოებს შორის რადიკალური დაპირისპირება არ არსებობდა, რადგამ მათ შემადგენლობაში უმრავლესობას მენშევიკები შეადგენდნენ და ისინი მყარად აკონტროლებდნენ სიტუაციას. ფაქტობრივად, საქმე გვქონდა არა ორხელისუფლებიანობის რუსულ კალკთან, არამედ ორი სახელისუფლებო შტოს კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან (ცხადია, ეს არ გამორიცხავდა ოპონირების ელემენტებს).

ისტორიული ექსკურსი ამით დავასრულოთ. აღარაფერს ვიტყვი გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, რადგან მაშინ, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობამდე საქმე არ მისულა (იმ მცირე მონაკვეთის გამოკლებით, როდესაც კანონიერი მთავრობის მხარდამჭერებმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოახერხეს პუტჩის შემდეგ მოსული ძალადობრივი რეჟიმის სახელისუფლებო სტრუქტურების ბლოკირება, ძირითადად სამეგრელოში, ნაწილობრივ- გურიასა და იმერეთში). ეს ცალკე განხილვის საგანია. ამიტომ, ”პირველსავე სიტყუასა ზედა აღვიდეთ”, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას დავუბრუნდეთ და მისი ძირითადი მახასიათებლები გავაანალიზოთ.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არსებობს რეალური ორხელისუფლებიანობა. ერთ მხარესაა პრეზიდენტი კონსტიტუციურად გარანტირებული, ლამის, ფარაონული უფლებებით (მათ შორის - მთავრობის გადაყენებისა და პარლამენტის დათხოვნის უფლებით), მის მიერ კონტროლირებადი გუბერნატორების ინსტიტუტი და მუნიციპალური მართველობა - მერები, გამგებლები, საკრებულოები. თუ ამას დავუმატებთ ”არჩეულ” და სააკაშვილის ყურმოჭრილ მოსამართლეებს, აშკარაა, რომ არჩევნებში განცდილი ფიასკოს მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ფლობს სერიოზულ პოლიტიკურ ბერკეტებს ვითარების გასაკონტროლებლად.

არანაკლებ სოლიდურადაა წარმოდგენილი არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” კოალიცია. მას გააჩნია უმრავლესობა პარლამენტში, საკუთარი პრემიერი და მის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი ქვედა სახელისუფლებო რგოლებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გუშინდელი ოპოზიციის ხელშია ძალოვანი სამინისტროები, პროკურატურა, იუსტიცია და სახელმწიფო კონტროლის სამსახური. ეს სწორედ ის სტრუქტურებია, რომელთა წარმატებულ და ეფექტურ ფუნქციობაზეა დამოკიდებული მთელი სახელისუფლებო სისტემის სტაბილურობა რეალურად მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისისა და რევანშისტული ძალების მხრივ კანონის ზღვარს გადასული აქტიურობის შემთხვევაში.

ახალი ხელისუფლების პირობებში არანაკლებ ეფექტურ ბერკეტს წარმოადგენს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი იმპიჩმენტის მექანიზმი, თუმცა, ისიც ცხადია, რომ პროცედურული სირთულეების გამო მისი ამოქმედება ძალიან ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც რჩება ეფექტურ კონტრფაქტორად, რომელსაც, დაწყების შემთხვევაში, შეუძლია დაბლოკოს პრეზიდენტის სურვილი არასასურველი პარლამენტის დათხოვნის თაობაზე.

კარგად თუ დავაკვირდებით, დღევანდელ ქართულ ორხელისუფლებიანობაში კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი იკვეთება - იგი არათანაბრადაა ლოკალიზებული ცენტრსა და პერიფერიაში. თუ პირველ შემთხვევაში აშკარად იკვეთება ”ქართული ოცნების” (პარლამენტი პლუს მინისტრთა კაბინეტი) უპირატესობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით, მეორე შემთხვევაში საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მუნიციპალურ დონეზე მართველობა მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ხელშია და იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში გამარჯვებას ოპოზიციამ მიაღწია, რეალურად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ძალთა ბალანსზე.

ნათელია, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობა სრულიად ანომალიური მოვლენაა და მთლიანად ემყარება ყოფილი მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებულ კონსტიტუციურ ბაკქანალიას. არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არჩევნების შემდეგ საქმე ასეთი მახინჯი ფორმით არსებულ ორპოლუსიანობამდე არ მივიდოდა. შეიძლება ვინმე შემედაოს და მითხრას, პოლიტიკური კრიზისები დემოკრატიულად შექმნილი სახელისუფლებო სტრუქტურების მქონე ქვეყნებშიც ჩვეულებრივი მოვლენააო. არ ვდაობ. სამთავრობო კრიზისების კლასიკურ მაგალითს ბოლო პერიოდის იტალიისა და მოლდოვას ისტორია წარმოადგენს, მაგრამ აქ ერთი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი. დასავლეთის ქვეყნებში პიოლიტიკური კრიზისები, უმეტესწილად, კონსულტაციებით, პოზიციების შეჯერებითა და კოალიციური კაბინეტის ჩამოყალიბებით მთავრდება. ასეთი პერსპექტივის კონტურები ქართულ სინამდვილეში არ ჩანს და არც იკვეთება. პრეზიდენტმა და ყოფილმა მმართველმა უმრავლესობამ, რომლებიც ბოლო პერიოდში ნათლად გრძნობდნენ ხელისუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს, წინასწარ იზრუნეს და საკუთარ ინტერესებს მოარგეს კონსტიტუცია. ისინი მხოლოდ სიტყვიერად აცხადებენ, რომ დამარცხება აღიარეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. რეალურად კი ყოფილი ნაციონალური ხელისუფლების ნაშთები დღესაც ისეთივე არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალას წარმოადგენენ, როგორც პირველ ოქტომბრამდე. საპარლამენტო ცხოვრების დებიუტმა აჩვენა, რომ, ბურბონების მსგავსად, მათ ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიმართ ბიოლოგიური ზიზღით შეპყრობილ, რევანშის მომლოდინე პრაიდთან, რომელიც არ ითვალისწინებს და ეგუება ახალ პოლიტიკურ რეალობას. მის გეგმებში არანაირად არ შედის, უმრავლესობასთან ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში განაგრძოს საქმიანობა ქვეყნის აღმშენებლობის მიმართულებით...

ერთი სიტყვით, ხელისუფლების ჯერ კიდევ გავლენიანი სეგმენტი პრეზიდენტის, საპარლამენტო უმცირესობისა და მუნიციპალური რგოლის სახით წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელთანაც კონსტრუქციული თანამშრომლობა/თანაარსებობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ივანიშვილის კაბინეტი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. თუ საქმიანობის პირველ თვეებში ეფექტური ღონისძიებებით არ მოხერხდა ამ დაწყლულებული კერის პოლიტიკური ლოკალიზება, იგი გავრცელებითა და ჯერ კიდევ ჯანსაღი უჯრედების დასნებოვანებით ემუქრება ქვეყნის მთელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმს.

როგორია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივა ორხელისუფლებიანობის პირობებში?

ცვალებად და დინამიურ სიტუაციაში, როდესაც ბევრი რამ ერთდროულად და ერთნაირადაა დამოკიდებული როგორც შინაგან, ასევე საგარეო ფაქტორებზე, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება მჩხიბაობას თუ არა, მისნობას მაინც უტოლდება. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა გაანალიზებაც შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით მაინც განისაზღვროს ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლისა და ქვეყნის ნორმალურ (ან ისევ არანორმალურ) კალაპოტში დაბრუნების რამდენიმე სავარაუდო მიმართულება.

ის, რომ ნაციონალური მოძრაობა იხტიბარს არ იტეხს და რევანშისთვის (ყურადღება მიაქციეთ, რევანშისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ეს პრინციპულად განსხვავებული ცნებებია) ემზადება, უკვე აღვნიშნეთ. რას ემყარება ეს მოლოდინი?

მხოლოდ ძალაუფლების განუზომელ წყურვილს, როგორც ჰედონისტური სიამოვნებების დაკმაყოფილების წყაროს?

ყოფილი მმართველი გუნდის ლტოლვა შეუზღუდავი ხელისუფლებით ტკბობისაკენ კარგად ცნობილი ამბავია. ამის შესანიშნავ მაგალითს იერარქიის საშუალო და დაბალ საფეხურებზე მდგომ აქტივისტებს სახელისუფლებო ელიტა აძლევდა, პირველ რიგში- პრეზიდენტი. მისი აღვირახსნილი ცხოვრების წესის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან მესამედიც რომ მართალი იყოს, ნათელია - საქმე გვაქვს XXI საუკუნის კალიგულას მინიმოდელთან. ამდენად, არგუმენტი, რომელიც ზემოთ დავასახელე, საკმაოდ საფუძვლიანია, შესაძლოა, გადამწყვეტიც, მაგრამ არა ერთადერთი.

სააკაშვილსა და მის ხროვას პრაგმატიზმი ნამდვილად არ გაეკილებათ. მათ, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, შესანიშნავად იცოდნენ, როგორი რეიტინგი ჰქონდათ ბოლო წლებში, განსაკუთრებით- 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. ცხადია, ისიც იციან, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებში, რეალურად, ხმათა მხოლოდ 20-25% მიიღეს, ისიც ტერორისა და გაყალბების სახელმწიფო მექანიზმის ტოტალური გამოყენების პირობებში. პრეზიდენტს მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით შეუძლია სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევა, პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. დიახ, მას აქვს ამის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ განმეორებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა კიდევ უფრო მიზერულია, ვიდრე პირველ ოქტომბერს. გაცილებით რეალურია შანსი, რომ გავლენადაკარგულმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ პირობებში ბარიერიც კი ვერ გადალახოს და წინამორბედის (მოქალაქეთა კავშირის) ბედი გაიზიაროს.

ვფიქრობ, ყოფილი მმართველი გუნდის ერთადერთ მაშველ რგოლს, პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას ამგვარი პერსპექტივა გაცნობიერებული აქვთ და თუ მაინც სამომავლო გეგმებს სახავენ, სავარაუდოდ- რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

პირველ რიგში, მათი იმედი დამყარებულია ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურულ ძლიერებაზე, შინაგან შეკრულობასა და სეისმომედეგობაზე. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, ჯერჯერობით, ეს ნამდვილად ასეა. ნაციონალური ბირთვი თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის წიაღში ჩაისახა/დაფრთიანდა, მაგრამ გაცილებით ფხიანი და მოტივირებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი გამზრდელი. ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წელმა დაადასტურა, რომ მის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი ერთგულება იდეოლოგიური პლატფორმისადმი, სამაგიეროდ სახეზეა ყველა სხვა მონაცემი ერთიან, მობილურ გუნდად არსებობისთვის. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეს გუნდი საკმაოდ მონოლითურად გამოიყურებოდა. არჩევნების მომდევნო პერიოდში შექმნილმა რეალობამ მასზეც მოახდინა გავლენა, თუმცა იმის თქმა, რომ დაშლის შეუქცევადმა პროცესმა პიკს მიაღწია, ნაადრევია. ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ ძლიერია და ეს გარემოება, პირველ რიგში, საფრთხის გაცნობიერებულ მოლოდინს უკავშირდება. ვფიქრობ, უდანაშაულობის პრეზუმფციას მაინცდამაინც არ დავარღვევ(პუბლიცისტისთვის დასაშვებ დონეზე მაინც), თუ ვიტყვი, რომ სახელისუფლებო კიბის სხვადასხვა საფეხურზე მდგომ მოხელეთა (მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და აქტივისტი იყო) დიდ ნაწილს აქვს გადალახული კანონიერების ზღვარი და, ბუნებრივია- სათანადო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოლოდინიც. ეს განსაკუთრებით საგრძნობია შუა და ზედა ეშელონებში. რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, პროკურატურასა და მოსამართლეთა კორპუსს, აქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. ”ვერის უბნის მელოდიების” ცნობილი სიმღერის არ იყოს - ”თეთრია თუ შავია, ყველა დამნაშავეა, და-სა-ჭე-რი-ა!” ეს ახალგაზრდა, მტაცებლური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები იმდენად არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული დიდი ფულითა და სისხლით, მათი დაცილება ყოვლად წარმოუდგენელია. მათ იციან, რომ ან ერთად გამოძვრებიან, ან ერთად ჩაჯდებიან. ყველა შემთხვევაში, ჯერ ისინი ერთად არიან...

შეიძლება იკითხოთ, 2003 წელსაც ხომ მსგავსი სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინდელ მოქკავშირს არ აღმოაჩნდა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარიო.

2003 და 2012 წლებს შორის მსგავსებაზე მხოლოდ პირობით შეიძლება საუბარი. ჯერ ერთი, სააკაშვილის რეჟიმი გაცილებით უფრო სისხლიანია. მის კისერზე ბევრად მძიმე დანაშაულებია, ვიდრე წინამორბედ პერიოდში. შესაბამისად- განსხვავებულია (უფრო მძაფრი) სავარაუდო პასუხისმგებლობის მოლოდინიც. მეორე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ნაცმოძრაობის ბოსებს, მოქკავშირელებისგან განსხვავებით, ნაკლებად აქვთ ჩადენილ დანაშაულთა ”შეტყაპუნებისა” და ახალ მმართველ გუნდთან უმტკივნეულოდ შერწყმის გარანტია. 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა თვისებრივად ახალი, მაგრამ მენტალურად იგივე ძალა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გამოეყო მოქკავშირის წიაღს. ხატოვნად რომ ვთქვათ, რეამ კრონოსს დაუმალა უმცროსი ვაჟი და მის ნაცვლად ტილოში გახვეული ლოდი გადააყლაპა. რამდენიმე წლის შემდეგ წამოზრდილმა ზევსმა დაამხო კრონოსი და თვითონ დაეუფლა ოლიმპოს მწვერვალს. რეალურად, კრონოსიცა და ზევსიც ერთი სამყაროს ადეპტები იყვნენ. მათ შორის არ არსებობდა მსოფლმხედველობრივი გაუცხოების ბარიერი.

სწორედ ამან განაპირობა ის გარემოება, რომ რომ ყოფილი მოქკავშირული ელიტა, მომყოლითურთ, ახალი შლიუზის გახსნის შემდეგ უპრობლემოდ გადაედინა ნაცმოძრაობის არხში. ამჟამად სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ხელისუფლებაში მოვიდა მენტალურად არა ”ნაცმოძური” ძალა. მართალია, მის შემადგენლობაში არის ერთი მოზრდილი სეგმენტი, რომელიც ოთხი წლის წინ სახელისუფლებო წიაღიდან იშვა და ოპოზიციაში გადავიდა (ალასანიას ”თავისუფალ დემოკრატებს” ვგულისხმობ), თუმცა განვლილი პერიოდის გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აღარ არის მსოფლმხედველობრივად ნაციონალური ელემენტი. ალასანიას გუნდისა და სააკაშვილის გარემოცვის ”ნათესაობა” მეტრიკული ჩანაწერებით იწყება და მთავრდება. სხვა საერთო მათ უკვე აღარაფერი აქვთ. რაც შეეხება ახალი სახელისუფლებო კოალიციის დანარჩენ წევრებს (ივანიშვილის გუნდი, რესპუბლიკელები, ფორუმელები, მრეწველები, კონსერვატორები, ინდივიდები), მათზე საუბარიც კი ზედმეტია. ესაა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ”ქართულ ოცნებას” არ სურს და არც შეუძლია, მოახდინოს ყოფილი მმართველი ელიტის წარმომადგენელთა უმტკივნეულო ინკორპორაცია. სწორედ ამის შეგნება უძლიერებს სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ყველაზე ოდიოზურ ადეპტებს ერთად ყოფნის ჟინს. მათ, რუსული ფრთიანი გამოთქმის არ იყოს, ერთადერთი სლოგანი აერთიანებთ- ”უმირატ, ტაკ ს მუზიკოი”.

სავარაუდოდ, სააკაშვილის გუნდის მოლოდინი საშინაოზე მეტად საერთაშორისო ასპარეზზე მისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უკავშირდება. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში. საქართველოს პრეზიდენტს ყოველნაირი საფუძველი აქვს, უკმაყოფილო იყოს ვაშინგტონის ახლანდელი ადმინისტრაციის მოქმედებით. საიდუმლო არავისთვის არაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნებასთან ერთად სწორედ ობამას ხისტმა პოზიციამ და ელჩ ნორლანდის უპრეცედენტო აქტიურობამ განსაზღვრა პირველი ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგი და ხელი ააღებინა სააკაშვილს ძალის გამოყენების განზრახვაზე. იგი, კარგა ხანია, არ თვლის დემოკრატებს საკუთარ მოკავშირედ და რუსეთის მიმართ გაცილებით რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელები უფრო ემშობლიურება. თუ ნოემბრის არჩევნებში ისევ ობამამ გაიმარჯვა, სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ვადაზე ადრე დატოვებს თანამდებობას. რომნის გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგი გააქტიურდება და ეცდება, ხელიდან არ გაუშვას პარლამენტის დათხოვნის სააპრილო შანსი...

+ + +

დღეს, როდესაც ქართული საზოგადოების პოლიტიზაციის ხარისხი უპრეცედენტოდ მაღალია, ყველას აწუხებს პასუხი კითხვაზე - რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პროცესები ორხელისუფლებიანობის პირობებში? შეძლებს პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლებმოსილების გამოყენებით შემოატრიალოს საქმე და ისევ უმრავლესობაში დააბრუნოს ნაციონალური მოძრაობა, თუ ”ქართული ოცნება” წარმატებით დააგვირგვინებს ერთი წლის წინ დაწყებულ საქმეს?

ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ორივე მხარე სერიოზულ სახელისუფლებო ბერკეტებს აკონტროლებს, რომელთა გამოყენებითაც, სულ მცირე, შეუძლიათ არსებული წონასწორობის შენარჩუნება. თუმცა, ალბათ, ესეც დროის ამბავია. სიტუაცია იმდენად დინამიურია და პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, გამორიცხული არაა, წლის ბოლომდე კარდინალურად განსხვავებული სურათი ვიხილოთ.

რა მაქვს მხედველობაში?

პირველ რიგში, ის, რაც თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთ, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილ მახასიათებლად იკვეთება. ყოფილმა მმართველმა გუნდმა არა თუ პირველი ოქტომბრის, უკვე 18 სექტემბრის შემდეგაც კი (ამ დღეს გამოქვეყნდა პატიმართა წამების ამსახველი კადრები) ხელიდან გაუშვა სტრატეგიული ინიციატივა. მართალია, ეს წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მაგრამ მსგავს სიტუაციებში ამ გარემოებას, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აქ შეიძლება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რამაზ გიორგობიანის პერსონაჟი არაჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან - ”სერენადა”, რომელიც თავიდან აშკარად წამგებიან, გალახულ პოზიციაში იყო, მაგრამ მტკიცე ხასიათით, ნებისყოფითა და მეთოდური, გამოზომილი ნაბიჯებით მიაღწია გადამწყვეტ უპირატესობას მასზე ათი თავით აღმატებულ, ზონზროხა ოპონენტზე. ფილმის დასკვნით ეპიზოდში ფსიქოლოგიურად განიარაღებული საწყობის გამგე იმდენად დადამბლავებულია, რომ სახეში რამდენიმეგზის გალაწუნების შემდეგ ხელის შებრუნებასაც კი ვეღარ ახერხებს. ცხადია, მას ჯერ კიდევ გააჩნია სათანადო ფიზიკური ძალა, მაგრამ დაკარგა ის ”ოფსილა”, რის გარეშეც ნებისმიერი წამოწყება მარცხისთვისაა განწირული.

სრულიად აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა მინორში გადავიდა. ეს იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ეს სრულიად აშკარა იყო ავლაბრის რეზიდენციაში, სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულ მინი-ბრიფინგზე, სადაც მანამდე მრისხანე და მზვაობარი პრეზიდენტი კუთხეში ატუზული, ნაცემი ბავშვივით უსმენდა ტანდაბალ ოპონენტს. ეს ტენდენცია დაეტყო სამთავრობო ტელევიზიებს. იგი განსაკუთრებით საგრძნობია პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც უმცირესობის დეპუტატები წინასწარ დამუღამებული გრიმასებითაც კი ვეღარ ახერხებენ მოღრეცილი ფიზიონომიის გასწორებას. ვიზუალურადაც და ვერბალურადაც თვალსაჩინოა, რამდენად დემორალიზებულია მათი მსჯელობა და არგუმენტები. მიკროფონთან ისინი, უბრალოდ, სასაცილოები არიან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ახალი საკანონმდებლო ორგანოს ნაციონალური უმცირესობა კოლექტიურ გურამ ჩახვაძეს წარმოადგენს, ოღონდ ლეგენდარული ედეპეელისგან განსხვავებით - ბოღმიანს, საკუთარი უმწეობით გაბოროტებულსა და აგრესიულს. სააკაშვილის ყოფილი ოპრიჩნიკები ისეთ სიმყრალეს აფრქვევენ, რესპირატორის გარეშე ტელეეკრანთან გაჩერებაც კი ძნელია. ნამდვილად არ მშურს ახალი უმრავლესობის წევრების, რომლებსაც ამდენი პოლიტსკუნსის გარემოცვაში უწევთ კანონშემოქმედებითი საქმიანობა. მათ ნამდვილად ეკუთვნით ”ბესპლატნოე მალაკო ზა ვრედნუიუ რაბოტუ” და, იმედია, ბ-ნი უსუფაშვილი გაითვალისწინებს ამ გარემოებას.

ძნელი წარმოსადგენია, რამდენად შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია საქართველოში ისე, რომ საბოლოო სურათი ”სერენადას” ფინალურ ეპიზოდს დაემსგავსოს. ყოფილი მმართველი გუნდის დანაშაულებრივი ბეგრაუნდისა და რევანშისტული მისწრაფების გამო შერიგება-მორიგების შანსი მინიმალურია (მოდი, გამოტეხილად ვთქვათ - ამის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ არსებობს). ყველა მონაცემის მიხედვით, არსებული ”სტატუს-ქვო” მალე დაირღვევა და ამისი პირველი ნიშნები სახეზეა. მხედველობაში მყავს პოლიტკალიებისა და ნაირნაირი ჯურის მედროვეთა ჯოგი, რომელმაც, სიტყვიერი განცხადების დონეზე უკვე დაიწყო ყოფილი მმართველი გუნდისგან დისტანცირება და გამარჯვებული კოალიციისთვის კბილის მოსინჯვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე ოდიოზური მაღალჩინოსნების ნაწილმა ქვეყანა დატოვა და სხვებს ბარგი შეკრული აქვთ, სავარაუდოდ, ნაციონალური რღვევის ტენდენცია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროცესის დასაჩქარებლად კატალიზატორის როლის შესრულება შეუძლია გენერალურ პროკურატურას, რომელიც მალე შეუდგება მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ ამას უკვე უახლოეს მომავალშივე მოჰყვება საზოგადოებისათვის შოკის მომგვრელი ფაქტების გამოაშკარავება.

აქვს თუ არა რაიმე რესურსი ნაციონალურ მოძრაობას სიტუაციის შემოსაბრუნებლად?

რესურსი, ცხადია, არსებობს, თუმცა, ხელიდან გაშვებული ინიციატივის გათვალისწინებით, მისი მნიშვნელობა მინიმუმამდეა დასული. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ საკანონმდებლო სივრციდან გაუსვლელად ამისი შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. კიდევ უფრო წარმოუდგენლად მეჩვენება ხელისუფლების არაკონსტიტუციური მეთოდებით დაბრუნების რაიმე მცდელობა. ჯერ ერთი, ამას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წარმოუდგენელი რისხვა დახვდება წინ. დიდი შანსია, ახალი დროის როიალისტების ვანდეური ავანტურა მათივე ფიზიკური განადგურებით დასრულდეს. ესეც არ იყოს, ძალოვანი უწყებანი უკვე გამარჯვებული გუნდის ხელშია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს პრეცედენტს უეჭველად შეხვდება გადაულახავი წინააღმდეგობა საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში- შეერთებული შტატების მხრიდან. განვლილმა საპარლამენტო არჩევნებმა უკვე აჩვენა, რომ დასავლეთი მყარად აკონტროლებს სიტუაციას საქართველოში და აქ სამოქალაქო დაპირისპირებას (მით უმეტეს- იარაღის გამოყენებით), არავინ დაუშვებს.

სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ტენდენციამ გამოკვეთილი სახე უკვე მიიღო. ყოფილი მმართველი გუნდი ფუნქციობის მილევად რეჟიმშია გადასული და, სავარაუდოდ, ჩვენი უახლესი ისტორიის კიდევ ერთი, სამარცხვინო ფურცელი მალე ახალ გვერდზე გადაიშლება.