ზვიად ავალიანი:  ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც საქართველოსაც შეეხება - POSTV-ანალიტიკა (ვიდეო)

ზვიად ავალიანი:  ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც საქართველოსაც შეეხება - POSTV-ანალიტიკა (ვიდეო)

პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი 2019 წლის ზაფხულში საერთაშორისო ურთიერთობებში გამოკვეთილ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციაზე ინტერნეტტელევიზია POSTV ანალიტიკურ გადაცემაში საუბრობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება რუსეთს და შესაბამისად, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოზე.

„ 2019 წლის ზაფხული გარკვეულწილად შეგვიძლია რუსეთის ზაფხულადაც კი გამოვაცხადოთ და ამის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება თუნდაც მხოლოდ ორი ფაქტის გახსენება - 25 ივნისს რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ე. წ. დიდი შვიდეულის ქვეყნებს აღნიშნულ ფორმატში რუსეთის დაბრუნებისკენ მოუწოდა. ნიშანდობლივია, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების ჩამორთმევაც და დიდი შვიდეულიდან, ან როგორ მაშინ უწოდებდნენ დიდი რვიანიდან გამოთიშვაც 2014 წელს მოიაზრებოდა, როგორც ერთგვარი სანქცია ყირიმის ანექსიის გამო. ახლა 2019 წელია და ყირიმში არაფერი შეცვლილა - რუსეთი ამ ტერიტორიას ფედერაციის განუყოფელ ნაწილად თვლის, თუმცა დასავლეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება აშკარად იცვლება და ამ ცვლილების არდანახვა უკვე შეუძლებელია. ნიშანდობლივია ისიც, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას მხარს უჭერს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ან პირადად პრეზიდენტი ტრამპი, არამედ რიგითი მოქალაქეები და მათ შორის ევროპელებიც, რაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ფრანგული ფიგაროს გამოკითხვამ. მეტიც - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკელები ბუნებრივია საერთოდ არ არიან წარმოდგენილები და გადაწყვეტილებებს ევროპელი პოლიტიკოსები იღებენ, თუმცა, რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში მაინც დააბრუნეს. ერთი სიტყვით - ჯობია დავივიწყოთ შეთქმულების თეორიები ტრამპსა და პუტინს შორის ვითომდა არსებულ ფარულ კავშირებზე და გავაანალიზოთ რეალური ფაქტები" - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ვაშინგტონში, პარიზში და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება მართლაც იცვლება, თუმცა ჩვენი პოლიტიკური, ექსპერტული და ჟურნალისტური წრეები ამ ცვლილებებს როგორც წესი ვერ ხსნიან, რადგან მათი უდიდესი ნაწილი მხოლოდ ცივი ომის რეჟიმზეა დაპროგრამებული და შესაბამისად ეს ტენდენციები მათთვის მხოლოდ პიროვნული ახირებები ან მაქსიმუმ დროებითი გადახვევებია იმ ომის გზიდან, რომელიც თითქოსდა რუსეთსა და დასავლეთს შორის მარადიულად მიმდინარეობს.

„ცხადია ამ მოსაზრებას, თუკი მას საერთოდ შესაძლებელია მოსაზრება ვუწოდოთ, არაფერი აქვს საერთო რეალურ ისტორიასთან ან პოლიტიკასთან. სინამდვილეში ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის ხასიათდებოდა ციკლური ბუნებით სადაც კონფრონტაციის ფაზას ცვლიდა კოოპერაციის ფაზა და პირიქით - ანუ პრინციპში ხდებოდა იგივე, რაც ხდებოდა და ხდება ნებისმიერ მსხვილ გეოპოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობაში" - ამბობს ავიად ავალიანი.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ის რაც დღეს ხდება სრულებითაც არ არის არც შემთხვევითი და არც სუბიექტური ფაქტორით განპირობებული მოვლენა.

„საინტერესოა, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ? ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და შევეგუოთ იმას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პერიოდულად დათბება და ჩვენ კი არ უნდა გავბრაზდეთ ამ დათბობის გამო, არამედ პირიქით, მზად უნდა შევხვდეთ ამ ცვლილებას და ერთ მხრივ უნდა გამოვიყენოთ იგი ჩვენი პრობლემების შესატანად დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ხოლო მეორე მხრივ თავადაც უნდა დავიწყოთ დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ გლობალური პოლიტიკური ტენდენციების მიღმა და სამუდამოდ ჩავრჩეთ ცივი ომის რეჟიმში, სადაც ჩვენ ნამდვილად ვერაფერს მოვიგებთ"- მიიჩნევს პოლიტოლოგი.