(გაგრძელება)
ქართული პოლიტიკის ახალ რეალობაზე საუბრის დროს როგორ არ გავიხსენოთ გასული საუკუნის შუა ხანების დასავლურ სამყაროში უაღრესად პოპულარული მოაზროვნე ჰერბერტ მარკუზე და მისი მოძღვრება, რომელიც სოციოლოგიურ ლიტერატურაში მარკუზიანელობის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს თეორია სისტემური განქიქების საგანს წარმოადგენდა საბჭოთა საზოგადოებათმცოდნეობაში და ამ საქმეში მცირეოდენი წვლილი თქვენს მონა-მორჩილსაც მიმიძღვის, როდესაც 1981 წელს, მეცკომის ღრმად კომუნისტი ლექტორის რჩევა-დავალებით სტუდენტთა სამეცნიერო წრეში წასაკითხად სპეციალური რეფერატი მოამზადა მარკუზეს შეხედულებათა ”გამანადგურებელი” კრიტიკით. იმედია, არ მიწყენთ ამ უკბილო თვითირონიულ გაფრენს (გიორგი ნიკოლაძის მიერ დამკვიდრებული ნეოლოგიზმია და ექსკურსს ნიშნავს). მით უფრო, მაშინ, როცა მარკუზიანელობის ამოსავალ პოსტულატს გაეცნობით, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი განეწყობა სიმპათიით ამ ”უსახელო” (მარქსთან შედარებით) მოაზროვნის მიმართ.
მოკლედ, საზოგადოებრივი განვითარების პროცესის ანალიზმა ბ-ნი მარკუზე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ისტორიული პროგრესის მამოძრავებელი ძალა არც ინტელიგენციაა, არც გლეხობა და მით უმეტეს - არც პროლეტარიატი, არამედ - ახალგაზრდობა (განზოგადებულად - ახალგაზრდული ძალა და ენერგია). თუ ამ ცნების მნიშვნელობას კიდევ უფრო დავავიწროვებთ, სტუდენტობას მივადგებით, რომელიც მართლაც ხშირად თამაშობს ხოლმე კატალიზატორის როლს შინაგანად მომწიფებული პროცესების განვითარებაში. ევროპული ანალოგები რომ არ მოვიშველიოთ (განსაკუთრებით - XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულის ფრანგი ახალგაზრდობის ცნობილი ბუნტი), საქართველოს უახლესმა ისტორიამაც რამდენჯერმე დაადასტურა აღნიშნული სოციალური კატეგორიის განსაკუთრებული აქტიურობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით კრიტიკულ მომენტებში (გავიხსენოთ 1956 წლის მარტის, 1978 და 1989 წლების აპრილის ცნობილი მოვლენები). თუმცა, სტუდენტობის ბოლო, მკაფიოდ გამოკვეთილი საზოგადოებრივი აქტივობის შემდეგ 23 წელი გავიდა და ეს ფენომენი სოციუმის მეხსიერებაში თანდათან მიეცა დავიწყებას.
მწვავე აუცილებლობის მიუხედავად, ახალგაზრდობა ბოლო ოცწლეულში, რატომღაც, ნაკლებად იტკიებდა თავს საჭირბოროტო პრობლემებით. ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ არაორაზროვნად მიუთითა მათ ჰედონისტური განცხრომისკენ (იგულისხმება პრეზიდენტ სააკაშვილის ყბადაღებული მოწოდება ბუჩქებისკენ). გამოტეხილად ვიტყვი - მე, როგორც მოქალაქეს, ეს გარემოება განსაკუთრებით მაღელვებდა. ერთი პირობა ისეთი შთაბეჭდილებაც კი შემექმნა, რომ ეროვნული ტრადიციების წარყვნაზე გამეცადინებულმა ხელისუფლებამ საბოლოოდ წაგვგლიჯა ხელიდან ახალგაზრდა თაობა. განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა პრეზიდენტ გამსახურდიას გადმოსვენების პროცესიის ხილვამ, რომლის მონაწილეთა შორის, უმეტესწილად, საშუალო და საშუალო ასაკს გადაცილებული, თმაშევერცხლილი ადამიანები სჭარბობდნენ. ახალგაზრდობის, მით უმეტეს, სტუდენტობის პროცენტული წილი შორს იდგა სასურველისგან 2007 წლის ნოემბრის, 2008 წლის იანვრისა და 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მასობრივი აქციების დროსაც. 2011 წლის მაისის დღეებში ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის წინ უპირატესად უფროსი თაობის ადამიანები იდგნენ.
საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა, რაც ნათლად დაადასტურა არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე პატიმართა წამების თაობაზე ტელევიზიით ნაჩვენები კადრების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა. სტუდენტთა მასობრივი აქციები, რაც ამ ფაქტს მოჰყვა, იყო 1978 წლის აპრილის გამოძახილი და სრულიად ახალი შტრიხი საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო მოძრაობის ისტორიაში. ეს იყო განსხვავებული ფენომენი, რომლის მსგავსსაც, დაბეჯითებით ვიტყვი, არ იცნობს საქართველოს ისტორია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
სტუდენტობა მოგვევლინა არა როგორც, ზოგადად, სახალხო მღელვარების შემადგენელი ერთი სეგმენტი, არამედ სრულიად დამოუკიდებელი ძალა. მას ეყო სიბრძნე, არ მოეხდინა საკუთარი თავის ასოცირება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ხელისუფლებისთვის ფორმალური საბაბიც კი არ მიეცა რეპრესიების დასაწყებად. მე თვითონ გახლდით უნივერსიტეტის ბაღში და ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული რამდენიმე აქციის შემსწრე და დამკვირვებელი, რომლის მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას (დაახლოებით 90-95%) 18-22 წლის ახალგაზრდები (თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები) წარმოადგენდნენ. მახსოვს, როგორ დაბეჯითებით სთხოვდნენ ისინი აქციის მონაწილეებს, თავი შეეკავებინათ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის დემონსტრირებისგან.
სწორედ სტუდენტურმა აქციებმა განაპირობა ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა ხელისუფლების დემორალიზაცია და უმწეობა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ უძლურად გაიბრძოლა (მხედველობაში მაქვს რამდენიმე ლიდერის დაკავება) და მალევე სრული კაპიტულაცია გამოაცხადა მისთვის სრულიად მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პრეცედენტის წინაშე. სააკაშვილის ხელისუფლება თვლიდა, რომ პატრიოტთა ბანაკების ორგანიზებით ყველაზე მეტი მომხრე ახალგაზრდა თაობაში ჰყავდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. სტუდენტებმა მას არაორაზროვნად განუცხადეს, რომ არასოდეს შეეგუებიან ტრადიციულ ფასეულობათა ხელყოფას, ძალადობას ღირსებასა და პიროვნულ თავისუფლებაზე.
ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო სტუდენტური მოძრაობის როლი წინასაარჩევნო პროცესებში. თუმცა, მე, პირადად, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისტორიულ პერსპექტივაში განვიხილავ. 2012 წლის სექტემბრის ბოლო დეკადა არის საქართველოს ახალგაზრდობის, როგორც ქვეყნის საიმედო მომავლის ბრწყინვალე ილუსტრაცია. ესაა უმკაცრესი გაფრთხილება ყველა მომდევნო ხელისუფლების მიმართ, თუ ისინი დაივიწყებენ წარსულ გამოცდილებას და კვლავ ეცდებიან, თავს მოახვიონ ქვეყანას ავტორიტარული, პიროვნული ღირსებისა და თავისუფლების შემლახავი რეჟიმი.
+ + +
აქვე, არ შემიძლია გვერდი ავუქციო ქართული საზოგადოების საპროტესტო მოძრაობის ისეთ ახალ ელემენტს, როგორიცაა სამღვდელოების ღია ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში.
თუ არ ვცდები, სულკურთხეული ამბროსი ხელაიას შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიას ასეთი პრეცედენტი აღარ ჰქონია. 1922 წელს, გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ერის სულიერი მწყემსის მიერ გაგზავნილი წერილი გახლდათ იმის ნათელი დასტური, რომ ეკლესიას არა თუ შეუძლია, ვალდებულიცაა, მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში ღიად ამცნოს მრევლს ამის თაობაზე.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით ჩვენი ეკლესიის ბოლოდროინდელი საქმიანობა საკმაოდ ბევრ უსიამოვნო ასოციაციას აღძრავს. არ ვიცი, საზოგადოების რა ნაწილის აზრს გამოვხატავ, მაგრამ, ვფიქრობ, ამის თაობაზე ღირს გახსნილად საუბარი. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი 1991-1992 წლების ზამთარი, როდესაც სასულიერო ელიტამ უჩვეულოდ ინერტული (იქნებ შემწყნარებლურიც) პოზიცია დაიკავა სამხედრო გადატრიალების მიმართ. ეკლესიის დუმილი პუტჩის ორგანიზატორებმა წახალისებად ჩათვალეს და გაასკეცებული ენერგიით განაგრძეს ბრძოლა კანონიერი ხელისუფლების დასამხობად. არც ეკლესიის მიერ სამეგრელოს რამდენიმეგზისი ველური დარბევის წინააღმდეგ გამოცხადებული პროტესტი მოუსმენია ვინმეს. სამაგიეროდ, გაოგნებულ საზოგადოებას ახსოვს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ფილარმონიაში, მხედრიონის ლიდერის საიუბილეო საღამოზე წარმოთქმული სიტყვები- ”ჯაბას გზა, ეს საქართველოს გზაა...”
იმ დღეებში ბევრისგან გავიგონე- თუ ჯაბას გზა საქართველოს გზაა და ერის სულიერი მწყემსი ამ მიმართულებით მირჩევს სიარულს, მე, როგორც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ვერ მივიღებ ასეთ დამოძღვრასო.
ეკლესიის საკითხი სრულიად სხვა საუბრის თემაა და ამ მიმართულებით ჩაღრმავება წინამდებარე ბლოგტექსტის მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს. ერთი წლის წინ, განსხვავებული კონფესიების საკითხთან დაკავშირებით გამოწვეულმა ვნებათაღელვამ და ამის თაობაზე წმინდა სინოდში გამართულმა კენჭისყრამ ნათლად აჩვენა, რომ საეკლესიო ზედაფენებში კონფორმისტულად განწყობილი ელემენტი ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვედგინა. ცხადი გახდა, რომ პატრიარქი და მისი მომხრეები სულაც არ წარმოადგენენ უმრავლესობას და საერო ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძია მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გატარება სასულიერო იერარქთა დიდი ნაწილის ლოცვა-კურთხევით.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართული ეკლესიის ჯანსაღმა ნაწილმა და, რაც მთავარია - კათოლიკოს-პატრიარქმა, შეძლეს საკუთარ თავში ძალების პოვნა მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად. ერის მწყემსმთავარი ამას გამოზომილად და დიპლომატიურად აკეთებდა, რისი ნათელი დასტურიცაა ბოლო წლების ქადაგებანი, განსაკუთრებით- სააღდგომო ეპისტოლენი. ზოგიერთი იერარქი (მაგალითად, მეუფე იობი) გაცილებით უფრო რადიკალური იყო თავის გამონათქვამებში და ღიად მოუწოდებდა მორწმუნეებს, წინ აღსდგომოდნენ უსამართლობას.
ბუნებრივია, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში ამას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ელემენტები ხმამაღლა ალაპარაკდნენ ეკლესიის მიერ დანერგილ რელიგიურ ობსკურანტიზმსა და საერო ცხოვრებაში სასულიერო პირების ჩარევის მიზანშეუწონლობაზე. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა, პირიქით, ყოველნაირად მიესალმებოდა ამგვარ ტენდენციას. თქვენი მონა-მორჩილი, წინამდებარე ბლოგტექსტის ავტორი, ჩემი შეხედულებებით სწორედ მეორე კატეგორიას განეკუთვნება.მე ვთვლი, რომ ეკლესიამ, როგორც საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ძლიერი გავლენის მქონე ფენომენმა, არასოდეს უნდა თქვას უარი სამოქალაქო აქტივობაზე, თუნდაც ამან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური ფორმა მიიღოს. ეს არ არის ახირება, ან რელიგიური ინსტიტუტის ფუნქციის უკუღმართი გაგება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია სწორედაც რომ ამ მოსაზრების მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს. საამისოდ წარსულიდან უამრავი მაგალითის გამოხმობა შეიძლება. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად, ხამს, გავიხსენოთ შიომღვიმელი ბერების მოქმედება დავით აღმაშენებლისა და განდგომილი ძაგან აბულეთის ძის დაპირისპირების ეპიზოდში. ამის თაობაზე უფრო ვრცლად ერთხელ უკვე დავწერე ამავე საიტზე გამოქვეყნებულ ბლოგტექსტში- ”დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა”.
ქართულმა საზოგადოებამ კარგა ხანია შეაჩვია თვალი იმ გარემოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უაპელაციოდ არღვევდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონკორდატს და, საერთოდაც, სათანადო პატივისცემით არ ეპყრობოდა რელიგიურ ინსტიტუტებს. გლდანის ეკლესიის დარბევა, ფერიას მთაზე მდებარე ტაძრის მშენებლობის ხელყოფა, დმანისსა და ყინწვისში განხორციელებული პოლიციური ოპერაციები (ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის ელემენტებით), საერო მაღალჩინოსანთა (ქალაქის მერის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის, კუდ-ისა და საკრებულოს თავმჯდომარეთა მოადგილეების...) რეგულარული ვიზიტები საპატრიარქოში მოხუც პატრიარქზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით ზემოთქმულის მკაფიო დადასტურებაა. ასეთ პირობებში ეკლესიის საპასუხო რეაქციას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული საპროტესტო ხასიათი, რაც გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევდა არა მხოლოდ ნეიტრალურად განწყობილ, მორწმუნე საზოგადოებაშიც კი.
ამ თვალსაზრისით გარდამტეხი მიჯნა ისევ და ისევ 2012 წლის სექტემბერი აღმოჩნდა. ნიშანდობლივია და, ერთგვარად, პარადოქსულიც, რომ აწ უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული შავი ბერების ღია დემარში (მხედველობაში მაქვს გაერთიანება ”დავითიანის” მიერ ორგანიზებული აქციები), რომელიც საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეთა უჩვეულო მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა, შედეგად მოჰყვა არა ხელისუფლების მიერ საეკლესიო საქმეებში უხეშ ჩარევას, არამედ პატიმართა წამების თაობაზე ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტებს. სწორედ ესაა სრულიად ახალი და მანამდე არნახული მასშტაბის მქონე პროტესტის ტალღა და ის გარემოება, რომ მისი გამომწვევი მიზეზი საერო ცხოვრებაში მომხდარი ანომალიური მოვლენები იყო, თვით ამ მოძრაობის უაღრესად პოზიტიურ ელემენტს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ბერების აქტიურობა, შესაძლოა, მიუღებელი გამხდარიყო და მხარდაჭერის ნაცვლად, გაკიცხვაც დაემსახურებინა. ობივატელური ფსიქოლოგია, უმეტესწილად, კრიტიკულადაა განწყობილი, როცა ვინმე, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, პირადი (ამ შემთხვევაში- ეკლესიის) ინტერესების ხელყოფის გამო ამოიღებს ხმას. სამაგიეროდ, იგივე ფსიქოლოგია ყოველთვის პოზიტიურად აღიქვამს სხვათა (ამ შემთხვევაში- პატიმრების) უფლებების დასაცავად გამოვლენილ ძალისხმევას.
საერთო ინტერესებით განპირობებულმა და ერთნაირი იმპულსის მქონე ამ ორმა ელემენტმა - სტუდენტი ახალგაზრდობისა და სასულიერო პირების მასშტაბურმა საპროტესტო მოძრაობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა კიდეც საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ეს არის თანამედროვე პოლიტიკური რეალობის არა მხოლოდ ახალი მომენტი, არამედ ქართული საზოგადოების წიაღში აღძრული ჯანსაღი ტენდენციების თვალნათელი ილუსტრაციაც. ეს არის გზა ხსნისა, რომელიც კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა თვალსაწიერზე და რომელმაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა განსაზღვროს ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების მაგისტრალური ხაზი.
+ + +
შეიძლება თუ არა, ჩავთვალოთ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შენელებასა და სამოქალაქო სიმშვიდის დამკვიდრებას?
ეს ფრიად პრობლემატური საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მცირე დროა გასული და ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია დამდგარი შედეგი რაიმე დასკვნის გამოსატანად. ამდენად, წარმოდგენილი მსჯელობა შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში არსებულ განწყობათა ზოგად სურათს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და, ჯერჯერობით, დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
ამოცანა, რომელიც ახალი ხელისუფლების წინაშე დგას, საკმაოდ რთულია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მას მემკვიდრეობით წილად ხვდა დაახლოებით ათმილიარდიანი საგარეო ვალი, გამოხრული ბიუჯეტი და დაკარგული ტერიტორიები. თითოეული ეს ფაქტორი მძიმე რეალობის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გაცილებით დიდ პრობლემას საზოგადოების შიგნით მენტალური და სოციალურ-პოლიტიკური ნიშნით მკაფიოდ პოლარიზებული ჯგუფების არსებობა წარმოადგენს. დაპირისპირება, რომელიც არსებობდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, გარკვეული თვალსაზრისით ძალაში რჩება დღესაც. უბრალოდ, მან რამდენიმე ახალი შტრიხი შეიძინა და, ხელისუფლების ცვლიდან გამომდინარე, შეიცვალა წინააღმდეგობის განმსაზღვრელი ვექტორი.
განვლილი ცხრა წლის განმავლობაში (ვფიქრობ, გასაგებია, რატომ ვიღებთ საანალიზოდ სააკაშვილის მართველობის პერიოდს) საზოგადოებრივი განვითარების პროცესებზე დაკვირვებით შეიძლება გამოიყოს სოციალური პოლარიზაციის რამდენიმე მიზეზი და მათი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი, სხვადასხვა პოლუსებზე განთესილი ჯგუფი.
უმთავრეს მიზეზად მაინც ის მესახება, რომ ნაციონალური ხელისუფლება, განსაკუთრებით მისი ყველაზე ოდიოზური ადეპტები მენტალურად არ იყვნენ ორიენტირებული ხალხის სამსახურზე. მათთვის სრულიად უცხო იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენის წინაშე მდგარი პრობლემები და არც არასოდეს გამოუჩენიათ განსაკუთრებული სურვილი მათ გადასაჭრელად.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ნაციონალური ხელისუფლება არა თუ ხელს უწყობდა სამოქალაქო ერთობის პროცესს, პირიქით, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული ჩარეცხვის პოლიტიკით ხელს უწყობდა უფსკრულის შემდგომ გაღრმავებას. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის პირველივე წლებში დაიწყო მის მიმართ ჰიპერკრიტიკულად განწყობილი ჭრელი სოციალური წრის ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ათასობით ადამიანისგან შედგებოდა. მათ მნიშვნელოვან ნაწილს პოზიციებდაკარგული და რევანშისტულად განწყობილი ძველი ნომენკლატურა წარმოადგენდა., ასევე- ყოველგვარი სოციალური გარანტიის გარეშე სამსახურებიდან მასობრივად დათხოვნილი ძალოვანები და საბიუჯეტო მუშაკთა ფართო სპექტრი (განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები).
ცხადია, განხორციელებული რეფორმების შედეგად ქუჩაში დარჩენილი მრავალრიცხოვანი მასის უკმაყოფილების რეგულირება გონივრული სოციალური პოლიტიკის გატარებით შესაძლებელი იყო, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე შეგნებულად არ წავიდა ორი მიზეზის გამო. პირველი - ზედმეტი თავდაჯერებულობის, ყოვლისშემძლეობისა და ლამის ქრონიკულ სტადიამდე მისული სიბრიყვიდან გამომდინარე ვერ წარმოედგინა, თუ ეს ცარეცხილები სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდნენ და მეორე - სოციალური გარანტიების მექანიზმების ამოქმედება დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვდა. ეს კი სახელისუფლებო პირამიდის მწვერვალზე მოკალათებულ მცირერიცხოვან ჯგუფს ხელს შეუშლიდა ელიტური კორუფციის დამკვიდრებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში. ამ თემაზე ჯერ მხოლოდ წარმოდგენებით შეიძლება საუბარი, მაგრამ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების სედეგად სულ მალე თავზარდამცემი მასშტაბის კორუფციულ ფაქტებს აეხდება ფარდა.
საზოგადოების შიგნით არსებული პოლარიზაცია და დაძაბულობა კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა. ეს იყო სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებული ახალი ელიტის წრეგადასული თავხედობა და ცინიზმი, ჰედონისტური კომპლექსის დაუფარავი გაფეტიშება და საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილი უსამართლობა. ახალი ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ თავზე იწვნია უამრავმა ადამიანმა, განსაკუთრებით ბიზნესმენებმა, რომლებსაც წარმოუდგენლად ველური, ცინიკური ფორმით წაართვეს კერძო საკუთრება და წილები მათ მიერვე აწყობილ ბიზნესსტრუქტურებში.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაა სრული სურათი. ხელისუფლების საპირისპირო პოლუსზე თავი მოიყარეს საზოგადოების სხვა სოციალური სეგმენტების წარმომადგენლებმა: პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა, იდეურმა ლიბერალებმა, დემოკრატიული პრინციპების ერთგულმა სამეცნიერო და ტექნიკურმა ინტელიგენციამ, უყურადღებობითა და მიცემული პირობის შეუსრულებლობით გაღიზიანებულმა აგროსექტორმა, პენსიონერებმა, განსასჯელთა, პატიმართა და პრობაციონერთა მრავალათასიანი არმიის ოჯახის წევრებმა, აშკარად გამოხატული ანტისაეკლესიო პოლიტიკით უკმაყოფილო სამღვდელოების ნაწილმა და მრევლმა...
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სულაც არ წარმოადგენს პიონერს საზოგადოებაში მძაფრი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის თვალსაზრით. მსგავსი სიტუაცია იყო მისი წინამორბედის დროს (ზემოთ დასახელებულთან ერთად მაშინ საკმაოდ ძლიერი იყო 1992 წელს დამხობილი კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა ფაქტორი) და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას მართველობის პერიოდშიც კი. ოღონდ, მაშინ სოციალურის ნაცვლად წინა პლანზე წმინდა პოლუიტრიკურ-კრიმინალურმა ფაქტორებმა წამოიწია. თუ ისტორიის სიღრმეში ჩავიხედავთ, დაახლოებით მსგავს სურათს დავინახავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროსაც. ისევე, როგორც 1991 წელს, მაშინაც საზოგადოების უკომპრომისოდ დაპირისპირებულ ნაწილებად დაჩიხულობას პარტიულ-პოლიტიკური მოტივები ედო საფუძვლად.
ვერც ჟორდანიასა და გამსახურდიას, ვერც შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობებმა ვერ შეძლეს დიალოგის ოპტიმალური რეჟიმის დამკვიდრება სახელმწიფოში, რაც პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო შიდა დაპირისპირებათა შესუსტების გზაზე. სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ხელისუფლების მოპოვებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდები, რატომღაც, ამჯობინებდნენ, ხელების გადაგრეხვის პრინციპისთვის მინიჭებინათ უპირატესობა, ან ვერ ახერხებდნენ, ხელი შეეშალათ ხელისუფლების გარეთ დარჩენილი ძალების ბაზაზე უკომპრომისო, არაკონსტრუქციულად და, მეტიც- მტრულად განწყობილი ოპოზიციის ჩამოყალიბებისთვის. სოციალ-დემოკრატებისა და მრგვალმაგიდელთა უმრავლესობა, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ მაინც, ასე ეპყრობოდა პარტიულ ოპონენტებს (თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდნენ). შევარდნაძისა და, განსაკუთრებით, სააკაშვილის დროს სრულიად იყო იგნორირებული არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, არამედ საზოგადოებაში არსებული, მეტნაკლებად ყველა სოციალური სეგმენტის ინტერესები. მათთან დიალოგს საჭიროდ არ თვლიდნენ, უარეს შემთხვევაში- ესაუბრობდნენ მხოლოდ ძალის ენაზე. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჟორდანიასა და გამსახურდიას დროს საქმე გვქონდა უმრავლესობის ძალმომრეობაზე უმცირესობის მიმართ, შევარდნაძისა და სააკაშვილის მართველობის პერიოდში კი- პირიქით.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება ჯერ კიდევ არ იძლევა დამაიმედებელი დასკვნების გამოტანის საფუძველს. თუმცა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია თავისი სპეციფიკით აშკარად განსხვავდება წინარე პერიოდისგან. მოცემულ ეტაპზე საზოგადოების პოლარიზაციის მასშტაბი გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე 2004-2012 წლებში. ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი, საამისოდ ობიექტური სოციალური საფუძვლის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფები, პრაქტიკულად, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წინა ხელისუფლების სამსახურში დაწინაურებული და არჩევნების შემდეგ პოლიტიკური მართვის ბერკეტების (აქედან გამომდინარე ყოველგვარი პრივილეგიითა და მიწიერი სიამოვნებით) ნაწილობრივ დამკარგავი ახალი ელიტა, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივართა მცირერიცხოვანი წრე, რომელიც რევანშისტული ცნობიერების გამო არ და ვერ ურიგდება ახალ რეალობას. მათმა გარკვეულმა (ვფიქრობ, არც თუ მცირე) ნაწილმა დაკარგა არა მხოლოდ გავლენა, არამედ დგას უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე. ბუნებრივია, სანამ ამ ადამიანების ხელში ჯერ კიდევ რჩება ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტები (საკუთარ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სოლიდური საპარლამეტო ფრაქციები, მუნიციპალური მართველობის სადავეები, კორუმპირებულ მოსამართლეთა მრავალრიცხოვანი კორპუსი...), მანამდე საზოგადოებაში კვლავ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების საფრთხე. სავარაუდოდ, ეს უსიამოვნო პერსპექტივა კარგად აქვს გაცნობიერებული ახალ ხელისუფლებასაც. ამისი ნათელი დადასტურებაა გამარჯვებული კოალიციის ლიდერის მიერ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული და არჩევნების შემდეგ რამდენიმეგზის ხაზგასმული თეზისი სახელმწიფო დაწესებულებებსა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გამორიცხვის შესახებ.
ზემოთ გაკვრით უკვე აღვნიშნეთ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა სოციალური ფენის უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებზე. გლეხობა მოუთმენლად ელის, რომ ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ ახალი მთავრობა რეალურად აამოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებს და სერიოზულ ინვესტიციებს მოიზიდავს აგროსექტორში. დასაქმებულთა მოლოდინი სოციალურად სამართლიანი შრომითი გარემოსა და მათი უფლებების მაქსიმალურად დამცველი კოდექსის მიღებაზეა ფოკუსირებული. განათლებისა და მეცნიერების სფეროს მუშაკები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს გაუაზრებელი რეფორმების სიმწარე, დაჟინებით მოითხოვენ მდგომარეობის უსწრაფესად გამოსწორებას. დაახლოებით მსგავსი და, იქნებ, უფრო მძიმე ვითარებაა ჯანდაცვის სისტემაში. უმუშევრები ელიან ახალ სამუშაო ადგილებს, უსამართლოდ დაჩაგრულები - თავისუფალი სასამართლოების დამკვიდრებას და კანონიერების აღდგენას, წვრილი და საშუალო ბიზნესი - ოპერირებისთვის ოპტიმალური ბიზნესგარემოს შექმნას, მსხვილი ბიზნესი - საგადასახადო წნეხის შემსუბუქებას, მსჯავრდებულები და პრობაციონერები - მასშტაბურ ამნისტიას, დევნილები- სახლებში დაბრუნებას და ა.შ. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, იფიქრო, რომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჯერ კიდევ ყველა ბერკეტის არფლობის პირობებში ივანიშვილის კაბინეტი უმოკლეს ვადაში შეძლებს ყველა ამ პრობლემის მოგვარებას. სრული სოციალური ჰარმონიისა და კონსტრუქციული ოპონირების პირობებშიც კი ამის მიღწევა მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, წვრილმან დეტალებამდე გააზრებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებითაა შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ რევანშის მომლოდინე, ამჟამად ოპოზიციაში გადაბარგებული, მაგრამ ჯერ კიდევ სერიოზული ბერკეტების მქონე ნაციონალური მოძრაობა ყოველნაირად შეეცდება (საბოტაჟის დონეზეც კი) ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლას, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა რთული გამოწვევების წინაშე დგას მთლიანად საზოგადოება და თითოეული ჩვენგანი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დამკვიდრება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაჰყვება მოსახლეობას ახალი კოალიციის მოთოლოგიზებული ლიდერის მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში გამოცხადებული ნდობა და ხომ არ გამოიჩენს იგი ზედმეტ სულსწრაფობას საკუთარი მოლოდინების რეალიზაციის პროცესში. მეორე მხრივ, შესაძლოა ამ ფაქტორს პოზიტიური ან ნეგატიური იმპულსი შესძინოს გამარჯვებული გუნდის ეფექტურმა, ან ნაკლებად ეფექტურმა საქმიანობამ, განსაკუთრებით - პირველი ნახევარი წლის განმავლობაში, რომლის დასრულების შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ეძლევა რამდენიმედღიანი შანსი ახალი პარლამენტის დასათხოვად.