ბოროტსა სძლია კეთილმან... - გენიალური რუსთაველის ეს საოცარი ფრაზა არასოდეს ასე მეტყველი და კონკრეტული არ ყოფილა ალბათ, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ. ღვინობისთვის ამ დღის მერე ქართველობამ მეტ-ნაკლებად დაიბრუნა სახე, ღირსება, სიყვარული, პრინციპები და ადამიანურობა. ქართველმა ზორომ – ბიძინა ივანიშვილმა უიარაღოდ, ფაქტიურად შიშველი ხელებით (მას თავისი ფინანსების გამოყენების საშუალებაც კი არ მისცეს) შეძლო ბოროტი მონსტრის დამარცხება, რომელსაც მხარს უჭერდნენ მსოფლიო გლობალისტური ძალები.
მისმა გონიერებამ, ზომიერებამ, გამბედაობამ, პატიოსნებამ, წინდახედულებამ, კარგმა მენეჯერობამ და სიმართლემ შედეგი გამოიღო. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მილიარდერები არ უყვართ, რადგან ზემოდან უყურებენ ყველას და საეჭვო გზებით მდიდრდებიან. იშვიათია მილიარდერი და თანაც პატრიოტი. ივანიშვილი ყველა ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია – ის არის მილიარდერი, რომელიც უყვართ და თანაც საოცარი პატრიოტიცაა, ჩვენგან განსხვავებით – საქმიანი პატრიოტი. სწორეს მან ახსნა ნაციონალების მიერ გაკეთებული ჯადო ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, სამჯერ მეტს გააკეთებს, თანაც სამართლიანობის ვითარებაში, ვიდრე ეს ნაციონალებმა “მოახერხეს” (ცხადია, ახალი ვალების აღებით, რომელმაც 11 მილიარდს მიაღწია).
როცა წყარო სათავეშივე სუფთაა, მერეც ასე მიედინება. ივანიშვილის წარმატების საფუძველი, ნიჭიერებასთან ერთად, უთუოდ მისი სოფელში, პატიოსან გლეხურ ოჯახში, ქართული და მშრომელი სულისკვეთებით აღზრდა, მიწის და უბრალო ხალხის სიყვარულია, რომელიც მან ასე უხვად გამოამჟღავნა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში და ამჟღავნებს ახლაც.
მე ასე მჯერა, რომ ადამიანს სიცოცხლეშივე უნდა მიაგო ისეთი პატივი, რასაც უთუოდ იმსახურებს. ქართველი ერი სამუდამოდ მადლიერი იქნება მისი და მის მიერ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება საოცრად მაგონებს წმინდა გიორგის გამარჯვებას გველეშაპზე.
ერთი რამ მაფიქრებს მხოლოდ: წელიწადნახევარში მისი პრემიერობიდან წასვლა უთუოდ დააზარალებს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც რეალურად ახლა იწყებს ფეხზე დადგომას. ამ ხნის განმავლობაში დაქცეული ქვეყნის რელსებზე დაყენება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. ამასთან, დასამალი არაა და არავის ეწყინოს, რომ ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა და არა კოალიციის ცალკეულ სუბიექტებს. ეს იგივეა, რომ დიდგორის მერე დავით აღმაშენებელი მეფობიდან გადამდგარიყო და თბილისი აღარ აეღო. მინდა შევახსენო ბატონ ბიძინას, რომ მართალია, დიდგორი მოვიგეთ, მაგრამ თბილისი ჯერ ისევ ასაღებია. ახალგაზრდა თანაგუნდელები, ნიჭიერების და ენერგიულობის მიუხედავად, უთქვენოდ თბილისის აღებას ვერ შეძლებენ და ქვეყანაში შეიძლება ანარქიული პროცესები დაიწყოს. ამასთან დასალაგებელია ურთიერთობა რუსეთთან, რაც 1,5 წელიწადში ვერ მოხერხდება, ისევე როგორც ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღორძინება, განათლების და ჯანდაცვის რეფორმირება. ამიტომ მადლს მარილიც მოაყარეთ და მინიმუმ 4 წელი (ჯობია 8 წელი) ქვეყანას უხელმძღვანელეთ. ასეთია ქართველი ერის ნება და თქვენდამი მოთხოვნა. წასვლა მაშინაა კარგი, როცა ის დროულია. უდროო წასვლამ შეიძლება ქვეყანაც დააზიანოს და თქვენი ამოდენა ღვაწლი და ამაგი ქართველობის წინაშე, თქვენი საოცარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრიოს. ეს დაემსგავსება ხალხის გაჭირვებაში, ბედის ანაბარად მიტოვებას და ამას არავინ მოგიწონებთ და გაპატიებთ.
მართალია ლომის წილი ამ გამარჯვებაში ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, მაგრამ უნდა აღინიშნოს იმ ადამიანების წვლილიც, რომლებიც ქმნიდნენ პროგრამებს, უშუალოდ მონაწილეობდნენ საარჩევნო ბატალიებში და ორგანიზაციულ საქმეებში – მათი უმრავლესობა წესიერი პროფესიონალები არიან და უნდა იქნან მიწვეული სხვადასხვა სტრუქტურებში.
ძალზე მნიშვნელოვანია ასევე მედიის წვლილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია “მაესტროს”, მე-9 არხის, კავკასიის, რეგიონული მედიის მიერ პროცესების ძირითადად ობიექტურად გაშუქება. ინტერნეტ-საიტების შორის გამოვყოფდი for.ge (ყოფილი presage.tv). ტელეჟურნალისტებიდან გამოვყოფდი შალვა რამიშვილის და ირმა ინაშვილის წვლილს, თუმცა ყველას გვარს აქ ვერ ჩამოვთვლი. მათ დიდი როლი შეასრულეს სააკაშვილის რეჟიმის მხილებაში და ადამიანებამდე მართალი სიტყვის მიტანაში.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ცალკეულ პროფესორთა წვლილიც, ისინი წლების განმავლობაში ამზადებდნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოვიდნენ სექტემბერში ამ რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა პროფესორთა უმრავლესობას კონფორმისტული და მომლოდინე პოზიცია ეკავა და მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა.
ყველა ამ ადამიანის და ჯგუფის წვლილმა სათანადო შედეგი გამოიღო. ნაციონალურმა მოძრაობამ კატასტროფული მარცხი განიცადა. დღეს უკვე სირცხვილად ითვლება ნაციონალური მოძრაობის წევრობა. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ეს პარტია დაიშლება და მას ყველა განერიდება. ბოკერია და ძმანი მისნი ახალ პარტიებს შექმნიან (თუ მანამდე სასამართლომ მათ ვირის აბანოში არ უკრა თავი), თუმცა მათ არავითარი პერსპექტივა აღარ ექნებათ. ასეთი ბედი მოელის ყველა პარტიას, რომლებშიც შექმნილია არა იდეის ან იდეოლოგიის, არამედ მერკანტილური მოსაზრების გამო, ერთი კაცის გარშემო და რომლებსაც არ გააჩნია საყრდენი სოციალური ბაზა. დიდი პერსპექტივა არ ექნებათ იმ პარტიებსაც, რომლებიც იმართებიან უცხოეთიდან (აშშ, რუსეთი, ევროპა). ქართველი ხალხის რეალურ ინტერესს ამიერიდან ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს.