ოპოზიციის ერთი ნაწილი სააკაშვილის გადაყენებას იმპიჩმენტის გზით აპირებს. გია ცაგარეიშვილმა ამ მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. თემურ შაშიაშვილი კი პრეზიდენტის გაიმპიჩმენტებას რეფერენდუმით გეგმავს.
პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის წასვლაზე ოცნებობს. თუმცა მას იმპიჩმენტის არ სჯერა.
- იმპიჩმენტის გზით სააკაშვილის მოცილება შეუძლებელია. პარლამენტში ამისთვის საკმარისი ოპოზიცია არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდი ხნის წინ განხორციელდებოდა. მე და ჩემი პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” საერთო სახალხო კრების მოწვევას ვუჭერთ მხარს. სააკაშვილს უნდობლობა ხალხმა უნდა გამოუცხადოს. მე გავაკეთებ ყველაფერს რათა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ვაშინგტონი და მოსკოვი უკვე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე იქნება.
ყოფილმა სპიკერმა ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველო მზადაა, ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს.
- საქართველოს მოსახლეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, პრეზიდენტი ქალი იქნება თუ კაცი. მათთვის მთავარია ქვეყანამ მშვიდად იცხოვროს, - ამბობს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე.