პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გახსნის დღეს თბილისში გადაღებულ ფოტოს, სადაც ის და რუსი დეპუტატი, ამავე ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი ერთად დგანან, პროვოკაციად აფასებს.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 1 ივლისს განაცხადა.
“რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იმყოფებოდა იმ მიღებაზე, რომელიც გაიმართა, როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, იქიდან ვერ გაიქცევი. ესეც სამწუხაროდ იყო ერთგვარი პროვოკაცია, ისეთივე პროვოკაცია როგორიც იყო მეორე დღეს [გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა]. იყო პროვოკაციები, ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იმ რისკებზე, რომელიც დაკავშრებული იყო ამ ასამბლეის საქართველოში ჩატარებასთან. მთავარი რისკფაქტორი მდგომარეობდა იმაში, რომ რუსი დეპუტატი იყო ამ ასამბლეის პრეზიდენტი. ეს რისკები აწონ-დაწონილი გვქონდა და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ განსაკუთრებით პირველი დღისათვის, როდესაც ღონისძიების გახსნა იმართებოდა, თუმცა სამწუხაროდ რისკებისგან თავის დაზღვევა 100%-ით შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” წევრთან ნაწილი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას პროვოკაციად მიიჩნევს, რადგან მათი ინფორმაციით, სესია ასამბლეის გენმდივანს უნდა წაეყვანა, რომელიც საბერძნეთიდანაა. თავად გავრილოვი ამტკიცებს, რომ სესიის დროს იმ ადგილას დაჯდა, რომელზეც პროტოკოლის სამსახურმა მიუთითა. ჟურნალისტების კითხვაზე, უშუალოდ ფოტოს გადაღებას და გავრილოვის სკამში ჩაჯდომას აფასებს თუ არა პროვოკაციად, კობახიძე პასუხობს:
“ეს შეგნებული ნაბიჯი იყო თუ არა შეგნებული, შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის რა არის კონტექსტი და სტუმარმაც და მასპინძელმაც უნდა იმოქმედოს მისი გათვალისწინებით. სამწუხაროდ ეს კონტექსტი ან არ ვერ გაითვალისწინა [გავრილოვმა]”, – განაცხადა კობახიძემ.