„კობახიძის წასვლა თანამდებობიდან, უკვე აღარ ითვლება კობახიძის დამსახურებად, რადგან გადაწყვეტილებას პარტიის სხდომა დასჭირდა“

„კობახიძის წასვლა თანამდებობიდან, უკვე აღარ ითვლება კობახიძის დამსახურებად, რადგან გადაწყვეტილებას პარტიის სხდომა დასჭირდა“

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატი. ასეთი შედეგით დასრულდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. აქციის მონაწილეების მისამართით გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.

ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ, არასერიოზული იყო, თუმცა რამდენიმე საათში სხვაგვარად გადაწყვიტა პოლიტსაბჭო. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ უპასუხისმგებლო, დესტრუქციულ ძალებს აქვთ პასუხი გასაცემი კანონის და საზოგადოების წინაშე.

„ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისგმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი კანონის და საზოგადოებს წინაშე. იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე გააგდეს, თუმცა თვლის, რომ კობახიძეს თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა დაეტოვებინა და უბედურებები არ მოხდებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს, მაგრამ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შექმნილი იყო. განზრახ იყო თუ ბრიყვული შეცდომა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეცდომა დაუშვა და უნდა ეგრძნო, რომ თანამდებობიდან უნდა წასულიყო. კობახიძე გადადგა, მაგრამ დასახიჩრებული არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც გულწრფელი პროტესტი აქვთ, ქვეყანაში არ უნდათ რუსული პოლიტიკა. პრინციპში, ირაკლი კობახიძე გააგდეს. ეს იყო გაგდება და არა გადადგომა. მორჩა, საქართველო სხვა ქვეყანაა. არასახარბიელო მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“. ერთ მხარეს ერთი სისტემა „ქართული ოცნებაა“, მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა“. ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს. გუშინ ამის დასაწყისი იყო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, კობახიძის გადადგომა და ზაქარია ქუცნაშვილის ხურდაში მიყოლება საკმარისი არ არის. მისი თქმით, უნდა გადადგეს გიორგი გახარია და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით.

„უგუნური ხელისუფლება ვნებს საკუთარ თავს და სხვებსაც. გუშინ დროულად რომ შეესრულებინათ ეს მოთხოვნები, არ იქნებოდა ამდენი დასახიჩრებული ადამიანი და ქვეყნის შელახული იმიჯი. ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობა ხალხზე და კონსტიტუციაზე.

მომავალ კვირას პარლამენტში უნდა შემოვიდეს უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლის სია, სადაც ივანიშვილის პირადი ადვოკატები და მომსახურე ადამიანები იქნებიან. არ გაბედონ! პირობას გაძლევთ, ამ სიას თავზე გადავახევთ. საქართველო დღეს ის არ არის, რაც გუშინდლამდე იყო. ყველაფერს ფარდა აეხადა, ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში ირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს.

არსებული ინფორმაციით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება.

 „პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას შეფასებით, კობახიძის გადადგომა, სამწუხაროდ, ის მინიმუმიც კი არაა, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება ხელისუფლებას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სრულად დელეგიტიმირებულია და ახალი პოლიტიკური ლეგიტიმიზაციისათვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს მინიმუმ ახალი, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ პროპორციული ფორმატით.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ცინიკური განცხადება და ცინიკური შეფასება მოვლენებისა. მასშტაბურობისათვის, ვფიქრობ, აუცილებელია მოხდეს საზოგადოების ზეწოლა პრეზიდენტზეც, რომელსაც შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, რაც დღეს უკვე მისი ვალდებულებაა.

ასევე აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა ამჟამინდელ მმართველ ძალაზე, რომელმაც აუცილებლად უნდა მიიღოს პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა გადადგნენ ის მოხელეები, ვინც გასცა ბრძანება ღამით მომიტინგეების უთანასწორო დარბევისა და ამას გარდა, ობიექტურობისათვის, უნდა გამოიძიონ ისიც, ვინ და ვისი ზეგავლენით დაიწყო შტურმირება საკანონმდებლო ორგანოზე. ეს მინიმუმი აუცილებლად შესასრულებელია, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ანარქიაში, რომელიც მძიმედ დაუჯდება ხალხსაც და სახელმწიფოსაც“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში მტკივნეული არის იარკლი კობახიძის განთავისუფლება, რადგან მისი თქმით, საქმის გამკეთებელი პარლამენტში, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს და საქმე მიიყვანოს ბოლომდე, არის ირაკლი კობახიძე.

„მესმის, რომ მის მიმართ არის პრეტენზიები, იმიტომ, რომ ის ანტიპოპულისტი პოლიტიკოსია და ხალხს არ უყვარს იმის გამო, რომ არაპოპულარულ განცხადებას აკეთებს. მომხდარ პროცესზე პასუხისმგებლობის სრულად აღება მოუწევს ირაკლის. საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულების თვალსაზრისით, მისი გადაწყვეტილება უდავოდ რეგრესია, ეს ცხადია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კობახიძე თანამდებობიდან იმავე დღეს, პროტესტის დაწყებამდე უნდა განთავისუფლებულიყო. დღეს მისი განთავისუფლება ვეღარ შეცვლის იმ მოცემულობას, რომელიც შეიქმნა, როდესაც, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ, თავისი მთელი მანკიერი გამოვლინებებით თავისი თავი გამოაცხადა „ნაციონალური მოძრობის“ სამართალმემკვიდრედ.

„ყველა მანკიერება გაიმეორა. ერთადრთი მცირე უპირატესობა ჰქონდა დარჩენილი – არ ჰყავდა დარბეული ადამიანები და დაშლილი მიტინგი. სახურავებზე დევნა და ჟურნალისტებისთვის თავ–ყბის დალეწვა იყო დარბევა, ამ რეალობას ხელისუფლება ვერ გაექცევა. კობახიძე და ქუცნაშვილი ვის დაკარგვია, ორივე დიდი გაუგებრობა იყო „ქართულ ოცნებაში“.

სიმართლე გითხრათ, რეალობას ვეღარ ცვლის მათი გადაყენება. ეს გადაწყვეტილებები აქციას დაშლამდე იყო მისაღები. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე. ხელისუფლებამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, კობახიძე ვეღარ შველის ამ ისტორიას. გუშინ შველოდა, დღეს ვერ შველის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, პროტესტი იმ დონეზეა მისული, რომ კობახიძის გადაყენება რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონიებს საზოგადეობაში არსებულ პროტესტზე. მისი თქმით, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა და ასევე აქციის დარბევა, ორივე საშინელი ფაქტია.

„ხელისუფლება, რომელიც ასეთ მეთოდებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ კარგავს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. თანამდებობა შეიძლება შეინარჩუნონ, მაგრამ პოლიტიკური და მორალური ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია დასრულდა. აწი რას გააკეთებენ არ ვიცი, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია.

არ უშველის ამ ფაქტს კობახიძე და ქუცნაშვილი, სხვა სიბრტყეში გადავიდა პროცესი. კობახიძის განთავისუფლება არის უკან მიდევნებული მოვლენა. აქციის დარბევამ ვითარება შეცვალა, სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ და ახლა უკვე ქუცნაშვილი და კობახიძე კი არა, გახარიას გადაგომას და პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ. შეცდომებმა, რომელიც დაუშვეს „ოცნებაში“, მიგვიყვანა ამ პროცესამდე. ძალიან ბევრი რამ აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას გასაკეთებელი, რომ შეძლოს მისდამი წამოსული ნეგატიური ტალღის შეჩერება“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, კობახიძის წასვლა თანამდებობიდან, უკვე აღარ ითვლება კობახიძის დამსახურებად, რადგან გადაწყვეტილებას პარტიის სხდომა დასჭირდა, მაგრამ შეიძლება პარტიასაც არ ჩაუთვალონ დამსახურებად და ჩათვალონ, რომ ხალხმა აიძულა ამ ნაბიჯის გადადმა.

„მიშამ უკვე შემოთვალა, რომ პატარ–პატარა კობახიძეები მე არ მაინტერესებსო. მას ხელისუფლების შეცვლა უნდა. ასე რომ, პროცესს კობახიძის გადადომა ვერ შეაჩერებს, მაგრამ შეიძლება შეამციროს სისულელეების ნაკადი, რომელიც ძალიან უხვად მოდიოდა კობახიძის პირობებში. მთელი ამ პროცესის ინიციატორი შეიძლება ქუცნაშვილი იყო, მაგრამ რეზოლუცია ვინც დაადო, იყო პარლამენტის თავმჯდომარე და რასაკვირველია, პასუხისმგებლობაც მასზეა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანდრია "ექსპერტი" ზარდიაშვილი თავის ამპლუაშია როგორც ყოველთვის.
5 წლის უკან