იტალიური „La Repubblica“ ბეჭდავს ნიკოლა ლომბარდოცის წერილს: „ნახვამდის ფეხბურთო, მოვიდა პოლიტიკის დრო“.
ავტორი წერს: „ეტყობა, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ გასახდელში უჩვეულო სული ტრიალებს, რომელიც ფეხბურთელებს პოლიტიკისაკენ უბიძგებს. „მილანის“ ცნობილმა მოთამაშეებმა - შევჩენკომ და კალაძემ - გადაწყვიტეს პოლიტიკაში წასვლა“.
„მე მივდივარ ფეხბურთიდან და მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში - მსურს რაიმე კონკრეტული გავაკეთო ჩემი სამშობლოსთვის“ - განაცხადა შევჩენკომ. დახლოებით ამ ტონში იყო მისი ყოფილი თანაგუნდელის - კახი კალაძის განცხადებაც, რომელიც მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში „დემოკრატიაზე საოცნებოდ“. ისინი იმეორებენ „მილანის“ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის - ჯორჯ ვეას გამოცდილებას: ეს გულუბრყვილო ექსტრავერტი მხოლოდ მეორე ტურში დამარცხდა მშობლიური ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში!
შევჩენკო ემხრობა პერსპექტიული ადვოკატის, ყოფილი მდიდარი მეწარმის, მოდელის გრაციის მქონე ნატალია კოროლევსკაიას პოლიტიკურ გეზს, რომელმაც დააარსა პარტია: „უკრაინა -წინ!“ კოროლევსკაია ადრე გარიცხული იყო „ბატკივშჩინის“ პარტიიდან რუსოფილობის ბრალდებით. პუტინით აღფრთოვანებულმა კოროლევსკაიამ წააქეზა შევჩენკო პრორუსულად განწყობილი უკრაინელების ოცნების ხორცშესასხმელად, დასავლურად განწყობილ თანამემამულეთა წინააღმდეგ!“
„როგორც ჩანს, რუსეთი გახდა მთავარი რგოლი თანაგუნდელთა კავშირში“ - დაასკვნის წერილის დასასრულს ნიკოლა ლომბარდოცი - „ორივე: შევჩენკოცა და კალაძეც მეგობრობენ კრემლის ერთგულ ქვეშევრდომ, „ჩელსის“ მეპატრონე ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან. კალაძე - „ქართული ოცნების“ პარტიის წევრობის კანდიდატი - პირდაპირ გამოვიდა მოსკოვის დაუძინებელი მტრის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას არაერთხელ უწოდა „დიქტატორი“ და „ხალხის მტერი“!