კომუნა ადგილობრივ საზოგადოებას, თემს ნიშნავს. ადგილობრივ თვითმმართველობას კომუნალურ ხელისუფლებასაც უწოდებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის „ხარისხი“ ორი მთავარი კრიტერიუმით იზომება: დემოკრატიულობა და ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურეობათა ეფექტიანობა. რამდენად დემოკრატიულია ადგილობრივი ორგანოები, გამოხატავენ თუ არა ისინი ადგილობრივი საზოგადოების ნებას? რამდენად ეფექტიანია, ეკონომიური და ხელსაყრელია ადგილობრივი საზოგადოებისათვის მათ მიერ ორგანიზებული ადგილობრივი, ანუ კომუნალური მომსახურეობანი?
ცხადია, ეს ორი მთავარი კრიტერიუმი – დემოკრატიულობა და კომუნალურ მომსახურეობათა ეფექტიანობა, ერთი მეორეზეა გადაჯაჭვული, ერთი მეორეს განაპირობებს. არ შეიძლება მომსახურობის ეფექტიანობაზე საუბარი, თუ იმთავითვე ცნობილია, რომ ეს მომსახურეობა არა თავად საზოგადოების მიერ და მისი ინტერესების შესაბამისად არის ორგანიზებული, არამედ საზოგადოებისათვის თავს მოხვეულია; ასევე, თუ კომუნალური მომსახურეობა ეფექტიანი არ არის, მაშასადამე ადგილობრივი დემოკრატიაც ვერ მუშაობს, ვერ ხერხდება თემის, კომუნის ინტერესების, მისი ნების სათანადოდ გამოხატვა და რეალიზაცია ადგილობრივი ორგანოების მიერ.
ეს ზოგადი მსჯელობა რომ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე დავაკონკრეტოთ, საკმაოდ მძიმე დასკვნას გამოვიტანთ: კომუნალური ხელისუფლება, ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩვენში რეალურად არ არსებობს. ამ ერთი შეხედვით კატეგორიულ და რადიკალურ დასკვნას დიდი დასაბუთება არ დასჭირდება და სულ ერთ აბზაცში მოთავსდება მისი წანამძღვრები:
ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ აუცილებელი კომუნალური, ანუ ადგილობრივი მომსახურეობა, ეს ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგებაა. საქართველო იმ უიშვიათეს ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, სადაც ეს უპირვლესი და სასიცოცხლო კომუნალური მომსახურეობანი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს. თუ კომუნალური მომსახურეობა სხვისი ორგანიზებულია და ე.ი. კომუნაზე თავსმოხვეული, მაშასადამე აქ რეალურად კომუნალური ხელისუფლებაც არა ყოფილა.
უარესიც: საქართველოს კანონმდებლობით კომუნალური მომსახურობანი, მართალია, სახელმწიფო რეგულირების სფეროა, მაგრამ ის კერძო და არა საჯარო საქმეა. საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წყალმომარაგება და კანალიზაცია არა კომუნალური ხელისუფლების გამგებლობაში არსებულ საჯარო, არამედ საერთოდაც კერძო საქმედ მიიჩნევა.
ვერ ნახავთ ვერც ერთ საკანონმდებლო აქტს, სადაც მაგ. წყალმომარაგების ორგანიზება, ადგილობრივ ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდეს. საქმეს ვერ შველის გასაუქმებლად გადადებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები, რომელთა მიხედვითაც წყლით მომარაგების საქმე თითქოსდა ამ სამინისტროს გამგებლობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელშია. პირიქით, ეს სსიპ–ი, რომლის საქმიანობასაც არა კანონი, არამედ კანონის გარეშე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები არეგულირებას (?!), უამრავ რესურს ნთქვას, რათა საბოლოოდ წყალმომარაგების სისტემა მთლიანად განკერძოვდეს და საბოლოოდ გავიდეს საზოგადოების ყოველგვარი კონტროლიდან. ზუსტად ისე, როგორც ეს დენისა და გაზის დისტრიბუციისას მოხდა.
ასეთ უმსგავსო ვითარებას, ბუნებრივია, თავისი წინაპირობები აქვს: თავის დროზე, როცა ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქაოსში იყო გახვეული, მთლიანად მოშლილ კომუნალურ მომსახურეობათა მოწესრიგება სახელმწიფომ ითავა. ოღონდ შუქი ყოფილიყო და ვინღა დაგიდევდა ადგილობრივ დემოკრატიას? შევარდანაძის ხელისუფლების კრახის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ხომ სწორედ კომუნალური მომსახურეობანი იყო. შეიძლება ისიც კი ვთქვათ – რომ არა „ვარდების რევოლუცია“, საქართველოში უშუქოთა სტიქიური აჯანყება იყო მოსალოდნელი და იქნებ სწორედ ეს იყო შეცდომა და საზოგადოებას არა ვარდების, არამედ სწორედაც კომუნალური რევოლუცია უნდა მოეწყო? თუმცა, სად იყო კომუნა, სად იყო და ვინ რას ეკითხებოდა ადგილობრივ საზოგადოებას?!
სწორედაც იმიტომ, რომ არც კომუნა და არც ცხადია, კომუნალური ხელისუფლება სცენაზე არ გამოჩენილა, ჯერ რევოლუციამდელმა, შემდგომ რევოლუციურმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შექმნეს თავიანთი წეს–რიგი; მიიტაცეს და თავის ჭკუაზე მოაწყეს ქვეყანაში კომუნალურ მომსახურეობათა უცნაური სისტემა, სადაც არც მოქალაქე, არც ადგილობრივი საზოგადოება და არც ადგილობრივი ხელისუფლება მომსახურეობის დამკვეთებს აღარ წარმოადგენენ.
რაც მთავარია, მოქალაქე აქ მხოლოდ უსახური მომხმარებელია, ოდენ გადამხდელია, სრულიად უუფლებო აბონენტია, რომელსაც თავს მოხვეულ ფასად ნებისმიერი ხარისხის საქონელი უნდა მიასაღონ.
უუფლებო აბონენტებად ქცეულ მოქალაქეებს არჩევანი არა გვაქვს: კომუნალური მომსახურეობის მონოპოლისტები ბაზარზე ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად შემოდიან და გადიან, ხელში იგდებენ და ინაწილებენ საჯარო რესურსებს, ხოლო ე.წ. მარეგულირებელი ისე, რომ მოქალაქეებისაგან პირდაპირი მანდატი სულაც არა აქვს, განსაზღვრავს მომსახურეობის პირობებსაც და რაც მთავარია, ტარიფებსაც.
ბუნებრივია, რომ ასეთი მარეგულირებელი, რომელიც მოსახლეობის წინაშე კი არა, არამედ დამნიშნავი ცენტრალური ხელისუფლების წინაშეა ანგარიშვალდებული, ძირითადად მონოპოლისტებსა და ცენტრალურ მთვრობას შორის დადებულ ფარულ გარიგებათა „გამპრავებელია“. შედეგად, მთავრობასთან შეკრული მონოპოლისტები უსამართლო ტარიფებით, ხოლო ხშირად დრაკონული ადმინისტრაციული ჯარიმებით, რომელთა „გამოწერაც“ ასევე მათ ხელშია, ფაქტიურად გვძარცვავენ.
შუქი, გაზი და წყალი თითქოს გვაქვს. ისიც არა ყველას და არა ყოველთვის. მაგრამ, რაც მთავარია, რის ფასად? ძალიან ძვირად და ჩვენი უფლებების დავიწყებისა და დათმობის ფასად.
თვითმმართველობა, საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების აღიარებული უფლებაა. სწორედ ამ უფლებიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ ჩვენს ხელში უნდა იყოს კომუნალური მომსახურეობების ორგანიზებაც. ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოურიგდება კომუნალური მომსახურეობის მწარმოებლებს სამართლიან პირობებზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას თითოეულ ჩვენთაგანს ექნება შესაძლებლობა ადგილობრივი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების საჯარო პროცესში ჩაერთოს; კომუნალური მომსახურეობის დამკვეთი ადგილობრივი საზოგადოება უნდა გახდეს, რომელიც თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით განახორციელებს. ასეთ შემთხვევაში ვერავინ მოგვახვევს თავზე კომუნალური მომსახურეობის კაბალურ პირობებს.
განხორციელებული თვითმმართველობის შედეგად იმას მივიღებთ, რომ ვეღარ გაგვძარცვავენ, ვერარ გაგვწეწავენ, არამედ, სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებით მოგვემსახურებიან.
არჩევნების შემდგომ გაჩნდა მოლოდინი, რომ კომუნალური მომსახურეობების ტარიფები სამართლიანი გახდება. ეს ყველა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებში ასახული იყო. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი პარტია მკაფიოდ არ დაგვპირებია, რომ კომუნალური მომსახურეობანი ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპით მოეწყობოდა.
მაშ როგორ აპირებენ უსამართლო ტარიფების დაწევას? როგორც ჩანს, მოალოდნელია ტარიფების ომი – ახალ, სახალხო მთავრობასა და მეორეს მხრივ მარეგულირებელსა და მასთან შეკრულ მონოპოლისტებს შორის. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელს ზურგს უმაგრებს მოქმედი ვაი–პრეზიდენტი და მთლიანად ძველი ხელისუფლების ნარჩენები.
ტარიფების მოსალოდნელ ომში სამართლიანობის მისაღწევად დღეს მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ახალმა მთავრობამ პირდაპირი დიქტატი უნდა განახორციელოს მარეგულირებელზე, სავარაუდოდ, ასევე კომუნალური მომსახურეობის მწარმოებელ კომპანიებზეც, როგორმე უნდა „მიაჩმოროს“ ისინი... ცხადია, ეს შორს იქნება ნამდვილი სამართლიანობის აღდგენისაგან.
თავიდან მთავრობამ შეიძლება მოახერხოს კიდეც ხალხის გულის მოსაგებად მარეგულირებელზე და კომპანიებზე ზეწოლის შედეგად ტარიფების დაწევა, მაგრამ საბოლოოდ ის იძულებული იქნება ან ისევ მონოპოლისტ კომპანიებს გაურიგდეს, ანდა უარესი – კორუფციული სქემები დაუშვას. სხვაგვარად, ცენტრალიზებული სისტემა, როცა კომუნალური მომსახურეობის დამკვეთი სუბიექტი კომუნა, ადგილობრივი საზოგადოება არ არის, უბრალოდ – ვერ მუშაობს.
ნამდვილი გამოსავალი ერთადერთია – ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოქალაქეთა უფლების აღგენა. ეს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას ნიშნავს, რომლის ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი კომუნალური რეფორმა უნდა იყოს.
დღეს თვითმმართველობის უფლება უხეშად არის ხელყოფილი, რადგან სასიცოცხლო კომუნალური მომსახურეობანი თვითმმართველობისაგან მიტაცებულია. მოსახლეობა, ვინაიდან მას კომუნალური ხელისუფლება ფაქტიურად არა ყავს, იძულებულია მონოპოლისტების მსხვერპლის როლს დაყაბულდეს. სახალხო მთავრობამ სამართლიანობა რომ აღადგინოს, მან კომუნალური მომსახურეობანი თვითმმართველობას უნდა დაუბრუნოს; სხვაგვარად შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენა.
ცხადია, დეცენტრალიზაციის რეფორმას საზოგადოდ და კომუნალურსაც კერძოდ, დაგეგმვა, მომზადება და თანმიმდევრულად განხორციელება დასჭირდება.
უფლებამოსილებათა და რესურსების გადაცემა თვითმმართველობისათვის ამ რეფორმის ერთ–ერთი მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. აქ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯების გადადგმაც.
მართლაც: კომუნალური მომსახურეობის სფერო კი მიტაცებულია, მაგრამ განა იმ სფეროებში, სადაც ადგილობრივი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებებს, მოსახლეობის ინტერესები დაცულია?
ცხადია, არა! მაგალითების მოსაყვანად შორს წასვლა არ დაგვჭირდება: თუნდაც ქ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ავიღოთ. “მარშუტკების“ ცნობლი სკანდალიც ნათლად ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არა საზოგადოების ინტერესებით მოქმედებს, არამედ საზოგადოებრივი მომსახურეობის მონოპოლიზების გზით საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და საზოგადოების ძარცვის ხარჯზე საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული.
ერთ–ერთი სერიოზული მიზეზი აქისიცაა, რომ პირდაპირ არჩეული ქალაქის მერი და მისი უზომო ძალაუფლება მთლიანად არის გასული თუნდაც საკრებულოს და რაც მთავარია, თბილისელების კონტროლიდან. რაზე შეიძლება საუბარი, როცა თბილისის შესახებ მართლაც ბრიყვული კანონიდან გამომდინარე, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეუძლებელია (?!) – ასეთი ნორმა კანონიდან საერთოდ ამოღებულია მას შემდეგ, რაც მერი პირდაპირ აირჩევა.
გამოდის, რომ უგულავა, რომელიც საზოგადოების მხრივ ეჭვმიტანილია უამრავ დანაშაულში, რომც დააპატიმრონ, გაასამართლონ და ციხეში ჩასვან, მაინც მერი იქნება?!
ასეთი კურიოზული კანონმდებლობის პირობებში, ცხადია, ვერც თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია ვერ განხორციელდება.
არადა, ამ რეფორმას ალტერნატივა არა აქვს. ახალი, ნამდვილად სახალხო მთავრობისგანაც და უპირველესად კი ქვეყნის პარლამენტისაგან სწორედ თანმიმდევრულ რეფორმას მოველით.
ხოლო თუ, ღმერთმა ნუ ქნას და იმედები გაგვიცრუვდა, დეცენტრალიზაცია და მასასადამე, კომუნალური რეფორმა მაინც არ განხორციელდა, მაშინ ნამდვილად მოგვიწევს დავსვათ კითხვა: იქნებ, მართლაც გვჭირდება კომუნალური რევოლუცია?!