სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შედის. რუკაზე განთიადი, გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, სოხუმი, გულრიფში, ტყვარჩელი, ოჩამჩირე, გალი ქართული დასახელებებითაა აღნიშნული. გაიხარეს გულუბრყვილო ქართველებმა... არიქა, აფხაზეთი დაგვიბრუნებია და ვერ გაგვიგიაო. მერე მეორე რუკა გამოგვიქვეყნეს რუსებმა, სადაც აფხაზეთი და ოსეთი ღრუბლებითაა დაფარული. ისევ მოიწყინეს გულუბრყვილო ქართველებმა. ან რა გიხარიათ, ან რა გწყინთ, ხალხო, საღამოს რესტორნებში რომ შემოგიაროთ ადამიანმა, ყველანი იქ ხართ, ხონჩაზე დადებული ტერიტორიები მოგინდათ? როდემდე უნდა იყოთ ასეთი უნიათოები?
მე პირადად, ძალიან მომეწონა მოქალაქე კახა ჭოლაძის მოსაზრება: "სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არა თუ სპორტსმენები, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრიც უნდა წასულიყო ჩემი. ეს იქნებოდა შანსი, შეხვედროდით პუტინს და ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდით, მაგრამ თქვენ სად გაქვთ ამის ტრაკი? საქართველოზე გულანთებული ხალხი მაინც დაგეფინანსებინათ, დროშებს მაინც ააფრიალებდნენ!" მართალია... ე, ბიჭო, ტერიტორიების დაბრუნების ტრაკი თუ არ გაქვს, დროშები მაინც აფრიალე მიშა სააკაშვილივით!
აგერ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი, ახლა ხელისუფლებაც უნდა ვაკონტროლო და მედიაცო. თან იძახის, საპატრიარქოსაც ზედ მივაყოლებ, იმიტომ რომ მოყვარე გახლავართო. საპატრიარქოს სიყვარულით ვაკრიტიკებ და არა მტრულადო. ესე იგი, თუ პრესა გააკრიტიკებს ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას, ის მტერია, თუ თვითონ გააკრიტიკებს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას, ის მოყვარეა. აი, ასეთ თეორიას "აწვება" ბატონი ბიძინა დავით მაღრაძის გადაცემაში. ეს იყო 8 იანვარს, 22 საათზე. მე კიდევ ასე ვიტყვი: ეგრე არ არი, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყავო! ისე, ხალხო, ეს ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, ხელისუფლება არ უნდა გვეკრიტიკებინა? არა, ჩვენ კი ვაკრიტიკებდით, მაგრამ თქვენ არ უნდა გეკრიტიკებინათ? ვერ გავიგე, რანაირი ქართველები ხართ?!
წინა კვირას საფრანგეთის სასამართლომ "ნაციონალების" დამფინანსებელი და ერთ დროს ჩვენი სარდალი, დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა. ესე იგი, კაცი სანამ აქ იყო, თითი არავინ დააკარა, მერე გაიქცა და ახლა ექსტრადაციისთვის მტკიცებულებებს ვეღარ ვაგროვებთ. მეტიც, ყიჟინა დავეცით, კეზერაშვილი ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლეს, ვერსად ვერ გაიქცევაო. ამ დროს, საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი კონსულტანტი ნუგზარ სულაშვილი ასეთ რამეს ამბობს:
"კეზერაშვილს არამც თუ ელექტრონული სამაჯური, გირაოც არ გადაახდევინეს სრულიად მარტივი მიზეზის გამო - ის არც საფრანგეთის მოქალაქეა და არც ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებელი. ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პირს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ქვეყნის ტერიტორიაზე. საკმარისია თქვენი უნიათობის "გაპრავება" და საზოგადოების დაბოლება!"
მე პირადად ვიცნობ ნუგზარ სულაშვილს და ნამდვილად დაეჯერება. მართლა როდემდე შეიძლება, რომ პატივცემული საზოგადოება დაბოლდეს? ხალხო, ჩვენ ის კეზერაშვილი ვერ დაგვიჭერია და გაგვისამართლებია, რომლის წინააღმდეგაც მტკიცებულებები ტონა ათი შაურია, ან სააკაშვილი, ან ადეიშვილი რანაირად უნდა გავასამართლოთ? "ნაციონალები" უკვე ქირქილებენ და ამ ხელისუფლებას უსუსურს უწოდებენ. ამას აღარც მალავენ, პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან ამბობენ. გიორგი ვაშაძე და ნუგზარ წიკლაური მართლა ღადაობდნენ წინა კვირას პარლამენტში, ამ უსუსურ მთავრობას სამართლიანობა ვერ აღუდგენიაო. დავით მაღრაძე ამბობს თავის გადაცემაში, "ნაციონალებს" თავად მიმდინარე მოვლენები დატოვებს ყურადღების მიღმაო. ბიძინა ივანიშვილი შეეკამათა, ჩვენ არავინაც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, ხალხი გვჭირდებაო. აჰა, ესეც თქვენი სამართლიანობის აღდგენა, ეს ყველაფერი ზღაპარი ყოფილა!
ბიძინა ივანიშვილი: "სამების ეკლესიის შესახებ ჩამოდიოდნენ ჟურნალისტები ჩემთან. მე ადრე არ ვხვდებოდი მათ, ჩაკეტილად როცა ვცხოვრობდი. ჰოდა, გადავიცვი დაცვის ფორმა და გამოვედი, რადგან ვერ ვიშორებდი. აბეზარები იყვნენ უკვე. არ გრცხვენიათ-მეთქი, რომ წერთ, რომ სამება ააშენაო? იქ 1 ლარი ვინც დადო, შეიძლება, პური ვერ იყიდა იმ დღეს და ჩემზე გაცილებით დიდი მადლი გაიღო. ამიტომ ასე რომ წერთ და ასე მიანიშნებთ ამას, მკრეხელობა ხომ არაა-მეთქი? კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი!"
დღეს დაცვის ან პოლიციელის ფორმა რომ გადაიცვას ბატონმა ბიძინამ და ქუჩაში გამოვიდეს, გაცილებით მეტს გაიგებს. გინდა, დაცვის ფორმა იყოს, გინდა - ნაბადი, მთავარი გაგებაა!
ერთი მერიაში შეიაროს, ნახავს, რომ იქ ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. მერე საკრებულოში შეისეირნოს, სადაც წერა-კითხვა არავინ იცის. მეორე თვე მიდის, თბილისს ბიუჯეტი არ გააჩნია. აქეთ სევდია უგრეხელიძე უბერავს, იქით - შიხიაშვილი. ერთი ალთას დადის, მეორე - ბალთას! "ქართული ოცნების" "სასტავში" ყოფილი "ნაციონალები" და "ქედემეშნიკები" სხედან. ტყუილად იღებენ ხელფასებს, პრემიებსა და წანამატებს, წურბელებივით ხრავენ დედაქალაქს. შეიარეთ, ბატონო ბიძინა, თუ გნებავთ, მეც წამიყოლეთ, არ დაგზარდებით, ორივემ გადავიცვათ პოლიციის ფორმა, ან სულაც ნაბდები წავიღოთ!
დაბოლოს... გაიგეთ ყველამ, რომ ხელისუფლება, საპატრიარქო თუ საზოგადოება ამიერიდან სიყვარულით უნდა აკრიტიკოთ. ასევე, მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", კეზერაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ ადეიშვილი სიყვარულით უნდა აკრიტიკოთ. ვაიმე, ისე საყვარლად გაათავისუფლა ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი, მეტი არ იქნება, მე პირადად ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. აი, თურმე რატომ არ იჭერენ გიგილო უგულავას, პროკურატურაში რომ მიჰყავთ, იქ ჯერ სიყვარულს უხსნიან და მერე კითხავენ საყვარლად, თავზე ხელის გადასმით. მოკლედ: "სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს"?!