"ყოფილი პრეზიდენტის მკვახე განცხადება არ შეესაბამება მის სტატუსს"- ვოლსკი მარგველაშვილს "ჯენტლმენური შეთანხმების" დარღვევისთვის აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი თავდასხმა გიორგი მარგველაშვილზე. "ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის მიერ საარჩევნო უბანზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის შეფასებით, მარგველაშვილმა არა მხოლოდ ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, არამედ მეორეს უხეშად თავს დაესხა.

"ეს იყო საკმაოდ მკვახე განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. აშკარა მხარდაჭერით ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ, თან არა მხოლოდ კეთილგანწყობით ამ კანდიდატის მიმართ, არამედ ძალიან უხეში თავდასხმით ოპონენტ მხარეზე. ეს არ შეესაბამება არც ამ პიროვნების სტატუსს და გარკვეული ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ იქნას გაკეთებული"- თქვა დეპუტატმა.