საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს ტაძრის საზეიმო გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის ტაძარი ამ დრომდე არ აგებულა.
„პატრიარქი ხშირად ამბობდა, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ წმინდა ნინოს სახელზე დიდი ტაძრის მშენებლობაო. ახლა, უწმინდესისა და ქართველი ერის გასახარად უფალმა ინება აშენებულიყო და გვეკურთხა ეს დიდებული ტაძარი. ამაში დიდი წვლილი არჩილ გეგენავას და კიდევ უამრავ ადამიანს მიუძღვის" - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა სალომე ზურაბიშვილის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ის ადამიანები აქილიკებენ, ვინც არასოდეს ყოფილა წმინდა ნინოს გზაზე.
„ვინც გაიარა წმინდა ნინოს გზა არ მგონია იმათ გაექილიკებინათ. ხოლო ვინც არასოდეს ყოფილა და ისინი აქილიკებენ, ეს არაფერს ნიშნავს" - განაცხადა მეუფე იაკობმა.