ნანა კოსტავა საკრებულოდან არ წავა:

ნანა კოსტავა საკრებულოდან არ წავა: "ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა, გოგო სად მიდიხარო..."

"ქართული ოცნების" წევრი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა მანდატის დატოვებას აღარ აპირებს. მისი თქმით, ამომრჩეველმა სთხოვა, რომ ქუთაისის საკრებულოში მუშაობა გააგრძელოს.

"ქვეყანაში იმდენი პრობლემა ხდება, ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ჩემი ამბით გავაღიზიანე ეს ხალხი. რაც შეეხება მანდატს, ამ დღეების განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა, გოგო სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს საკრებულოშიო, ჰოდა დავრჩები,"- აცხადებს ნანა კოსტავა.

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ბლოგერ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.