"მე ყოველთვის ვიქნები ამ დამნაშავის რეაბილიტაციის პრინციპული და კატეგორიული წინააღმდეგი"

რაც არ უნდა მოხდეს, რა სისულელეები და მავნებლობებიც არ უნდა ჩაიდინოს ამ ხელისუფლებამ, მე ყოველთვის ვიქნები ამ დამნაშავის რეაბილიტაციის პრინციპული და კატეგორიული წინააღმდეგი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც გავიგე, დღეს რუსთავი-2-ე იქნება ინტერვიუ ბ-ნ ზურაბ ადეიშვილთან.

არ ვიცი რაზე იქნება იქ ლაპარაკი, მაგრამ წინასწარ უნდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით: ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მისი ადგილი არის ციხეში.

და მისი ადგილი იქ არის უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის იყო უშუალო ხელმძღვანელი და იდეოლოგი სასამართლოს სისტემის პროკურატურის ნოტარიუსად გადაქცევისა და მურუსიძე-ჩინჩალაძეების ტიპის მოსამართლეების ჩანერგვისა ამ სისტემაში. მისი აწყობილი გახლდათ აგრეთვე საპროცესო გარიგებების საბიუჯეტო შემოსავლის წყაროდ გადაქცევის სისტემა პრინციპით, "რაც მეტი პატიმარი გყავს, მით მეტი ფული შედის ბიუჯეტში."

ახლანდელი ხელისუფლება რომ ბაჩო ახალაიას ვაშლის გათლას ედავება და მიშა სააკაშვილს პიჯაკებს, ეს ამ ბედოვლათი მთავრობის პრობლემაა და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების დამონება-დაჩმორების მთავარი ორგანიზატორი არაა დამნაშავე.

და რაც არ უნდა მოხდეს, რა სისულელეები და მავნებლობებიც არ უნდა ჩაიდინოს ამ ხელისუფლებამ, მე ყოველთვის ვიქნები ამ დამნაშავის რეაბილიტაციის პრინციპული და კატეგორიული წინააღმდეგი", - წერს ზურაბიშვილი.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ არა "რუსთავი 2"-ზე, არამედ მის იუთუბარხზე იქნება.

"ჯერ ერთი, არ არის დღეს ეგ ინტერვიუ, ჩემს იუთუბ არხზე იქნება. ამას გარდა, ძაან საინტერესოა, Eka Gigauri რას ეთანხმები? განაჩენი არსებობს ამ კაცის მიმართ? და უკანონო დევნის ფაქტი რომ დადგეს და აქ თანხმობა გაქვს გამოჭიმული შენც და შენი ორგანიზაციის წევრს, მერე როგორ იქნება? რაც ამ პოსტში წერია, ინტერვიუში ამაზე ლაპარაკი არის, თან ძალიან კრიტიკულად, მაგრამ სისხლის სამართლის შემადგენლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა განსხვავებული რამეა. არა, დამლაიქებელო იურისტებო? თუ ეგ არ იცით, სად ისწავლეთ იურისპრუდენცია? ბატონო დავით, ამ პოსტის ლოგიკით, თქვენ სისხლის სამართლის დამნაშავე ხართ, ქვეყნის გამანადგურებელი ივანიშვლის ხელისუფლების მოსვლაში ხელის შეწყობისთვის და რუსეთის აგენტურული ქსელის მიერ ქვეყნის მართვის ნებსით თუ უნებლიედ უზრუნველყოფაში. გაწყობეთ ეგეთი "რასკლადი"?", - წერს გვარამია.