ახალი მთავრობა: რა ეშველება რეგიონულ პოლიტიკას?

ახალი მთავრობა: რა ეშველება რეგიონულ პოლიტიკას?

ახალი მთავრობის წარდგენისას პრემირ–მინისტრობის კანდიდატმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაშლის შესახებ გადაწყვეტილება გვამცნო.

დავით ნარმანიამ, რომელიც პრაქტიკულად დროებით მინისტრად დაინიშნა, ფაქტიურად სამინისტროს ლიკვიდაციის დავალება მიიღო. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადავა, ხოლო რეგიონული განვითარების ბედი ახალ მთავრობაშიც ჯერჯერობით ისევ გაურკვეველი დარჩა. მართალია ითქვა, რომ შეიქმნება სამსახური, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, მაგრამ არ დაკონკრეტებულა არც ამ სამსახურის სახელი და მით უმეტეს, არც მისი ფუნქციები.

როგორც ჩანს, რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება მთავრობის ე.წ. ეკონომიკური ბლოკის საერთო რეორგანიზაციის კონტექსტში იქნა მოაზრებული. სამინისტროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება სავარაუდოდ ეკონომიკური პოლიტიკის ახლებურად, ფუნქციური მიზანშეწონილობის შესაბამისად ორგანიზების გამო გადაწყდა. ხაზიც გაესვა იმ გარემოებას, რომ წინა მთავრობა არა ფუნქციური მიზანშეწონილობით აგებულ, არამედ პიროვნებებზე აწყობილ კვაზი–სტრუქტურას წარმოადგენდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ–ერთი ძირითადი მხარჯველი დაწესებულება იყო ძველ მთავრობაში. მისი ძალზე სოლიდური ბიუჯეტი ძირითადად ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯებისაგან შედგებოდა. ამასთან, ეს ძვირფასი ინფრასტრუქტურული პროექტები არამც თუ რეგიონული განვითარების კონტექსტს, არამედ ზოგადად – განვითარების მეტ–ნაკლებად რაციონალურ მიზნებსაც კი გვარიანად იყო აცდენილი.

ყველასათვის ცნობილია, რომ ქვეყნის განვითარება არა რაციონალური დაგეგმვის, არამედ სააკაშვილის ხასიათის საქმე იყო. გააჩნია, რა სიზმარს ნახავდა და რა ხასიათზე გაიღვიძებდა „მოდერნული ეპოქის“ ახალი აღმაშენებელი - სინგაპურის ფეშენებელური ცათამბჯენების ხილვა ეწვეოდა თუ  რაბათის ახალი ციხისაკენ გაუწევდა მგზნებარე გული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სააკაშვილისათვის ხასიათის „გასწორება“ ევალებოდა და ისიც, პატრონის გულის გასახარად, „იაფად, სწრაფად და ხარისხიანად“ აშენებდა სააკაშვილის ნიუ–ჯორჯიას. ასეთი ვაი–აღმშენებლობის პოლიგონად გადაიქცა მთელი ქვეყანა. კურიოზული მაგალითად ბაყაყების გულის გასახარად უდაბურ ადგილას, შუა ჭაობში წამოჭიმული ლაზიკის იუსტიციის სახლიც  კმარა, ქუთაისში „გოგორიშვილის უნიტაზად“ წამომხობილ  ახალ პარლამენტსაც რომ თავი დავანებოთ!

რეგიონული პოლიტიკისადმის კურიოზული დამოკიდებულება თუნდაც იქიდან ჩანს, რომ  პარლამენტის ქუთაისშიგადატანა დეცენტრალიზაციად შემოგვასაღეს!

ეს იყო ფაქტიურად კურიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების და არა რეგიონული განვითარების სამინისტრო. ძირითადი ამოცანა და რეგიონული განვითარების კონტექსტი, რისთვისაც იყო ეს სამინისტრო შექმნილი და მოწოდებული, არც კი გაცნობიერებულა. ეს სამინისტრო ერთი დღეც კი არ ყოფილა რეგიონული პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი სამთავრობო უწყება, ხოლო მისი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის რეგიონულ განვითარებას ირიბათაც კი არ დაკავშირებია.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ამ სამინისტროს „შემოქმედების“ შემყურეს ივანიშვილს მისი გაუქმება მოეწადინებინა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ამოცანა ეკონომიკის სამინისტროსთვის მიენდო.

მაგრამ ხომ არ ხდება ისე, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლეთ? საერთოდ ხომ არ დაკარგა ახალმა მთავრობამ რეგიონული პოლიტიკის კონტექსტი?

ხომ არ ნიშნავს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაშლის შესახებ ეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა კვლავაც დარგობრივ, ცენტრალიზებულ მართვას შეინარჩუნებს და განვითარების ამოცანები ისევ მთავრობის, მისი სამინისტროების დარგობრივ და არა რაციონალურად გააზრებულ რეგიონულ პოლიტიკას დაუკავშირდება?

ცენტრალიზებულმა, დარგობრივმა მართვამ, რაც საბჭოთა ტრადიციიდან მოგვდევს და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ყველაზე რადიკალური – ავადმყოფური ვოლუნტარიზმის სახე მიიღო, ქვეყანა ბოლომდე გააპარტახა და მხოლოდ საქვეყნო რესურსების კერძო „დილიხორით“ დატაცება–დანიავებას განაპირობებდა.

არც მთლიანად ქვეყანაში და არც მის ტერიტორიულ ერთულებში არ იგეგმებოდა განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. არც ერთ დონეზე არ მუშაობდა რაციონალური დაგეგმვის მარტივი სქმემა: პოლიტიკა–პროგრამა–ბიუჯეტი. განვითარება ხომ რაციონალურად სწორედ ასეთი თანმიმდევრობით უნდა დაიგეგმოს: უნდა შეირჩეს პრიორიტეტები და ჩამოყალიბდეს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებისა და მართვის პოლიტიკა; შემდგომ ეტაპზე ეს პოლიტიკა, მისი მიზნებისა და ამოცანების რეალიზაცია უნდა განსხეულდეს სოციალურ–ეკონომიკურ პროგრამებსა თუ საინვესტიციო პროექტებში და მხოლოდ ამის მიხედვით, დაგეგმვის ბოლო სტადიაზე უნდა შედგეს ბიუჯეტი.

ცხადია, საქართველოში მსგავსი პროცესი არც სააკაშვილის პერიოდში რა არც მანამდე არასდროს ყოფილა. ე.წ. პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად კანონმდებლობითაცაა შემოღებული, სინამდვილეში არც ერთ დონეზე – არც საქვეყნოდ და არც მუნიციპალიტეტებისათვის არ დგება.

საუკეთესო შემთხვევაში, ცალკეული დარგობრივი პრიორიტეტები და შესაძლოა პროგრამებიც არსებობს, მაგრამ ისინი ფრაგმენტულია და მათ არ აერთიანებთ ტერიტორიის განვითარების საერთო ხედვა, კომპლექსური პოლიტიკის მიზნები და ამოცანები. ამიტომაც ეს დარგობრივი პროგრამები თუ პროექტები განვითარების მიზნებს ვერასდროს აღწევენ და სინამდვილეში მათი განხორციელება მხოლოდ რესურსების ფუჭი ფლანგვაა. ფუჭია საზოგადოებისათვის, ხალხისთვის, თორემ, იცოცხლეთ, უაღრესად სარგებლიანია იმათთვის, ვინც ამ რესურსებს ხარჯავს და განაგებს!

არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო პრაქტიკაც ნათლად ადასტურებს, რომ ცენტრალიზებული, დარგობრივი მართვა განვითარებას არ განაპირობებს და სოციალურ–ეკონომიკური კრიზისების მუდმივი წყაროა. ქვეყნის რესურსები არა დარგობრივ სამინისტროებს შორის, არამედ ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის უნდა გადანაწილდეს და არა დარგის, არამედ ამ ტერიტორიული ერთეულების განვითარებას უნდა მოხმარდეს. 

უნდა იმართოს არა ცალკეული დარგები, არამედ ტერიტორიები. უნდა დაიგეგმოს იზოლირებულად და აბსტრაქტულად არა ცალკ–ცალკე ესა თუ ის დარგობრივი პოლიტიკა, არამედ ერთიან კომპლქსში სრულიად საქართველოს, ასევე მისი რეგიონებისა თუ მისი თვითმმართველი ერთეულების განვითარება!

ეს ნიშნავს, რომ განვითარების პრიორიტეტები, სოციალურ–ეკონომიკური ზრდის გეგმები და შესაბამისად, მმართველობითი გადაწყვეტილებები სამ ტერიტორიულ დონეზე უნდა მიიღებოდეს: ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. სწორედ ეს იქნება აუცილებელი წინაპირობა როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე მისი ცალკეული ტერიტორიების განვითარებისათვის.

ბუნებრივია, ამას მმართველობის სისტემის ძირეული რეფორმირება დასჭირდება. ამ რეფორმებში ორი მთავარი მიმართულებაა გამოსაყოფი:

დარგობრივი, ცენტრალიზებული არაეკონომიური და რესურსების განიავებაზე ორიენტირებული მართვის ტრანსფორმაცია ტერიტორიულ ეფექტიან მმართველობად, რომელიც შესაბამისი ტერიტორიის საჯარო ინტერესებისა და განვითარების მიზნებით ხორციელდება. ბუნებრივია, ასეთი მმართველობისათვის ჩვენ დაგვჭირდება როგორც საზოგადოებრივი ჩართულობა პოლიტიკაში, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე მაღალ კვალიფიციური საჯარო სამსახური, კომპეტენტური სამოხელეო კორპუსი.

სწორედ ამიტომ, მმართველობის სისტემის რეფორმირების მეორე მაგისტრალური მიმართულება პატრიმონიალური, პირადი ერთგულების პრინციპებით მომუშავე ბიუროკრატიის ნაცვლად პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაა.

მმართველობის სისტემის ასეთი ძირეული რეფორმა კომპლექსურად უნდა დაიგეგმოს. პირველ ყოვლისა იგი უნდა გულისხმობდეს:

– მმართველობის დეცენტრალიზაციას – მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი საჯარო რესურსების გადაცემას ცენტრალური მთავრობის გამგებლობიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის; ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის და მისი შესაძლებლობების ხარისხობრივ გაუმჯობესებას;

– მმართველობის დეკონცენტრაციას – ცენტრალური უწყებების უფლებამოსილებების გადატანას მმართველობის ტერიტორიული ორგანოებისათვის. ეს ნიშნავს, რომ დარგობრივი სამინისტროები შეინარჩუნებენ მხოლოდ შესაბამისი დარგის სტრატეგიის, „თამაშის წესებისა“ და სტანდარტების დაწესების უფლებამოსილებებს, ხოლო ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის ფუნქციები რეგიონული მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის იქნება დელეგირებული.

აქვე ისიც არის აღსანიშნავი, რომ მოქმედი პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის შემდგომი კონცენტრირებისაკენ გარკვეული საეჭვო ნაბიჯები იდგმება. ეს უპირველესად უკავშირდება გუბერნატორების გადანიშვნის პროცესს, რაც სავსებით არაკორექტულია, რადგან გუბერნატორი არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ, უპირველესად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია ტერიტორიულ ერთეულებში და პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობით ვალდებულია მათი დანიშვნა პრემიერ–მინისტრთან შეათანხმოს; იგი სარგებლობს ვითარებით, როცა ახლი პრემიერი ჯერ არ ყავს ქვეყანას და ერთპიროვნულად იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; იქმნება ერთგვარი პლაცდარმი რეგიონული პოლიტიკის ხელში ჩასაგდებად.

ნიშანდობლივია მუნიციპალური მოხელეებისათვის პრეზიდენტის მიერ სახელფასო ზედა ზღვრების არსებითი გაზრდაც, რაც ძირითადად ნაციონალური მოძრაობით დაკომპლექტებული საკრებულებისა და ასევე გამგეობების  ძველი პოლიტიკური პატრონის ხელში შენარჩუნების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს.

მმართველობის სისტემის რეფორმირება დღევანდელობის მთავარი თემად უნდა იქცეს. ცხადია, ახალი მთავრობის ფორმირებისას მნიშვნელოვანია – ვის რა პორთფელი ჩაბარდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, როგორი იქნება სამომავლოდ ქვეყნის მმართველობის სისტემა. მოხდება თუ არა მისი ტრანსფორმაცია? არსებითად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ბედი.

სწორედ ამიტომ, რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხომ არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რომ ახალი მთავრობა არა პრიორიტეტულად მიიჩნევს რეგიონულ პოლიტიკას, მაშასადამე, უარს ამბობს მმართველობის სისტემის ძირეულ რეფორმაზეც?

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის, რადგან კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში დარგობრივი, ცენტრალიზებული მმართველობის ტერიტორიულ მართვად ტრანსფორმაცია, სავსებით მართებულად სამომავლო რეფორმების ერთ–ერთ ძირითად მიმართულებად არის მიჩნეული.

რა გზას აირჩევს მთავრობა? ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, როცა ივანიშვილი პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროგრამაში ღირსეული ადგილს დაიკავებს როგორც რეგიონული პოლიტიკა, ასევე მთლიანად მმართველობის სისტემის რეფორმირების საკითხი.

რა ინსტრუმენტებით გეგმავს ახალი მთავრობა რეგიონული პოლიტიკის წარმოებას, ესეც მალე გამოჩნდება.

რეგიონული პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება იქნება ერთგვარი ტესტი, სადაც გამოჩნდება ცენტრალიზებულ, დარგობრივ მმართველობას შეინარჩუნებს ივანიშვილი, თუ მოახდენს მმართველობის მავნე სისტემის რეფორმირებას.

ახალ მთავრობას ქართველი ხალხის უდიდესი მოლოდინები, მათ შორის უმთავრსი – დემოკრატიული, ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბება, უკავშირდება. ღმერთმა ქნას, ახდეს ქართული ოცნება!