უწმიდესისა და უნეტარესის, ეფრემ მეორის ცხოვრებაზე გვესაუბრება არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი
1960 წელს მეუფე ეფრემი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმიდესი ეფრემი 12 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს ეკლესიას. ურთულესი პერიოდი იყო. თითქოს პოლიტიკურად დათბა, მაგრამ, ეკლესიების დევნა განახლდა და გაძლიერდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა ტელევიზიით განაცხადა, მე უკანასკნელ მღვდელს ეკრანიდან გაჩვენებთ და ის იქნება ბოლო სასულიერო პირი ჩვენს ცხოვრებაშიო. ისიც დასძინა, წინასწარ ვიცი, ან ქართველი, ან უკრაინელი იქნება ის მღვდელიო. ასეთ რთულ დროს უწმიდესმა ეფრემმა ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა.
ყველგან იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, აკადემიები, სემინარიები. რეგიონებში თითო ან ორი ტაძარი მოქმედებდა. თბილისში ასეთი იყო წმიდა ბარბარეს ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის, ალექსანდრე ნეველის, ქაშუეთის, სიონისა და მთაწმინდის ტაძრები (სულ 7 ტაძარი). ერთ-ერთი უნდა დაეხურა საბჭოთა მთავრობას. არჩევანი მთაწმინდაზე შეაჩერეს. ადრე მამადავითის ტაძარი არასდროს დახურულა. მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატმა პირდაპირ მოსთხოვა უწმიდეს ეფრემს მისი დახურვა.
პატრიარქმა ნაჯახი გაახვია გაზეთში და „ცეკაში“ მივიდა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გივი ჯავახიშვილს გაუკვირდა, მის კაბინეტში ნაჯახით შემოსული პატრიარქი რომ დაინახა.
– ეს რა არის, ბატონო ეფრემ? – ჰკითხა პატრიარქს (ხაზგასმით „ბატონობით” მიმართავდა).
– ეს ნაჯახი გახლავთ; თუ მთაწმიდის ტაძარს დახურავთ, აიღეთ და მეც თავი მომკვეთეთ. თუ თქვენ არ მომკვეთთ, თავს თავად მოვიკლავ და მთელი მსოფლიო გაიგებს, როგორი ჯალათები ხართ.
დაიბნენ, შეეშინდათ, უწმიდეს ეფრემს მართლა არ შეესრულებინა დანაპირები. კი გამოცხადდა, მთაწმინდის ტაძარი დაიხურაო, მაგრამ, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა წირვა-ლოცვა.
ცნობილია ასეთი ფაქტიც: სომხეთის პატრიარქი ვაზგენი სოხუმში ყიდულობდა მიწებს სომხებისათვის. უწმიდესმა ეფრემმა წერილი მისწერა: ძალიან კარგია, რომ ზრუნავ სომხებზე, მაგრამ, უმჯობესი იქნებოდა, მათთვის მიწები სომხეთში გამოგეყოთ, იქ ხომ ბევრი დაუსახლებელი ადგილიაო. ერთ კვირაში დაიბარეს რწმუნებულის აპარატში და მკაცრად უთხრეს: შენ ვინ გეკითხება, ვინ ვის სად უყიდის მიწასო?!
აფხაზეთში სხვა ეროვნების ხალხის ჩასახლების პოლიტიკა კარგა ხანი, დღის წესრიგში იყო. ამას აღწერდა ქართველი მოღვაწე თედო სახოკია თავის „მოგზაურობანში“. შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ.
უწმიდესი ეფრემისგან გმირობის ტოლფასი იყო, რომ მან „ახალი აღთქმა“ 5 000 ეგზემპლარად დაბეჭდა. მაშინ ქადაგებაც კი საშიში იყო, არამცთუ სახარების დაბეჭდვაზე ფიქრი. მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თვალს დავხუჭავთ, ოღონდ 500 ეგზემპლარზე მეტი არ დაიბეჭდოსო. უწმიდესს უთქვამს, 500 წიგნი ვის ეყოფა, დიდი მრევლი მყავსო. ამ კამათში გივი ჯავახიშვილს მაგიდაზე ხელი დაურტყამს: რა გააწყალეთ, ბატონო ეფრემ, გული, ვთქვით 500, ესე იგი 500 დაიბეჭდებაო.
უწმიდესი ეფრემი წამომდგარა:
– შენ ვის უყვირი, ორიათასწლიანი ეკლესიის მეთაურს? მე შენ აღარ დაგელაპარაკებიო, – ამ სიტყვებით გამოსულა კაბინეტიდან. ჩინოვნიკი უკან დაედევნა. პატრიარქი არ დაელაპარაკა. შემდეგში სამჯერ სთხოვა აუდიენცია. სამჯერვე უარი უთხრა. ერთხელ მაინც რომ მიეღო, შეიძლება, 500 არა, მაგრამ, 1 000 დაბეჭდილიყო. პროტესტით კი იმას მიაღწია, რომ 5 000 დაიბეჭდა.
საოცრება იყო ისიც, რომ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ყველგან იხურებოდა სემინარიები, 1963 წელს უწმიდესმა ეფრემმა გახსნა ორწლიანი საღვთისმეტყველო-სამოძღვრო სასწავლებელი, რომელიც შემდეგში სემინარიად გადაკეთდა. სასწავლებლის პირველი რექტორი იყო სრულიად საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
ეფრემ მეორე უაღრესად თავმდაბალი პიროვნება იყო. ლესელიძის ქუჩაზე უყვარდა სეირნობა. მაშინ პატრიარქს ვერც კი ცნობდნენ.
იმ პერიოდში სიონის კიბე სხვანაირი იყო. ერთი მათხოვარი იჯდა ხოლმე, რომელიც ძალიან უყვარდა უწმიდეს ეფრემს. ჩაუვლიდა და ჩამოუჯდებოდა გვერდით, ესაუბრებოდა. ერთხელ, გამოიარა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ვერც კი წარმოიდგინა, რომ, შეიძლებოდა, მათხოვრის გვერდით მჯდომი პატრიარქი ყოფილიყო და „მოწყალება გაიღო“ – შაურიანი ჩაუგდო ხელში. პატრიარქი მთელი სიცოცხლე ინახავდა იმ შაურიანს, ამბობდა: სწორედ ეს არის, რაც ჩემი ოფლით მოვიპოვე ჩემი სიცოცხლის მანძილზეო.
ერთხელ ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში, პატრიარქის ნახვა უნდოდათ. შევიდნენ ტაძარში. უწმიდესი ეფრემ მეორე მოკრძალებით იყო ჩამომჯდარი; უბრალო კაბა ემოსა და ჭაღარა თმა სადად ჰქონდა შეკრული. რუსი მღვდელმთავრები დიდებულად შემოსილები გახლდნენ. შემობრუნდნენ და დაინახეს ეფრემ მეორე. დაუძახეს:
– ეი, მორჩილო!
– მე არ ვარ მორჩილი, – უპასუხა ეფრემმა მშვიდად.
– აბა, ვინ ხარ, მღვდელი?
– არა, არც მღვდელი… უფრო მაღლა.
– იერომონახი?
– არა, უფრო მაღლა.
– არქიმანდრიტი?
– არა.
– ეპისკოპოსი?! – გაოცება დაეტყოთ სტუმრებს.
– კიდევ მაღლა.
– პატრიარქი?! – აღმოხდათ და იმ წუთში მუხლი მოიყარეს უწმიდესი ეფრემ მეორის წინაშე.
უყვარდა თქმა: ადამიანს ორი ყური იმიტომ აქვს, ერთით ისმინოს, მეორით – აისხლიტოსო. ყურებს შორის კი ღმერთმა ტვინი ჩაგვიდო, რომ გავარჩიოთ, რა უნდა შევუშვათ და რა დავტოვოთ გონებაშიო.
ავადმყოფობის ჟამს შვიდგზის ზეთისცხება შეუსრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. თითქოს ძალა მიეცა, ფეხზე დადგა, რამდენიმე ხანს იცოცხლა კიდევ… აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულში.