თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით საქართველოში "ქართული ოცნების" წევრ კახი კალაძის საბანკო ანგარიშები დააყადაღა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კალაძის ანგარიშზე 6 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, საიდანაც კალაძემ 1.600.000 ლარი გაიტანა.
სამართალდამცავი უწყების მტკიცებით, ამ ფულის მოძრაობა შემდეგ არც ერთ ბანკში არ ფიქსირდება, რაც ეჭვს იწვევს. კახი კალაძემ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ანგარიშების დაყადაღების საფუძველი არ არსებობს, რადგან იყო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და რამდენიმე ბიზნესსაც ფლობს.
„კარგად ვხედავთ, დღევანდელი კრიმინალური ხელისუფლება რა აგონიაშიც არის. ის ყველაფერს კადრულობს და ყველაფერზე მიდის, მაგრამ მინდა საქართველოს მოქალაქეები დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, "ქართულ ოცნებას" ვერავინ დაახევინებს უკან", - აღნიშნა კალაძემ.