პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ არა მარტო მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ მეოთხე ვადითაც შეინარჩუნოს ძალაუფლება. კობახიძეს ამის მაგალითად ევროპის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს. კერძოდ, ანგელა მერკელი მეოთხე ვადით მართავს ქვეყანას, ასევე, ირაკლი კობახიძე შეგვახსენებს, რომ შევარდნაძის ხელისუფლება სამი ვადით იყო არჩეული.
ამდენად, პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, განსაკუთრებული არაფერი არ არის იმაში, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია სამი ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ იქნება პირველად საქართველოში, ეს საპარლამენტო სისტემის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოდელია.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს. ლაგაზიძე „ოცნების“ მიერ უმრავლესობის მოპოვებაზე საუბრობს და არა- კოალიციური მთავრობის ალბათობაზე.
დარჩება თუ არა ეს ხელისუფლება მესამე და მეოთხე ვადითაც, ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხს სცემს ბიძინა ივანიშვილის არც თუ შორეულ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება. ივანიშვილმა ორგანიზაცია 2030 სწორედ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის სურვილით დააარსა. ის არც მალავდა, რომ მისი მიზანი და ოცნება იყო, 2030 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სამმაგად გაზრდილიყო, რაც, ცხადია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უნდა განხორციელებულიყო.
და მაინც, რა ვადით შეინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს მესამე ვადით, მეოთხე ვადაზე საუბარი კი წარმოუდგენელია. პოლიტოლოგის განმარტებით, თუკი ვინმეს ანგელა მერკელთან პარალელების გავლება უნდა, მაშინ გერმანიასავით აწყობილი ქვეყანა უნდა გვქონდეს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარალელების გავლება.
ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, რამდენ ხანს დარჩება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ძირითადად დამოკიდებულია ოპოზიციაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თავად ხელისუფლებაზეც, თუ რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ამას თვალი უნდა გაუსწოროს ოპოზიციამ და რეალურად გააანალიზოს, როგორ ახერხებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაში დარჩენას. ოპოზიციის მხრიდან სულაც არ არის საკმარისი იმაზე საუბარი, რომ მილიონებს ხარჯავს ივანიშვილი და თურმე 200-200 ლარით მოისყიდა ამომრჩეველი. ასეთი ოპოზიცია მუდმივად იქნება ოპოზიციაში, ან გამოჩნდება რომელიმე მესამე ძალა, რომელიც გაფანტულ ოპოზიციას ისევ ცხვრებივით შერეკავს პარლამენტში და ოთხი წლის მერე ისევ გამოუშვებს ქუჩაში, როგორც ეს ივანიშვილმა და უფრო ადრე სააკაშვილმა გააკეთეს. შესაბამისად, ეს თამაში გაგრძელდება.
„ვფიქრობ, სწორია ირაკლი კობახიძე, რადგან გამუდმებით იმაზე საუბრობენ, თითქოს ორ ვადაზე მეტი ხნით საქართველოში ხელისუფლება არ ყოფილა. სინამდვილეში, შევარდნაძე 10 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, 1992-ში მოვიდა და 2003-ში წავიდა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საპრეზიდენტო მმართველობა გვქონდა. კი ბატონო, 17% აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ „ოცნება“ მაინც ლიდერი პარტიაა. ასე რომ, ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას, მათ შორის, დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად სწორად იმუშავებს ოპოზიცია. ჯერჯერობით, მე რასაც ვუყურებ, არ ჩანს დიდი იმედი იმისა, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიცია რამის გამკეთებელია“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ვახტანგ ძაბირაძე.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძეს შეეძლო ეს სია გაეფართოებინა. მაგალითად, იაპონიაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია გაცილებით უფრო მეტი ვადით იყო ხელისუფლებაში, ვიდრე დღეს „ქართული ოცნებაა“. არა მარტო იაპონიაში, ასეთივე სხვა ქვეყნებიც შეიძლება დავასახელოთ, სადაც მმართველი პარტია ორ ვადაზე მეტხანს ყოფილა ხელისუფლებაში და ამაში გასაკვირი არაფერია.
სოსო მანჯავიძის აზრით, საერთოდ, ხელისუფლების სწრაფი ცვლა და ხელისუფლებაში სხვადასხვა პარტიის ხშირ-ხშირი მოსვლა დემოკრატიის ინდიკატორი არ არის. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, მათ შორის, თავისი სპეციფიკა აქვს საქართველოსაც, ამდენად, ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომ ხელისუფლებაში მესამე და მეოთხე ვადით დარჩებიან, ნამდვილად არ არის ერესი და არ არის სკანდალური.
„ხელისუფლებების ხშირი ცვლა კი არ უნდა იყოს შეფასების პარამეტრი, არამედ ხელისუფლებას უნდა ვაფასებდეთ მისი ეფექტურობის მიხედვით, თუ რამდენად ვითარდება ქვეყანა ამა თუ იმ მმართველთა ხელში. გავიხსენოთ სამხრეთ კორეის დიქტატორი პაკ ჩონ ჰი, რომელმაც შექმნა სამხრეთ კორეის ეკონომიკური და პოლიტიკური სასწაული, ასევე, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის სტაბილურმა მმართველობამ შექმნა იაპონიის ეკონომიკური სასწაული და ა.შ. ამიტომ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად ეფექტურია „ქართული ოცნების“ მმართველობა და არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება მაინცდამაინც იმაზე, შეიცვალოს უკვე არსებული მმართველობა. არის ისეთი ქვეყნები, სადაც დიდხანს არიან ხელისუფლებაში ესა თუ ის პარტიები, თუ დიქტატორები და ისინი საერთოდ დაქცეულან. არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი თუ არ შეიცვალა, ცხადია, მესამე ვადაც გარანტირებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეოთხე ვადაც“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.