გაუჩნდა თუ არა ეჭვიანობის მიზეზი ბიძინა ივანიშვილს კახა კალაძის მაღალი რეიტინგის გამო, ამის შესახებ ჩვენში ბევრი საუბრობს, მთავარი მოქმედი გმირების გარდა. ზოგიერთები პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და შევარდნაძესთანაც ავლებენ და პროგნოზირებენ, რომ კალაძე-ივანიშვილს შორის სცენარი დაახლოებით ასეთი იქნება - უფროსის მიერ გამოზრდილი შეგირდი უფროსის წინააღმდეგ წავა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის მაღალი რეიტინგის გამო „ქართულ ოცნებაში“ ეჭვიანობენ. მისი მოსაზრებით, კახა კალაძის 40%-იანი ნდობის რეიტინგი არ არის მაღალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის თამასა ძალიან დაბალია, მაგრამ კახა კალაძის რეიტინგზე „ოცნებაში“ ეჭვიანობენ. კალაძის პრობლემას კი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანობა წარმოადგენს.
NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და ირმა ინაშვილის რეიტინგი გათანაბრდა და მათ 21%-იანი რეიტინგი აქვთ. ამავე კვლევით პოლიტიკოსებს შორის დავით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ. რესპონდენტთა 40-40% დადებით დამოკიდებულებას აფიქსირებს მათ მიმართ.
უფრო ადრე კომპანია „იპსოს“-ის კვლევამ მიიპყრო ყურადღება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარგებლობს. ამავე კვლევის თანახმად, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს და მის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად-33%.
აქვს თუ არა საეჭვიანო ბიძინა ივანიშვილს და რას ნიშნავს კახა კალაძის მაღალი რეიტინგი?
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ნამდვილად არ იცის, ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანობს თუ არა კახა კალაძეზე, მაგრამ, მიიჩნევს, რომ კალაძის დატვირთვა, საზოგადოების მხრიდან კალაძისადმი წაყენებული მოთხოვნები და იმავე საზოგადოების მხრიდან ივანიშვილისადმი წაყენებული მოთხოვნები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან.
„ჯერჯერობით არაფერში არ ჩანს, რომ კალაძე ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს. უბრალოდ, ყველა ეძებს რაღაცას და ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ, რომ ხვალ ან ზეგ კალაძეს შეიძლება მოუნდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის გაკეთება. ის, რომ კალაძეს აქვს 40% და ივანიშვილს დაბალი პროცენტი, იმით კი არ არის განპირობებული, რომ კალაძე უფრო მაგარია, ვიდრე ივანიშვილი, არამედ იმით, რომ კალაძისადმი პრეტენზიები საზოგადოების მხრიდან სხვაა, ივანიშვილისადმი კი - სულ სხვა. ივანიშვილისადმი რა პრეტენზიებიც არსებობს, ეს არის საქვეყნო პრეტენზიები, კალაძისადმი პრეტენზიები კი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს დედაქალაქს შეეხება.
თუ საუბარია იმაზე, პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია კალაძის ქმედებები, დიახ, გამართლებულია, ის სწორად მუშაობს, ზომიერად აქტიურია და, თუ რამდენიმე გამონაკლისი არ მივიღეთ მხედველობაში, როცა სიტყვა ძალიან ცუდად გაექცა, კალაძე საკმაოდ რესპექტაბელურია. ამიტომ მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. თანაც, ის ახალგაზრდაა, ახალი თაობის წარმომადგენელია, ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც ახალგაზრდულ საზოგადოებას მოსწონს“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, კახა კალაძე ზომიერ პიარს უკეთებს საკუთარ თავს და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია, მაგრამ გადადგამს თუ არა ნაბიჯს ივანიშვილის წინააღმდეგ, ამის თქმა ჯერჯერობით ძალიან ადრეა.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძე საკმაოდ ეპატაჟური ფიგურაა. სხვებისგან განსხვავებით, მისი პიარი ეფექტურად მუშაობს. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს ისეთივე მიზანმიმართული დისკრედიტაციის პოლიტიკა, როგორიც გვახსოვს მისი წინამორბედის-ნარმანიას შემთხვევაში. ეს ყველაფერი კალაძემ გაითვალისწინა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ეჭვიანობა მის მიმართ მართლაც არსებობდეს.
„ვერ გამოვდგები იმის ექსპერტად, რა გრძნობებია გაბატონებული ამა თუ იმ ადამიანის გულში, მაგრამ ეჭვიანობაზე როცა საუბრობენ, ეს გასაკვირი არაა. ობიექტურად ასეთი რამ ხდება, რადგან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნას ახასიათებს ეჭვიანობა. საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი და ჩვენც იდეალური ადამიანები არ გვყავს. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ აფსაიტში არიან, შესაძლოა, ელანდებოდეთ კალაძესა და ივანიშვილს შორის ეჭვიანობა. შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ასეთი საუბრებით გააღვივებენ წინააღმდეგობას მმართველ პარტიაში, მაგრამ არა მგონია, ამ ეტაპზე კახა კალაძეს იმის საშუალება ჰქონდეს, დაუპირისპირდეს თავის პოლიტიკურ გამზრდელს“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ვინმე თუ N D I - ს მიერ დადებულ შედეგებზე ნერვიულობს, ცუდად ყოფილა მისი საქმე!
როგორ შეიძლება სერიოზულად განიხილო იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლის მიხედვითაც ზაალ უდუმაშვილს მეტი რეიტინგი ჰქონია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს და ინაშვილის "პატრიოტთა ალაიანსს", რომელმაც ერთ დაძახილზე 100 000 ადამიანი გამოიყვანა რუსთაველზე?!
საერთოდ, რატომ აჩერებენ ამ უნამუსოდ მატყუარა N D I - ს საქართველოში, რა ხეირია მისგან, მუდმივი სკანდალების ორგანიზების გარდა?!