შალვა შავგულიძე ექს–პრეზიდენტის მხარდაჭერას მიესალმება. ამბობს, რომ არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია, მათ შორის ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში კახაძეს გამარჯვება ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვიცე–სპიკერი არ მალავს, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში მობილიზაცია ექნება. როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თანამდებობის პირების არა თუ უფლება, ვალდებულებაა, საარჩევნო პროცესში აქტიური იყვნენ.
„არა თუ გამოვრიცხავ, არამედ გამიხარდება, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირები მთაწმინდის ოლქში აქტიურები იქნებიან. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებში სრულიად დარწმუნებულები ვართ, გამომდინარე იქედან, რომ პირველ ტურში, ძალიან დაბალი გამოცხადების პირობებში, ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა. როგორც ვხვდები, შუალედური არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციურმა ელექტორატმა საკუთარი ნება სრულად დააფიქსირა – არჩევნებზე ჩვენი და ნეიტრალური მხარდამჭერებიდან ბევრი არ გამოცხადდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
კონკურენტზე, როგორც პიროვნებაზე ძვირს ვერ ამბობს, თუმცა როგორც კონკურენტს აკრიტიკებს იმიტომ, რომ იმ ადამიანებთან მივიდა, ვინც მისი თქმით, ბევრი რამ გააფუჭა ქვეყანაში.
„ლანძღვა არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ვამაყობ იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ – „მოკალით ადამიანები...“ „ესროლეთ...“ „ტყვია არ დაიშუროთ...“ – ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს, სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს, სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი, არ მოვაწერ არასდროს“, – აცხადებს ლადო კახაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განმარტებით, ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია, რაც მთაწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტურში მოხდება. შესაბამისად, ბოკერია თვლის, რომ მეორე ტურში არჩევნებზე მშვიდობიანი წარმატების მაგალითი უნდა შეიქმნას.
„მნიშვნელოვანია, შალვა შავგულიძის ფიგურის გარშემო გაერთიანება ყველა სამოქალაქო და პროდასავლური პოზიციის მქონე მოქალაქის. არჩევნებზე მშვიდობიანი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებისთვის, ვინც მხარს შავგულიძეს უჭერს, არამედ ზოგადად, დემოკრატიის მომავლისთვის ჩვენს ქვეყანაში.
ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ უნდა მივცეთ, არჩევნებზე უიმედობა შვას. შალვა შავგულიძე პერსონალურად მაგალითია იმისა, პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორი პოლიტიკოსები გვინდა. ლადო კახაძე და ივანიშვილის გუნდი მაგალითია იმის, რასაც მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ. ყველა სამოქალაქო და პროდასავლური პოზიციის მქონე მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ არ შეიძლება, ერთად დადგნენ გუნდები, რომლებიც წარსულში სხვადასხვა პოზიციაზე იყვნენ. როგორც ბოკერია ამბობს, ივანიშვილს სურს, დღის წესრიგი იყოს – „არ ვვარგივართ, ფულსაც ვიპარავთ, ვფლანგავთ, მავნებლებიც ვართ.
მაგრამ მეორე მხარეს „ნაცები“ არიან და გაბრაზებულები არიან, მოვლენ, საშინელება მოხდება და სჯობს, ყველაფერი ცუდად იყოს. რთულია, შალვა შავგულიძისგან საფრთხე შექმნა. ამიტომ დაიწყეს მასზე ტალახის სროლა მოკავშირეების სახელით. ეს შალვა შავგულიძის შემთხვევაში რთულია, ამას დავუპირისპირდებით. იმ შემთხვევაში, შალვა შავგულიძე იყო მართალი და ჩვენ მტყუანი ვიყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ კახაძე მეორე ტურში შეძლებს კონკურენტის დამარცხებას. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში, ლადო კახაძე კი არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს. ირაკლი კობახიძის პოზიციას იზიარებს თბილისის მერი, კახა კალაძე რომლის განცხადებით, თუ ბატონი ლადო კახაძე ასეთი უპრინციპოა და მთაწმინდელების მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ 41% რატომ აიღო არჩევნებზე?!
„ლადო კახაძე მეორე ტურში გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, აქტივობა იყო დაბალი, დაახლოებით 15 000 ამომრჩეველი იყო მოსული და თუ ბატონი ლადო კახაძე ასეთი უპრინციპოა და მთაწმინდელების მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ 41% რატომ აიღო არჩევნებზე და რატომ არის პირველ ადგილზე?! შესაბამისად, მეორე ტურში ყველაფერს გაეცემა პასუხი და ლადო კახაძე დაიცავს მთაწინდელების ინტერესს პარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ზუდიდის შემდეგ სახელისუფლებო რესურსი მთაწმინდაზე იქნება მიმართული, რითაც მმართველი გუნდი შეეცდება დაამარცხოს „თავისუფალი საქართველოს“ წევრი, შალვა შავგულიძე, რომელსაც არჩევნებში მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მთაწმინდაზე სახელისუფლებო რესურსის აგრესიული გამოყენება საკამოდ რთული პრობლემა არის ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება შავგულიძეს, მისი თქმით, მას აქვს გარკევული ხარვეზი და მისი ხარვეზია „ევროპულ საქართველოსთან“ ასოცირება.
„ეს ხარვეზი არსებობს ამომრჩევლის თვალში და ხელისუფლება ცდილობს ამ ხარვეზზე რაღაცა ააგოს, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. ვფიქრობ, რომ ამ ხარვეზმა არც ზუგდიდში იმუშავა მაინცდამაინც. სულ სხვა ფაქტორებმა იმუშავა და არა მგელი მოდის ძახილმა.
მთაწმინდის ამომრჩეველი მასიურად არ წავიდა არჩევნებზე, იმიტომ, რომ ვერ ხედავს პოლიტიკურ ელიტაში ღირსეულ არჩევანს. შალვა ერთის მხრივ მოსწონს, მაგრამ მეორეს მხრივ თავის არჩევანთან კონფლიქტში მოდის გამომდინარე „ევროპული საქართველოს“ ფაქტორიდან“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება სახელისუფლებო რესურსის მობილიზაციას, მისი თქმით, სახელისუფლება კონსტრუქცია, რომელიც დომინოს ქვებით არის აშენებული, ერთი ქვაც რომ გამოაცალო, დაინგრევა. აქედან გამომდინარე, გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სრულიად უმნიშვნელო არჩევნებიც წააგოს.
„რადგან ეს რღვევის პროცესი სრულიად აშკარა გახდება, რაც ისედაც სახეზეა. ამიტომ, ისინი იბრძოლებენ. არა მგონია გარანტირებული შედეგი ჰქონდეთ, რადგან ადმინისტრაციულ–ტექნოლოგიების გამოყენება პრობლემაა. კობახიძის ნათქვამზე კომენტარის გაკეთება ძნელია. შავგულიძისნაირები ბევრი რომ ყოფილიყო, შეიძლება იმ პარლამენტში უკეთესად ყოფილიყო საქმე. გავახსენებ კობახიძეს, რომ იმ პარლამენტში ზის ხალხი, რომელსაც ღილაკის ფერები ვერ გაურჩევია. გაუგებარია, ვის ვის ადარებს. ზუსტად კახაძისნაირები ზიან იქ, რომლებიც მენტალურად ბევრად უფრო ახლოს არიან კახაძესთან, ვიდრე შავგულიძესთან“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ხელისუფლებისთვის პრინციპული გახდა გირგვლიანის ისტორიასთან დაკავშირებით ადვოკატის დემონიზაცია.
„ფაქტობრვად, ჩვენი ბრძოლის ფუნდამეტური იდეის თავდაყირა დაყენება გახდა ხელისუფლების ამოცანა. „ქართული ოცნების“ ელიტაში არიან ადამიანები, რომელთათვის გირგვლიანი პრობლემაა. იმიტომ, რომ არც ერთს არ სტკენია გირგვლიანი თავის დროზე. დღეს ბრძოლა ამ ორ ფასეულობას შორის მიდის. ვინ იცავდა გირგვილიანის ინტერესს და ვინ ანადგურებდა სისტემის სახელით, კოლექტიური მურუსიძე მაქვს მხედველობაში. ხელისუფლება ბედავს ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერას და თავდაყირა დაყენებას აპირებს. მურუსიძე ყოფილა გმირი და შავგულიძე მოღალატე. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერთია, მაგრამ ფუნდამეტური ფასეულობის დაზიანება, ეს ბევრად უფრო მძიმეა, ეს არავის არ უნდა ვაპატიოთ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
გიგა ბოკერია: "შალვა შავგულიძე პერსონალურად მაგალითია იმისა, პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორი პოლიტიკოსები გვინდა. "
?
აა, უპრინციპოები? - გასაგებია.
პასუხი:
შენი ცოლის ტლიკინმა და მაგენის მხარდაჭერამ უკვე წაგაგებინა არჩევნები
"მითხარი, ვინ გიჭერს მხარს და გეტყვი, ვინა ხარ შენ!" :)