პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ დიდი ნდობა მიიღო, ამიტომ ახალ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. თუკი გავიხსენებთ იმავე ღარიბაშვილის მხრიდან არაერთგზის გაკეთებულ განცხადებას, რომ კოაბიტაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ამას გამოსწორება სჭირდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ტონალობა „ნაცმოძრაობის“ მიმართ უფრო მკაცრდება და იერიშზე გადადიან? და, თუკი კოაბიტაცია შეცდომა იყო, მაშინ დაგვიანებული ხომ არ არის კოაბიტაციის წინააღმდეგ გალაშქრება 7 წლის თავზე თუნდაც ღარიბაშვილის მხრიდან?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
სულ ახლახანს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი მკაცრი განცხადება გააკეთა რევოლუციურ სცენარზე მეოცნებე „ნაცმოძრაობის“ მიმართ: „ფრთხილად იყვნენ, რომ ივანიშვილის სასახლის ნაცვლად ციხეში არ აღმოჩნდნენ“. 19 მაისის არჩევნებმა მეტი თავდაჯერება ხომ არ შეჰმატა მმართველ გუნდს დაპირებული სამართლიანობის აღსადგენად?
- „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მართლაც მოიგო, გარდა მთაწმინდისა, მაგრამ არა მგონია, მათ საქმე აწყობილი და დალაგებული ჰქონდეთ, ეს მაინც შუალედური არჩევნებია, სადაც მოსახლეობის აქტიობა ნაკლებია. შუალედური არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ ძირითადად ხელისუფლება იგებს ასეთ არჩევნებს, რადგან უკეთესი რეალური მექანიზმი აქვს საიმისოდ, რომ მობილიზაცია გაუკეთოს ამომრჩეველს, თავისი ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო ყუთთან. ასეთ დროს ოპოზიციურად და ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი უბრალოდ არ მიდის არჩევნებზე, რადგან მშვენივრად იცის, რომ ეს არჩევნები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის. ამიტომაც ისინი თავს არ იწუხებენ, თუ არ არის ძალზე დაძაბული და კრიზისული სიტუაცია. ამიტომ, კი ბატონო, „ოცნებამ“ მოიგო, მაგრამ აქტიობა იყო დაახლოებით 45-47%, რაც საკმაოდ დაბალია და საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს აქტიობა მინიმუმ 60%-მდე გაიზრდება. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ სადღესასწაულოდ და საზეიმოდ საქმე არ აქვს. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთხელ ზუგდიდში სცადეს და მოიგეს იმით, რომ ისევ მტრის ხატად წარმოაჩინეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. არა მარტო მტრის ხატად, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ჯგუფად. ამას ხელი შეუწყო სააკაშვილისა და შემდგომ უკვე რულოვსის განცხადებამაც.
რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ კოაბიტაციას, დღეს კოაბიტაციის დასრულება და ახალი რამის დაწყება, სამართლიანობის აღდგენის დაპირება უკვე გვიანია. თუმცა „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით სხვა არაფერი გააჩნია, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს, ანუ ამომრჩეველს ისევ აჩვენოს, რომ „ნაცმოძრაობის“ სახით მოდის რევანში და არასტაბილური გარემო. ამიტომაც ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ შეცდომა იყო კოაბიტაცია და „შუშის სასახლესთან თუ ვინმე რამეს გაბედავს, ციხეში არ აღმოჩნდეს“, სწორედ ეს იდეოლოგიაა, რომლითაც „ქართული ოცნება“ იწყებს და ფიქრობს, რომ 2020 წლის არჩევნები ამ იდეოლოგიით წარმართოს.
როგორც წესი, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლებს თან სდევს მკაცრი ტონი „ნაცმოძრაობის“ მიმართ. შესაძლოა, იგი ხალხისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ამ რიტორიკისთვისაც დააბრუნეს პოლიტიკაში, მაგრამ რა რეაქცია მოჰყვება ახლა „ნაცმოძრაობის“ წევრების დაჭერას, ან მხილებას 9-წლიან პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო?
- ეს უფრო პიარია, ვიდრე რეალური დანაპირების აღსრულება. დღეს უკვე საკმაოდ რთულია 7 წლის წინანდელ დანაშაულებებზე პასუხის მოთხოვნა. თანაც, „ნაცმოძრაობის“ საშუალო და უცნობი პერსონების დაპატიმრება, ან პასუხისგებაში მიცემა შედეგს არ მოიტანს, მაშინ ელიტარულ „ნაციონალებზე“ უნდა იყოს საუბარი, ასეთები კი უკვე დაპატიმრებული ჰყავთ. 7 წელია, მერაბიშვილიც ციხეშია და ახალაიაც. მათ რომ ვინმე მიამატონ, არა მგონია, ამან იმაზე მეტი ეფექტი მოიტანოს, ვიდრე პიარმა. ამიტომ უფრო პიარის თემა მგონია, რასაც ახლა ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ვიდრე რეალური საქმეების აღძვრა და პროცესების დაწყება. თანაც, ისიც არ არის მთლად გარკვეული და ჩამოყალიბებული, რეალობაში განხორციელებული ასეთი ქმედება დადებით შედეგს მოუტანს თუ არა „ქართულ ოცნებას“. უფრო სჯობს, „ნაციონალები“ მუდმივი საფრთხობელის როლში იყვნენ არანაციონალი ამომრჩევლის თვალში.
„ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების რევიზიას ახდენენ. ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მცდარი და საზიანო გზავნილია, თითქოს არჩევნებს აზრი აღარ აქვს. „ნაცმოძრაობაშიც“ ბევრი ხედავს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ამიტომაც სულ უფრო ისმის მოწოდება რევოლუციისკენ, შუშის სასახლესთან გადანაცვლებისკენ. გუბაზ სანიკიძეც აცხადებს, რომ სამი სტადია სჭირდება ხალხის ქუჩაში გამოყვანას, პირველი სტადიაა იმედგაცრუება, მეორე-ფუსტრაცია, მესამე კი-განრისხება. სანიკიძის თქმით, ჩვენ უკვე მეორე სტადიაზე ვართ და ახლა მესამე სტადია უნდა დაიწყოს. ასეთი მოწოდებები უფრო გულის დამშვიდების საფუძველია?
- სამ სტადიაზე საუბარს თავი რომ დავანებოთ, გუბაზ სანიკიძეს ვეთანხმები იმაში, რომ ქუჩაში ხალხი გამოვა მაშინ, თუკი ხალხი მართლაც განრისხებული იქნება, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოება განრისხებული არ არის. დარჩენილ დროში შეძლებს კი „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი აზრი განრისხებამდე მიიყვანოს? ქუჩის ფაქტორის ჩართვა რეალური იქნება? კი ბატონო, შეიძლება ამაზე საუბარი, რომ, თუ ასე გაგრძელდება, ოდესღაც, რა თქმა უნდა, მივალთ აქამდე, მაგრამ ჯერჯერობით გარდა მოწოდებებისა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ელიტის გარკვეულ ნაწილს (თუნდაც იმავე სააკაშვილს) სურს ხალხის ქუჩაში გამოყვანა, არაფერი იცვლება. ეს მხოლოდ სურვილებია, ელიტა და პარტაქტივი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ხალხი გამოვა?! ბატონ გუბაზს უნდა ახსოვდეს, რომ 2009 წელს („ეროვნული ფორუმის“ დროს) მთელი სამი თვე იდგა ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე კარვებით, ხალხი იმ პერიოდში განრისხებულიც იყო და ქუჩაშიც გამოდიოდა, მაგრამ როგორ დასრულდა მაშინდელი იმხელა მოძრაობა? დასრულდა მარტივად - ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით. იმ ხალხმა, ვინც მაშინ იმ მოვლენებში მონაწილეობდა, რატომ არ გააანალიზა, რაც მაშინ მოხდა? კი ბატონო, შეიძლება ქუჩაში დღესაც გამოვიყვანოთ ხალხი, ისიც შეიძლება, ხვალ ჩვენი საზოგადოება განრისხდეს და ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ ამ ქუჩასაც ხომ მართვა სჭირდება?
ანუ მივადექით არარსებული ლიდერების თემას?
- ხალხს ან ლიდერი უნდა ჰყავდეს, ან ლიდერთა ჯგუფი, ან იდეოლოგია უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთი უნდა იყოს, რომლითაც ეს ყველაფერი მოძრაობაში იქნება. რაც მთავარია, სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. იმ მოძრაობამ, რომელიც 2007 წლიდან დაიწყო და 2012-ში ივანიშვილის მოსვლით დასრულდა, იმდენი შეცდომა დაუშვა 2011 წლამდე, რომ კიდევ კარგი გაძლება ჰქონდა ჩვენს განაწყენებულ ელექტორატს.
ახლაც გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ საერთო სახალხო მოძრაობაა დასაწყები, მაგრამ ოპოზიციას ამის საშუალება აქვს?
- ეს ფრთიანი ფრაზაა, რომ საერთო სახალხო მოძრაობაა დასაწყები. ამის დაწყებას ბევრი რამ სჭირდება, ჯერჯერობით ეს კომპონენტები არ ჩანს. ვეთანხმები გუბაზ სანიკიძეს, რომ ხალხი გულაცრუებულია, NDI-ის გამოკითხვამაც აჩვენა, რომ 59% უკმაყოფილოა ხელისუფლების მოქმედებითა და მუშაობით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, 17%-მა თქვა, ისევ „ქართულ ოცნებას“ მივცემთ ხმას, რადგან სხვა ძალა არ არისო. მართალია, ეს 17%-იც ცოტაა, მაგრამ ესაა ჩვენი რეალობა.
ამისთვის გვთავაზობს თინა ხიდაშელი მზამზარეულ „რეცეპტს“ იმისთვის, „რომ დავამარცხოთ ბიძინა, ჯერ უნდა დავამარცხოთ მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ამჯერად ოპოზიციაში უნდა დავამარცხოთ მიშა“...
- ესეც ფრთიანი ფრაზის იქით არ მიდის, მოწოდება კარგია- „დავამარცხოთ მიხეილ სააკაშვილი“, მაგრამ როგორ აპირებს ქალბატონი თინა ამის გაკეთებას? 600 ათასმა კაცმა დაუჭირა პირველ ტურში მხარი „ნაცმოძრაობას“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელსაც მე უფრო „უძღებ შვილთა კავშირს დავარქმევდი“. ზოგადად, ჩვენი ოპოზიციის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მინუსი ის არის, რომ ლოდინის თავი არ აქვთ. ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს. არადა, ოპოზიცია პროცესს კი არ უნდა მიჰყვეს, არამედ პროცესი უნდა მართოს. ჩნდება მოთხოვნა, რომ ოპოზიციამ შექმნას პროცესი, მაგრამ მათ ვერ შექმნეს ეს პროცესი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი განხვავებაა პროცესის შექმნასა და პროცესის მართვას შორის.
ოპოზიციამ 2007-დან 2012 წლამდე შექმნილი პროცესი ვერ მართა და მერე მოვიდა მმართველი, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელმაც მართა პროცესი და თვითონვე აღმოჩნდა ხელისუფლებაში.