იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკული ბაზების განლაგებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, საქართველოში პოლიტიკოსების ჩამჭრელ შეკითხვად მაინც რჩება, გვჭირდება თუ არა ამერიკული ბაზები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე?!
პირველად სალომე ზურაბიშვილი გაება ამ მახეში, როდესაც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება პროვოკაციად შეიძლება იქნას აღქმული და, ამდენად, შესაძლოა, ამერიკული ბაზის აშენება არ იყოს საჭირო.
მეორედ უკვე თბილისის მერი კახა კალაძე „ამხილეს“ საკუთარი ნათქვამის გამო, როდესაც მან განმარტა, რომ „საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნას აქვს როგორც მინუსები, ისე პლუსები, ეს რთული თემაა და ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“.
და მაინც, თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაშინ საინტერესოა, რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა - ამერიკულ თუ ნატოს ბაზებს?
აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძისა და სალომე ზურაბიშვილის სიფრთხილეს შესაძლოა, ადამიანთა გარკვეული კატეგორია დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს. უბრალოდ, სასურველია, საქართველოში იმყოფებოდეს ჩვენი ქვეყნისვე საჯარისო შენაერთები და არც ერთი უცხო ქვეყნის ბაზა არ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფუფუნება არ გვაქვს.
„საქართველოში თუ განთავსდა ნატოს ბაზა (და არა ამერიკული ბაზა), ეს არ იქნება ცუდი. დიდი ხანია, ჩვენ ვმონაწილეობთ ნატოს ოპერაციებში და ეს გასაკვირი არ იქნება. რაც უფრო „მეტი ნატო“ იქნება ჩვენთან, მით უკეთესი. ცხადია, რუსეთს ეს არ ესიამოვნება, თუმცა აქ არის ორი სცენარი: ამით შესაძლოა, რუსეთთან მეტი სავაჭრო კოზირი მოგვეცეს მომავალში, ან შეიძლება ამან საერთოდაც არ გაამართლოს და, პირიქით, რუსეთმა სულაც არ მოინდომოს ჩვენთან ურთიერთობა. მაინც გარწმუნებთ, რომ რუსეთი მოინდომებს ჩვენთან ვაჭრობას, რადგან არის რამდენიმე თემა, რომელსაც რუსეთი ჩვენთან მოლაპარაკების გარეშე ვერ გადაჭრის. ეს ჩრდილო კავკასიას ეხება. დამიჯერეთ, საქართველოს როლი აქ მნიშვნელოვანია“,-აცხადებს დავით კობერიძე და შეკითხვის საპასუხოდ, „ეს ნიშნავს, რომ პუტინს კადიროვთან საქმე მოგვარებული აქვს?“, განმარტავს, რომ, მთლიანობაში, ჩრდილო კავკასიაში პრობლემები მოგვარებული არ არის. ამის მაგალითია ის, რაც ახლა დაღესტანში ხდება.
გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიის რამდენიმე რეგიონი პატარა ნაპერწკალს ელოდება, რომ აფეთქდეს. ძალიან ბევრი ძალა, არა მარტო შიდა რუსული, არამედ გარე ძალები ხელს უწყობენ იმას, რომ ჩრდილო კავკასიაში სიტუაცია აფეთქდეს. ამდენად, საქართველოს როლი ჩრდილო კავკასიის, დაღესტნის სტაბილურობაში მნიშვნელოვანია და მომავალში უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს.
დავით კობერიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე არ ვდგავართ, რომელი გვირჩევნია - ნატოს თუ ამერიკის ბაზები, არ გვაქვს ასეთი არჩევანი. თავის მხრივ, ამერიკის სამხედრო ბაზების გამართვასა და განხორციელებას ძალიან დიდი დრო, დიდი სახსრები, დიდი მონდომება სჭირდება, ეს ასე მალე არ კეთდება. ისედაც, თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ, როგორც სატრანზიტო ტერიტორია ირანზე გარკვეული იერიშების მისატანად, ისინი გამონახავენ ამის განხორციელების გზებს, მაგრამ მათ ეს გზა არ სჭირდებათ, რადგან უამრავი მხრიდან ჰყავთ ალყაშემორტყმული ირანი. იქვეა ავღანეთი, პაკისტანი, გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, უამრავი მცურავი საშუალებაა შეყვანილი სპარსეთის ყურეში და კიდევ ვინ იცის, რამდენი შევა.
„ამდენად, საქართველოს ტერიტორია არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მაინცდამაინც საქართველოდან უნდა დაარტყან თუნდაც ირანს? ირანი არ არის მარტივი სახელმწიფო, ეს მძიმე შედეგს გამოიწვევს. წარმოგიდგენიათ, ირანი რომ მასიურად დაიბომბოს, მისი ქალაქებით, დასახლებული პუნქტებით, აქ ლტოლვილთა ნაკადები დაიძრება, ეს ნაკადები ჩრდილოეთისკენაც წამოვა, შეიძლება, ჩვენამდეც მოაღწიოს. ჩვენ ეს გვინდა? გვაკლია ლტოლვილები? ჩვენი ლტოლვილებისთვის ვერ მიგვიხედავს და სხვის ლტოლვილებს როგორ მივხედავთ?“ -აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე და შეკითხვის საპასუხოდ, „ამერიკელებს მხოლოდ ირანის საწინააღმდეგოდ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორია?“ განმარტავს, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, მათ შორის, ამერიკულ-ირანული ურთიერთობების კონტექსტიც.
მისი თქმით, სასურველი არაა, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზა იყოს, თუმცა საქართველო თავისებურ პირობებში იმყოფება და ჩვენ ნეიტრალიტეტს ვერ ავირჩევთ, იმდენად დიდი ფუფუნებაა ნეიტრალიტეტი. ამდენად, თუკი ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უნდათ საჰაერო ძალებისთვის, ლოჯისტიკისთვის, ისინი მოახერხებენ ამის გაკეთებას ჩვენთან და დაიყოლებენ მათ, ვისი დაყოლიებაც საჭიროა. ასე რომ, ჩვენს პოლიტიკოსთა ფრთხილი, თუ არაფრთხილი განცხადებები დავიწყებულ იქნება.
უფრო მეტიც, დავით კობერიძე აცხადებს, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურაც. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა ისრაელმაც გამოიყენოს, რადგან ისრაელს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. მართალია, აზერბაიჯანელები მუსლიმანები არიან, მაგრამ ისრაელთან მათი კარგი ურთიერთობა დამყარებულია ირანთან დაპირისპირებაზე.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოსთან ურთიერთობა არ დარეგულირდება მანამ, სანამ არ დამთავრდება საბჭოთა მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში. მისი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში ნატო ვერ შეძლებს იმ ქვეყანასთან დაამყაროს კავშირი, რომელსაც 21-ე საუკუნეში ბელადი ჰყავს, სადაც სახელმწიფო და პარტიული სტრუქტურები გაერთიანებულია, სადაც მონოპოლიზებულია პოლიტიკური პარტიული სისტემა, ბიზნესი, სასამართლო. ეს რომ მოგვარდება, მაშინ ხელ-ფეხი გაეხსნება დასავლეთს, რათა საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამოკავშირეო ხელშეკრულება დადოს.
„რაც შეეხება ბაზებს, საქართველოში ამერიკის ბაზა შემოვა, თუ ნატოს ბაზა, რა მნიშვნელობა აქვს? აქ მთავარია, რომ იმ ტერიტორიას, სადაც ეს ბაზა განთავსდება, ამერიკა თვითონვე დაიცავს. თუკი მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფო საქართველოში ბაზას განათავსებს, მერე ვინ მოჰკიდებს ხელს საქართველოს? ვინ გაბედავს შეეხოს ამ ტერიტორიას? ესტონეთის, ლიტვის და სხვა ქვეყნების მაგალითი ნათლად აჩვენებს ამ ყოველივეს. თუკი ნატომ ათათურქს მოჰკიდა ხელი, მას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის არ იყო თავისი ინტერესებით საეჭვო ნატოსთვის. ჩვენ კი საეჭვონი ვართ, რადგან შესაძლებელია, ხვალ საქართველოში განწყობები მარტივად შეიცვალოს რუსეთთან მიმართებით“.
"პირველად სალომე ზურაბიშვილი გაება ამ მახეში, როდესაც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება პროვოკაციად შეიძლება იქნას აღქმული და, ამდენად, შესაძლოა, ამერიკული ბაზის აშენება არ იყოს საჭირო."
მახეში არა, კაკანათში!
რატოა მახეში გაბმა, შეეშალა, თორემ არ უნდა გამოეთქვა სწორი თვალსაზრისი?!
საერთოდ, მოგდით თავში რომელიმეს ასეთი აზრი, რომ რუსეთმა შეიძლება არ დაუშვას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის არსებობა?
რა უფლებით? - იმავე უფლებით, რითაც კენედიმ, თავის დროზე, ხრუშჩოვი აიძულა გაეტანა თავისი რაკეტები კუბიდან!
იმაში კი არ არის საქმე, ჩვენ რა გვიხარია!, - იმას უნდა შევხედოთ საღი გონებით, რა "უხარიათ" დიდ სახელმწიფოებს საკუთარი ინტერესებისა და გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად!
ქ-ნი სალომე ჭკვიანი და გამოცდილი დიპლომატი გახლავთ (მისი ჩიტირეკია, ორღობის ოპონენტებისაგან განსხვავებით) და იცის, რომ ამ განზრახვის აღსაკვეთად პუტინს არ დასჭირდება კენედისავით ხისტი მუქარა - გაიტანე, თორემ ატომურ ბომბს დავარტყამო! - მას შეუძლია ისე ოსტატურად გაგიჩაღოს კონფლიქტი მეზობლებთან (მიმხვედრი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ) და ისეთ ომში გაგხვიოს, არც ნატო და არც ამერიკა სიახლოვეს არ გაჭაჭანდება ამ რეგიონთან!.. . რუსეთი კი ხელებს გაშლის - მე რა შუაში ვარო!..ხოლო, თუ მაინც დასდებენ ბრალს, ამასაც ისევე დაიკიდებს, როგორც ყირიმის გამო დასავლეთის "გაბუტვა"დაიკიდა)...
რუსები არ გამორიცხავენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვას, თუ საქართველო არ იქნება მათი მტრის ბანაკში.
ბმული