პარლამენტის, საკრებულოს შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირების ეპიცენტრი იყო ზუგდიდი, სადაც „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად პროცესების რადიკალიზაციას და ხელოვნურად საარჩევნო უბნებზე არეულობის პროვოცირებაში ჩართული იყვნენ აქტივისტები და პარტიული მედია–საშუალებები.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 74,56% საგარეჯოში დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 340 ამომრჩეველი. ყველაზე დაბალი აქტივობა კი მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქ ამომრჩეველთა 34,27%–მა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც რაოდენობრივად არის 15049 ამომრჩეველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.
იმ ოლქების უმრავლესობაში, სადაც მიმდინარეობდა შუალედური არჩევნები, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება. ყველა ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა შესაძლოა მათ არაინფორმირებულობასთან იყოს დაკავშირებული.
„ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული დამკვირვებელი რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სახით, დაახლოებით 2 ათასზე მეტი იყო რეგისტრირებული. ამ ადამიანების უმრავლესობა იყო განლაგებული ზუგდიდში. ჩვენ დამკვირვებლებს ვაფრთხილებდით ამ დროის განმავლობაში, რომ მათ შორის ზუგდიდში შემავალ ოლქებში იქნებოდა გადატვირთულობა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მაშ ასე, ოქმის მონაცემებით, მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია. შალვა შავგულიძემ 3 უბანი მოიგო, 2 უბანი კი წააგო და მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს. როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ის უფრო კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, პირველივე ტურში რომ გაემარჯვა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მეორე ტური დაინიშნება, აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან, „ევროპულ საქართველოს“ ამის რესურსი აქვს.
„მე მგონი მე–20, მე–17 და კიდევ ერთ უბანი – სულ 3 უბანი მოვიგეთ. მაღალი არ არის განსხვავება „ოცნების“ კანდიდატთან შედარებით, მაგრამ დაახლოებით, რამდენი უბანიც მოვიგეთ, იმდენი წავაგეთ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს და ვნახოთ, საბოლოოდ რა იქნება. სულ 4 თუ ხუთი უბანია და როგორც ვიცი, 3 უბანი მოვიგეთ, 2 კი წავაგეთ. ამ შედეგების მიხედვით, მაინც მოსალოდნელია, რომ მეორე ტური დაინიშნოს. კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ დამენახა გამარჯვება პირველივე ტურში, მაგრამ არაუშავს, თუ იქნება მეორე ტური, ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ მეორე ტური გამარჯვებით დავასრულოთ“, –განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ყველა დანარჩენ საარჩევნო ოლქში – „ქართული ოცნების“ წევრები ლიდერობენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში.
„გვინდა გაგაცნოთ ომის პირველადი მონაცემები. წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამარჯვებაში დარწმუნებულია სანდრა რულოვსი, რომლის განცხადებით, არავითარი მეორე ტური არ უნდა, რადგან პირველი ტური აქვს მოგებული. სანდრა რულოვსის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ზუგდიდში არჩევნები გიორგი შენგელიამ მოიგო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და სწორედ მე გავხდები ქალაქის მერი. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები, ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და რაღაცები, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვართ ყველგან წინ. ამიტომ, არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად, სტრატეგიას იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“. გიორგი ვაშაძეს განცხადებით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევენებში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ხმების გაბათილების საშუალება არ მისცენ.
„ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში, ასევე მეორე ტურს ველოდებით რამდენიმე რაიონში, მაგრამ ახლა მთავარი არის და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და დამკვირვებლებს – ვიწყებთ სტრატეგიას, რომელზეც დიდხანს გვაქვს ნამუშევარი – სტრატეგია რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს 1500 ბიულეტენი გაგვიბათილა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ბიულეტენი ტყუილად გააბათილონ. მათი დავალება არის, რომ ჩვენი ხმები გადაყარონ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები მარნეულში. პირველადი მონაცემებით მარნეულში არჩევნები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მოიგო. რაც შეეხება ზესტაფონს, აქ დღის მეორე ნახევარში „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოგი წულაია ამომრჩევლის წინაშე მერის ამპულაში წარსდგა. როგორც წულაია აცხადებს, არ აინტერესებს, რას დაწერს ცესკო, თავს მერად აცხადებს და როდესაც დასჭირდება ზესტაფონელებს, მათ გვერდით იქნება.
„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბებდა და დავიცავთ ხმებს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.