რადიკალიზაცია და პროცესების ადუღება – ნაციონალები რევოლუციური სცენარით მოქმედებენ

რადიკალიზაცია და პროცესების ადუღება – ნაციონალები რევოლუციური სცენარით მოქმედებენ

„მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს“, – „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი სიტუაციის დაძაბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველოს მთლიანად. ჩანაწერის მიხედვით, პარტიას მხარდამჭერები ჰყავს ზესტაფონში და სამტრედიაში.

„აჭარა უნდა ადუღდეს, „პადძერჟკა“ მისცეს ამ ყველაფერს, რადგან აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვაშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე: ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი, გორი. აი, ამისთვის თბილისში... მინიმუმ, ათასი ათასკაციანი მობილიზებული ჯგუფი... ჩვენ რაც გვინდოდა მაგალითად თელავში. მობილიზება აქედან იქით, ეს ნიშნავს, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე“, – აცხადებს ნინია ცისკარიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იგი გეგმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სალომე ჭელიძეს ესაუბრება.

ცისკარიშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, მაგრამ ამბობს, რომ პარტისთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად არ გამორიცხავს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, შესაძლოა, მონტაჟი იყოს. ასევე უარყოფს სალომე ჭელიძესთან ნაცნობობას.

„ბატონ თალაკვაძეს მინდა მივმართო, რომ დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ. პროფესიით ვარ ჟურნალისტი, ვეწევი ჟურნალისტურ მოღვაწეობას და მე ეს არ მიკრძალავს, რომ ასევე მხარდამჭერი ვიყო. ფარული ჩანაწერისთვის არ მომისმენია, რადგან უბნებზე ვარ და არ მაქვს ამის საშუალება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მონტაჟი“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

მმართველი გუნდი ოპოზიციას აფრთხილებს, არ გაბედონ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიონ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი იქნება ადექვატური. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება.

„როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა.

როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

აუდიოჩანაწერი გამოძიებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომ პროცესების რადიკალიზაცია არის, ამას ადასტურებს ექს–პრეზიდენტის მიმართვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ უნდა იყვნენ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე.

„მიაწვნენ ბოლომდე, ხოლო თუ ცემა–ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები“ ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს – ეგენი არიან დამთავრებულები! ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, მისი შეფასებით, ქოცების საქმე მაინც ცუდად არის. ქვეყნიდან გაქცეული ექს–პრეზიდენტი პოლიციელებს მოუწოდებს, ნუ ასრულებენ ზედმეტი ენთუზიაზმით უკანონო ბრძანებებს.

„მერე რა, რომ მათი „შნირი“ ჟურნალისტები დაგდევენ. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, მხარეს შეიცვლიან – ჩვეულებრივი ფულისტები და ფულის ხამები არიან. ამათ არც სამშობლო აქვთ, არც მორალი აქვთ. ერთადერთი ჩვენ აღარ უნდა მივიკედლოთ. ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავთ არჩევნებს. ყველაფერი ფიქსირდება, არსებობს კანონი და ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბოგინი. ამიტომ მიაწექით ბოლომდე, ბოლომდე უნდა ვიყოთ შეტევაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტი მხარდამჭერებს ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს. მეტიც, სუს–ში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი პარტიის ზოგიერთი ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება, რაც ქვეყნის პირველი პოლიციელის განცხადებით, ძალიან სასაცილოა.

„ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მეგრელებს სტუმარ–მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ, ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში. ზოგიერთი პარტიის ზოგიერთი ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ–მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნოს ხელისუფლება. სუბარის განცხადებით, სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

„როცა ლაპარაკობს, რომ არ აინტერესებს საერთაშორისო საზოგადოების აზრი, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი, მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. სააკაშვილი იმუქრება ყოველდღიურად, რომ ის დაბრუნდება, თუმცა ბოლო 6 წელია კარგად ვხედავთ, მოვუწოდებთ ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, თუმცა ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ ვერავინ გაბედავს ქვეყანაში ქაოსის შემოტანას. კახა კალაძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანაში არეულობა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვები აქვს ამა თუ იმ საკითხზე, კატეგორიულად მიუღებელია დაპირისპირება. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მოუტანა ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლისღვრამ, სამოქალაქო ომებმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს ასეთი ქაოსი. მაგრამ თუ ვინმე კანონს გადასცდება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები – სახელმწიფო, მთავრობა, რა თქმა უნდა, განახორციელებს და მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად, ძალიან მარტივად“, – განაცხადა კახა კალაძემ.