19 მაისს ზუგდიდელებმა უნდა გადაწყვიტონ, რძალი ურჩევნიათ, თუ შვილი. ისინი იხსენებენ სანდრა რულოვსის მეგრულად ნათქვამ სიტყვებს, „მე თქვენი რძალი ვარო“ და მარტივ კითხვას სვამენ: სახლში რძალი უფრო მნიშვნელოვანია, თუ შვილი?! ამ კითხვის პათოსი ნათელია, რომ ზუგდიდელებმა საკუთარ შვილს, ანუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიას უნდა დაუჭირონ მხარი და არა რძალს, ანუ სანდრა რულოვსს.
თუმცა სამეგრელოში ასე მარტივად სიტუაცია არ არის და ზუგდიდის შუალედური არჩევნებიც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. პროცესში ჩაერთო ზვიად გამსახურდიას ქვრივიც და სანდრას ავტობიოგრაფიული წიგნის კომენტირებისას მოუწოდა ზუგდიდელებს: „გააძევეთ აქედან რულოვსი და დამთავრდება ეს ყველაფერი“.
რა ელის ზუგდიდს, სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოს?! ამის შესახებ For.ge-ს „დაიცავი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი კახა მიქაია ესაუბრა.
სამეგრელოში პოლიტიკური ტემპერატურა ყოველთვის მაღალი იყო. ეს გრძელდებოდა შევარდნაძის, სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც. სამეგრელოს გამორჩეული პოლიტიზების მიზეზებს გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა სამეგრელოს ფაქტორი გადაიკვეთა ზვიად გამსახურდიას სახელთან. დღეს რა პროცესები მიმდინარეობს ზუგდიდში და მართლაც აქ წყდება თუ არა „ქართული ოცნების“ ბედი?
- აქ მარტო „ქართული ოცნების“ ბედი არ წყდება. აქ წყდება საქართველოსა და ქართული საზოგადოების ბედი. „ოცნების“ ბედი მე ნაკლებად მაინტერესებს, მე ვიცი, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში შექმნის „ნაციონალური მოძრაობის“ პლაცდარმს და სამეგრელოდან დაიწყება საქართველოს ხელახალი ოკუპაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ. რაც შეეხება „ოცნებას“, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს ამ ყველაფერში, მაგრამ სამეგრელოში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ამიტომ მინდა, თქვენი ინტერნეტგამოცემის საშუალებით ჩემმა თანაქალაქელებმა იცოდნენ, რომ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, რომელსაც მომავალი არ აქვს, სანდრა რულოვსთან ერთად საქართველოში არ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი, ახალაია, კოდუა. აქაურებმა ხმა უნდა მისცენ გიორგი (გეგა) შენგელიას.
ერთი მხრივ, ზვიადისტები სანდრა რულოვსს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან პირველი პრეზიდენტი ბანდფორმირებების მეთაურად მოიხსენია, ხოლო, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ სანდრამ ავტობიოგრაფიულ წიგნში ზვიადის შესახებ დაწერილის გამო ბოდიში მოიხადა.
- სანდრამ ბოდიში გაუგზავნოს მიშას ამერიკაში, ფლორიდის სახლში, სადაც ბიძამისი თემურ ალასანია და მიშა ელოდებიან. ბანდფორმირებების უფროსი არის სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი, ზვიად გამსახურდია კი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნულ-განმათავისუფლევბელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოა. სანდრა რულოვსმა რეალურად დაწერა ცუდი ზვიად გამსახურდიას შესახებ, მან ზვიად გამსახურდია შეადარა ჯაბა იოსელიანს და უწოდა ბანდფორმირების უფროსი. უფრო მეტიც, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას უწოდა კავკასიელი სადამ ჰუსეინი.
ზვიად გამსახურდიას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული სამეგრელოში დღემდე იგრძნობა, მაგრამ საინტერესოა, რატომ მოსწონთ მეგრელების ნაწილს სააკაშვილი? რა არის „ნაციონალების“ მიმართ მათი სიყვარულის საიდუმლო?
- მოგეხსენებათ, თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ მოახდინა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია, მართალია, შევარდნაძეს უშუალოდ არ უსვრია ტყვია ზვიად გამსახურდიასთვის, მაგრამ ეს ოპერაცია მასთან იყო შეთანხმებუყლი და ის ხელმძღვანელობდა. 2003 წელს მეგრელებმა სიმპათია გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მან ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გაილაშქრა, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს იყო ფარსი საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნების განსახორციელებლად, ეს საკუთარი ძალაუფლებისთვის იყო გამიზნული. ამის შემდეგ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სამეგრელოს და, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს. ამის მიუხედავად, არის კატეგორია ე.წ. ზვიადისტებისა, რომლებიც დღესაც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და მას ზვიად გამსახურდიას ადარებენ, სანდრა რულოვსს კი უწოდებენ ევროპელ ქალბატონს და იმედი აქვთ, რომ სანდრა რულოვსი მათ ევროპულ ღირებულებებს აზიარებს. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, თავის დროზე ჩვენ ვეზიარეთ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენ ძველი ევროპელები ვართ და არაფერი გვჭირს საიმისო, რომ ქალბატონი რულოვსის მიერ ნაზიარები ევროპული ღირებულებებით ვიაროთ.
ვინც ზვიად გამსახურდიას ადარებს მიხეილ სააკაშვილს, ის შეურაცხყოფს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში სანდრა რულოვსის კალთას ამოფარებული მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რადგან „ნაციონალებს“ მთავარი მესიჯი აქვთ, რომ სამეგრელოდან დაიწყება საქართველოს განთავისუფლება. მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვებით დაიწყება საქართველოს დამარცხება.
ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა სოფელ ხიბულაში, იმ ტრაგიკულ ადგილას, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა და ზვიადის ფენომენისა და სოფელ ხიბულას დახმარების შესახებ ისაუბრა. ზოგიერთმა ეს პიარსვლად შეაფასა. ისიც ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის გამოძიება დაპირების მიუხედავად არ მომხდარა.
- ობიექტურად რომ შევაფასოთ, საერთოდ არაფერი გაუკეთებია სააკაშვილის ხელისუფლებას ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებამ ამ საქმის კვალიფიკაცია მაინც შეცვალა. თუ მანამდე თვითმკვლელობის მუხლით მიდიოდა გამოძიება, ახლა მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს ძიება. იმედი ვიქონიოთ, ამ საქმეს გამოიძიებენ, რადგან ეს არის მთავარი საქმე ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის საუკუნის მკვლელობა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ხიბულაში, ეს იყო კარგი ჟესტი მისი მხრიდან. ძალიან კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, იზრუნებს ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფაზე და მკვლელობის საქმეს გამოიძიებს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზვიად გამსახურდიასთან, მისი მოღვაწეობის აღიარებასთან, დადებითად მუშაობს არა მხოლოდ მეგრელებზე, არამედ სრულიად საქართველოზე. ზვიად გამსახურდია არ იყო მეგრელების ლიდერი, ის იყო საერთო ეროვნული ლიდერი და საქართველოს ეროვნული გმირი.
სამეგრელოში „ნაციონალების“ მხარდამჭერთა გუშინდელი მობილიზაცია დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო „ოცნებისთვის“. ეს ადამიანები ჩაყვანილნი იყვნენ, თუ ადგილობრივებს მართლაც გული უცემთ სანდრასთვის?
- იმის თქმაც არ შეიძლება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში ძალიან სუსტია. მათ ჰყავთ მომხრეები, მაგრამ ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და არჩევნებს მოიგებს, ამაზე საუბარი ზედმეტია.
ჩვენ გვახსოვს სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავები, იქ განხორციელებული რეპრესიები - სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილმა დაივიწყა, რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში თუნდაც სამეგრელოსთან მიმართებით?
- ეს სააკაშვილის პიარია, თითქოს მას მეგრელები მხარს უჭერენ. ახლა ყველა ადამიანი გათვითცნობიერებულია ყველაფერში, უბრალოდ, ნებისმიერ ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მეგრელები უჭერენ მხარს სააკაშვილს, მას მომხრეები თბილისშიც ჰყავს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც. ახლაც სააკაშვილს შეუძლია, სანდრას მერად გახდომის შემთხვევაში, პირველ რიგში, სამეგრელო დაანგრიოს და საქართველოს დანგრევა დაიწყოს სამეგრელოდან.
სიტყვაზე, სანდრა რულოვსმა რომც გაიმარჯვოს, ყველა სტრუქტურა დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ მიერ, ამდენად, ფინანსური თვალსაზრისით, რულოვსი როგორ შეუსრულებს ზუგდიდელებს გულუხვ დაპირებებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის განხორციელების თვალსაზრისით?
- სანდრა რულოვსს საერთოდ არ აინტერესებს ზუგდიდელების არც სოციალური პირობები, არც სხვა პრობლემები, სანდრასთვის მთავარია მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ პლაცდარმი შექმნას სამეგრელოში და აქედან დაიწყოს ქვეყნის განადგურება. სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად ვერც კი წარმომიდგენია.