"რულოვსის გამარჯვება ნიშნავს დათა და ბაჩო ახალაიების და მეგის ქარდავას დაბრუნებას ზუგდიდში"

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელი და უკვე ყოფილი წევრი კახა მიქაია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ძალინ მნიშვნელოვანია 19 მაისის არჩევნები, აქ არ წყდება მხოლოდ ზუგდიდის და ზუგდიდელების ბედი. აქ სასწორზე ძალინ დიდი არჩევანი დევს. არ შემოიფარგლება ეს არჩევნები მხოლოდ ზუგდიდით… გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში წყდება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედი.

სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, მერის არჩევნების დროს შეიძლება მოხდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელოში ჩამოაყალიბოს პლაცდარმი “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ზუგდიდიდან დაიწყოს ქვეყნის დამარცხება. თქვენ იცით, რულოვსის მთავარი “მესიჯი”, ზუგდიდიდან იწყება საქართვლოს გამარჯვება.

მე შემიძლია გითხრათ, რომ რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდიდან იწყება არა საქართველოს გამარჯვება, არამედ საქართველოს დამარცხება.

მე ბოლო პერიოდში ხშირად ვაკრიტიკებ “ქართულ ოცნებას” და ვარ მისი ოპონენტი, მაგრამ არ ვარ ჩემი ქალაქის ოპონენტი, მე არ ვარ ჩემი კუთხის ოპონენტის, მე არ ვარ ჩემი შვილების ოპონენტი.

მართლაც დაემუქრება ზუგდიდს დიდი საშიშროება რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამ ულამაზესი კუთხიდან, ამ ულამაზესი ქალაქიდან დაიწყებს საქართველოს განადგურებას.

სანდრა რულოვსის გამარჯვება ზუგდიდში, ეს ნიშნავს როლანდ ახალაიას დაბრუნებას ზუგდიდში. ეს ნიშნავს დატა და ბაჩო ახალაიების დაბრუნებას ზუგდიდში. ეს ნიშნავს მეგის ქარდავას დაბრუნებას ზუგდიდში.

არანაირი სურვილი არ მაქვს დავბრუნდე და ვიცხოვრო დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას და როლანდ ახალაის ზუგდიდში”, – განაცხადა კახა მიქაიამ.