დაბერებასა და დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოსმენა გაიმართა. ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიული მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოსებ დალაქიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ ადამიანების ღირსეულ სიბერესა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ერთდროულად უნდა იფიქროს.
იოსებ დალაქიშვილი: „მსოფლიოს მოსახლეობაში უფროსი ასაკის ხვედრითი წილი მკვეთრად მატულობს. შესაბამისად, სხვავასხვა ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებებს ამუშავებენ. რაც შეეხება საქართველოს, მდგომარეობა უფრო რთულია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემაში გერონტოლოგიის კათედრა არ არსებობს, შესაბამისად, კადრების სერიოზული დეფიციტია.
დემოგრაფიულ დაბერებას ისიც ემატება, რომ საქართველოში 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონით - 28%-ით შემცირდება. ამასთან, გაიზრდება უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომელიც 30%-ს შეადგენს. ამიტომ, აუცილებელია, შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც თოთოეული ადამინის არა მარტო ღირსეულ სიბერეს, არამედ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“.
რაც შეეხება სიბერის მაჩვენებელს, დალაქიშვილის თქმით, თუ სიბერის ასაკს 60 წლიდან ვიანგარიშებთ, საქართველოში მოსახლეობის 20% ბებერია. დაბერების პროცესი კი ყველაზე მკაფიოდ რაიონებში მიდის.
იოსებ დალაქიშვილი 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლების 28%-ით შემცირებას საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს:
„მთლიანობაში, დაბერების პროცესი ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ სწრაფად მიდის. ამას ემატება ისიც, რომ ზოგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც ნაკლებია შობადობა, ეს პრობლემა უფრო მკვეთრია. 2050 წლისთვის მოსახლეობის 28%-ით შემცირება ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშო იქნება. აქედან გამომდინარე, როგორც შობადობასთან, ისე ხანდაზმულთა სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ".
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტები ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ.
პირველი: სამედიცინო განათლების სისტემაში სპეციალისტების - გერიატრების მომზადებას, ვინც ხანდაზმული ასაკის მოსახლეობას უმკურნალებს. დალაქიშვილის თქმით, „იმ საშუალებების გამოყენება, რითაც დღეს ხანდაზმულებს კურნავენ, ყოვლად დაუშვებელია. შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ, მდგომარეობა დამძიმდეს და ცუდი შედეგებიც დადგეს. სწორედ ამიტობაა, რომ ხანდაზმულ ასაკში გართულებები 7-ჯერ ხშირია, ვიდრე საშუალო ასაკში".
რეკომენდაციის მეორე პუნქტია ხანდაზმულებისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების შექმნა. შემდეგ მოდის ხანდაზმულთა დასაქმება, პალიატიური მზრუნველობა, სათანადო პენსიები და სხვა.
„პრობლემები ძალიან სერიოზულია. თუ ის არ დაიძლია, შეიძლება კატასტროფის წინაშე დადგეს როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ისე სოციალური სისტემა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაბერებისკენ სწრაფი ტემპით მივდივართ", - აცხადებს დალაქიშვილი.
სტატისტიკით, 2010 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილი სავარაუდოდ 4,6% იქნება; 2050 წლისთვის კი - 8,7%. განვითარებად ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 2010 წლისთვის 3,7% იქნება, 2050 წლისთვის კი - 8,3%.
საქართველოში კი შემდეგ სურათს ელიან: 2010 წელს - 8,3%, ანუ 350 000 ხანდაზმული, 2050 წელს კი - 12,3% ანუ, 403 000 ხანდაზმული.
ხანდაზმულების გარდაცვალების მიზეზებში პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია.
რაც შეეხება დემოგრაფიას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ვითარება გამოსწორდა, თუმცა ჩვილთა სიკვდილიანობა დღემდე პრობლემაა. თუ 2007 წელს 49 287 ჩვილი დაიბადა, 2008 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 56 565-მდე ავიდა. რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტს, 1 წლამდე მოკვდავობა 17.0%-ს შეადგენს.
როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პარლამენტთან არსებული დემოგრაფიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი წულაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, შობადობის ზრდაზე სერიოზული გავლენა მოახდინა საპატრიარქოს მოწოდებამ. სახელმწიფოს კი ამ მიმართულებით რაიმე ქმედება ან ღონისძიება არ ჩაუტარებია.
გიორგი წულაძე: „2008 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შობადობის მხრივ დადებითი პროცესები ხდება. საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბადებულთა რაოდენობა და შესაბამისად, შობადობის მაჩვენებელმაც აიწია. რის ხარჯზე ხდება ეს? - გარკვეულწილად, პატრიარქის მოწოდების ხარჯზე, რომ ყოველი მესამე და შემდგომი შვილის ნათლია პატრიარქი იქნება. მთლიანობაში, საკმაოდ მზარდი ეფექტი მივიღეთ.
რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობას, განითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, მაღალ დონეზე ვართ. 1000 დაბადებულზე ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლი 20 ჩვილია. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, იდეალური აღრიცხვის საკითხი არც დაბადებასთან მიმართებაში არსებობს და არც ჩვილთა მოკვდავობასთან დაკავშირებით".
რაც შეეხება ჩვილთა სიკვდილიანობის მიზეზებს, პირველ ადგილზე მუცლად ყოფნის დროს მომხდარი ცვლილებებია. გიორგი წულაძე იმასაც ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩვილთა სიკვდილიანობა გაიზარდა. მისივე თქმით, მუცლად ყოფნის დროს მომხდარი ცვლილებების მიზეზებია დედის დატვირთვა, არასწორი კვება, მძიმე შრომა, და სხვა. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 დაბადებულზე მხოლოდ სამია.