სამართალი პოსტნაცისტურ საქართველოში

სამართალი პოსტნაცისტურ საქართველოში

ქართული საზოგადოება თვალნათლივ ხედავს ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიერ ამ ორი წლის წინ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად შექმნილ იმ პოლიტიკურ გარემოს, როცა საკანონმდებლო და აქედან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლება მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის საფუძველზე არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ხელში უნდა გადადიოდეს, მაგრამ აღნიშნული ცვლილებების გამო აბსურდის თეატრში აღმოვჩნდით.

პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრამდე კვლავაც კანონიერად ითვლება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად საკმაოდ მნიშვნელოვანი სახელისუფლო ბერკეტებით, განსაკუთრებით ძალისმიერი სტრუქტურების გამგებლობის საკითხში და პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივებზე ვეტოს დადების უფლებით. ამავე დროს, პრეზიდენტი არის გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ოპოზიციაში და თუ თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს, მუდმივად სახელმწიფოებრივი კრიზისის წინაშე დააყენებს ქვეყანას. ამ კაზუსის გამართლება ნორმალური იურისტისათვისაც კი შეუძლებელია. ეს კანონმდებლობა ის სამართლებრივი მუტანტია, რომლის განეიტრალება ქვეყანაში სატაბილურობის დამკვიდრებისთვის აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს.

ამიტომაც გაურკვევლობაშია ჩავარდნილი საზოგადოება. გასული საუკუნის დასაწყისის ცნობილმა ქართველმა სოციალ-დემოკრატმა კაკი წერეთელმა რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს თქვა: “სახელმწიფოს უმაღლესი ძალაუფლება პეტერბურგის ქუჩებში ეგდო და ვინც მოასწრებდა, ის აიღებდაო”. ანალოგიური განცდების მომგვრელია ამჟამინდელი სიტუაცია. გარდამავალი პერიოდის სირთულეების წინაშე ვდგავართ და ეს მდგომარეობა ახალი პარლამენტის შეკრებისა და მთავრობის არჩევამდე, მაქსიმუმი, 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მანამდე კი, ძველი ხელისუფლება თავის დანაშაულთა კვალის წაშლის პროცესშია. ეს მოვლენები გერმანული ფაშიზმის განადგურების ბოლო დღეებში ბერლინში მიმდინარე მოვლენებს ძლიერ ემსგავსება. ამ ისტორიულ ქარტეხილზე იმდენი დაწერილა და იმდენი ფილმი გადაღებულა, რომ სწორედ თბილისში მომხდარი ამბები მათ ასოციაციებს იწვევს. ქალაქგარეთ გააქვთ და წვავენ იმ დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლოა ნაცხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის მამხილებელ მტკიცებულებად იქცეს. ასევე, ქვეყნიდან გარბიან საზოგადოებაში აღიარებული სახელმწიფო დამნაშავეები: ადეიშვილის, ძმები ახალაიების, მეგის ქარდავას, მიქაძის, დგებუაძის, იგივე მასტერას და სხვათა სახით.

ნახსენები ისტორიული ფაქტების მთავარ სუბიექტებს სახელწოდებაც რომ მსგავსი აქვთ? ჰიტლერის გერმანული ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის მიმდევრებს ხალხი ნაცისტებს ეძახდა. ანალოგიურად, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის წევრებს შემოკლებით ხალხი ასევე ნაცისტებს უწოდებს. ეს საერთო სახელი მათ მხოლოდ ამ სიტყვის სემანტიკური მსგავსებიდან გამომდინარე არ დაუმსახურებიათ. ჩვენმა ნაციონალებმა აღნიშნული სამარცხვინო სახელი უდანაშაულო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების მასობრივი წამებიდან გამომდინარე დაიმსახურეს, რომლის დოკუმენტურმა კადრებმა გააოგნა ჰუმანისტური იდეოლოგიის მატარებელი მსოფლიო.

ამჟამად სასჯელაღსრულების არადამიანური სისტემის მთავარი ორგანიზატორები და ჯალათები დაბურული მანქანების განათებული ფარების შუქის ფონზე გაურბიან მოსალოდნელ მართლმსაჯულებას, ხოლო ჯერ კიდევ ნაცრეჟიმის ხელში არსებული სახელმწიფო სტრუქტურები არა თუ აკავებენ ამ კანიბამალებს, არამედ ხელსაც კი უწყობენ, რომ კომფორტულად დატოვონ საქართველოს საზღვრები.

დანაშაულის მასშტაბებს არ ვამსგვასებ, მაგრამ ეროვნულ მასშტაბში ეგ იგივეა, რომ ფაშიზმის ბოლო დღეებში ვინმე გაქცევასა და დამალვაში დახმარებოდა ნაცისტ ბობოლებს: გერინგს, ჰიმლერს, ბორმანს და სხვა. თუ ვინმე იტყვის, რომ ისინი კაცობრიობის უდიდეს დამნაშავეებად იყვნენ აღიარებულნი, შევეკამათები და ვიტყვი, რომ მათ ოფიციალურად ბრალდება ნიურბერგის ტრიბუნალზე დაუმტკიცდათ, თორემ მანამდე ისინი მსოფლიო საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე იქცნენ ეჭვმიტანილებად. ბევრი მათგანი იმ პროცესზეც კი თავს უდანაშაულოდ წარმოაჩენდა და ურცხვად იტყუებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებისადმი მასობრივად სასტიკი მოპყრობისა და განადგურების შესახებ არაფერი იცოდნენ.

ზუსტად ამგვარ ფრაზებს ისროდა წამწამების მიამიტი ხამხამით სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, როცა ციხეებში პატიმრების სასტიკი წამების სისტემას ტელემედიით ვიდეოკადრების გავრცელებით ფარდა აეხადა. დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ ამგვარ ურცხვ პოზას დაიჭერენ ნაცრეჟიმის მესვეურები: მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, ძმები კუბლაშვილები, ახალაიები და მათი სხვა თანამეინახენი თვით სააკაშვილის თამადობით.

სწორედ ამიტომაც ასე გამალებით იღწვიან დანაშაულთა ყოველგვარი კვალის წასაშლელად. როგორც ცნობილი გახდა, გლდანის ციხეში მთელი ვიდეოკონტროლის სიტემა მოშალეს და გაიტანეს, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მათი მასობრივი ავკაცობის კვალი.

სასჯელაღსრულების მინისტრად ამჟამად ყოფილი ომბუცმენი გიორგი ტუღუშია დანიშნული, რომელიც, როგორც ამტკიცებს, ამ სისტემაში დანაშაულის აღმოფხვრისათვის არის მოწოდებული და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოხდა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ გლდანის ციხეში ყოვლად უკანონოდ ანადგურებენ ვიდეოკონტროლის სისტემას დანაშაულთა მტკიცებულებების მოსპობის მიზნით? ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს ტუღუშს. ან რატომ არ უშლის ხელს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ზაზა გოგავას მეთაურობით ეროვნული მასშტაბის დანაშაულში საზოგადოების მიერ ეჭვმიტანილ ზემოთ აღნიშნულ პირებს საქართველოდან გაპარვაში?

საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მიმართ მარტო იმ მოტივითაც შეიძლ;ება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომ თუნდაც 1 ოქტომბრის შემდგომ, როცა ცხადი გახდა, რომ არჩევნების შედეგად ნაცისტების ხელისუფლება იცვლება, პრესაში უამრავჯერ გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და ინფორმაციების საფუძველზე მას შეეძლო კანონის მოთხოვნის დაცვით ბრალდებები წარედგინა ნაცრეჟიმის მაღალი თანამდებობების პირების მიმართ, რომ ქვეყნიდან მათი გასვლის აკრძალვისთვის მაინც მიეღწია, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ანალოგიურად, მათ დაპატიმრებებზე სანქციები უნდა გაეცა უზენაეს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს ერთ დანაშაულებრივ სახელმწიფო სისტემასთან, კორპორაციასთან, რომლის სათავეშია ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო მას ამ სისტემის შექმნაში არა მარტო მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება, არამედ ამჟამადაც მათი შექმნისა და ძალმოსილების დაკარგვის იურიდიული ბერკეტები ძირითადად ისევ მის ხელშია. ქართული ანდაზა კი გვამცნობს, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, მითუმეტეს, თუ საერთო მტერს ხედავენ, მაშინ ერთიანდებიან კიდეც ინსტიქტურად.

მოკლედ, ორხელისუფლებიანობის წინაშე დგას საქართველო. პრეზიდენტისთვის მორგებული საკონსტუტუციო ცვლილებების შედეგად ძველი, ყავლგასული და უღირსი ხელისუფლება კვლავაც იბრძვის საკუთარი გავლენისა და თავის გადასარჩენად. იგი ეყრდნობა მისი დანაშაულებრივი პოლიტიკის უკანონოდ გამმართლებელ-გამტარებელი სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოებს, რომლებიც ამგვარი საქმიანობით უკვე სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დანაშაულის მფარველებად და ქვეყანაში აღნიშნულ პირთათვის უპასუხისმგებლობის გარანტად იქცნენ, რისთვისაც მათ მესვეურებს პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ. ამის დამატკიცებელ მაგალითად თუნდაც ისიც გამოდგება, რომ სასამართლო სისტემა ამჟამად თვალს ხუჭავს აშკარა საარჩევნო კანონდარღვევებზე, რისი წყალობითაც ნაცმოძრაობა ახერხებს მაჟორიტარულ ოლქებში უკანონოდ გაამარჯვებინოს დეპუტატობის ზოგიერთ საკუთარ კანდიდატურას.

ამიტომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა “ქართულმა ოცნებამ” სწორედ სასამართლო ხელისუფლების შტოს კარდინალური განახლებით უნდა მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა ნაცრეჟიმს, რის საშუალებასაც მას პარლამენტში არჩეული უმრავლესობა აძლევს. საქართველო ელოდება ამ მთავარ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში არსებული დამთრგუნველი უსამართლობის აღმოფხვრის საფუძველი გახდება.

ასე რომ, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანაშაულებრივ კორპორაციაში მყოფი კადრების შეცვლისა და მათი სრული რეფორმირების გზაზე გადის. მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი ჯერ კიდევ თავხედურად და ყინჩად მდგომი ამ რეჟიმის სრული დემონტაჟი და ლიკვიდაცია, რაც საშუალებას მისცემს სამართლებრივ რელსებზე შემდგარ სახელმწიფოს კანონის მკაცრი მოთხოვნით შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს ნაცრეჟიმის იმ დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა კისერზეც არის საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაული.

აქსიომაა, რომ სამართლებრვი სახელმწიფოს შექმნა უშუალოდ დამოკიდებულია სამართლიანობის აღდგენაზე, რაც მხოლოდ მისი განხორციელების შემდგომ არის შესაძლებელი.