“თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს“,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, იმას, რაც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, არანაირი კავშირი არ აქვს პანკისის სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან.
დეპუტატი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, სახელმწიფომ პასუხები უნდა გასცეს.
“რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედება ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია, საერთოდ რითია დაკავებული.
საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, ეს იქნებოდა საშუალება ზეწოლა მომხდარიყო საგამოძიებო უწყებებზე, რომ პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, რაც არის. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ აუდიო ჩანაწერით, მართალიც რომ აღმოჩნდეს, გადაფარავენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. რა თქმა უნდა, ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“,- განაცხადა ხოშტარიამ.