"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი დაანებონ პანკისსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს. მისი თქმით, პროვოკაციების ნაცვლად უმჯობესია გამოძიონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა და ის, თუ როგორ გახდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მილიონერი. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ზნეობის არ მქონე ხელისუფლებას და მათთან მოთამაშე ე.წ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, თავი დაანებეთ პანკისსა და მაჩალიკაშვილს. ამ პროვოკაციების გაგრძელებას გირჩევნიათ გაარკვიოთ რატომ მოკლეს უდანაშაულო, მძინარე ბიჭი და როგორ გახდა სოციალურად დაუცველი ყასაბი, ვინმე გოგაშვილი მილიონერი, მას შემდეგ რაც პოლიტიკური ზედამხედველის ფუნქცია ჩააბარეთ სუს-ში“, - წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.