პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"1 წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერირისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა!
მე 1 წელია, სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა, რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?!
9 თვეა, თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?!
მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია, დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.
„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე.
მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებენ სუს-ში.