თუ ადამიანი დამნაშავე არ არის, პანკისელები მას კბილებით დაიცავენ, - ზაქარეიშვილი

თუ ადამიანი დამნაშავე არ არის, პანკისელები მას კბილებით დაიცავენ, - ზაქარეიშვილი

„ხელისუფლება თუ შეცდომას დაუშვებს, ეს ძვირად დაუჯდება და რატომ აკეთებენ ამას შუალედური არჩევნების წინ, გაუგებარია, ეს ხომ 2020 წლის არჩევნებზეც გაჰყვებათ...“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ  მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

„ცხოვრებაში თუ რაიმე კარგი გამიკეთებია, ვთვლი, რომ ეს იყო ის წლები, როცა მშობლებს  შვილების ცხედრების მოძიებაში და გადმოსვენებაში ვეხმარებოდი. ვხედავდი, თუ როგორი გამწარებულები იყვნენ ეს ადამიანები, ცხოვრება აღარ აინტერსებდათ, არც ჭამდნენ არც სვამდნენ.  მაჩალიკაშვილსაც შვილი ჰყავს მკვდარი, იცის, რომ მის შვილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ ცდილობს სიმართლე მაინც დაადგინოს. როცა გამწარებული მამა, რომელმაც ამდენი ხანია სამართალი ვერ იპოვა, ამბობს - თავს ავიფეთქებო, ამის ტერაქტის კონტექსტში განხილვა არადამჯერებელია.

„მე არ ვიცი რომელი მხარეა მართალი, რადგან გამოძიება დასრულებული არ არის, მაგრამ  კარგად ვიცნობ პანკისის მოსახლეობას, საკმაოდ ტრადიციული ხალხია და  მათი ნდობა შეიძლება. თუ მათ შორის ვინმე არის დამნაშავე, სახელმწიფოს არ ეწინააღმდეგებიან დამნაშავე ეძებოს, მაგრამ თუ ადამიანი დამნაშავე არ არის, კბილებით დაიცავენ. პანკისის მოსახლეობა კი მაჩალიკაშვილების ოჯახს კბილებით იცავს.

„ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს, ისიც თქვას სწორად იყო თუ არა სპეცოპერაცია დაგეგმილი. დროულად  გამოიძიოს ეს საქმე და დასაჯოს დამნაშავე. თუ ხელისუფლება შედომას დაუშვებს, ეს მას ძვირად დაუჯდება. რატომ  აკეთებენ ამას შუალედური არჩევნების წინ გაუგებარია, ეს ხომ 2020 წლის არჩევნებზეც გაჰყვებათ...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.