სუს–ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. მტკიცებულებად სუს–მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.
როგორც სუს–ში აცხადებენ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.
დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სუს–ის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, მისი და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე, დაედგინა მისი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა და სუს–ის მიერ გავრცელებულ მასალას „ფაბრიკაციას“ უწოდებს. არ ელოდება, რომ მას დააკავებენ, რადგან როგორც თავად ამბობს, არაფერი ჩაუდენია.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ, იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი. მაჩხაანში რა მინდა, თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში... საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში, საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, წელიწადნახევარია მე ქუჩაში ვარ...“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მოწმის სახით, სუს–მა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დაკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, საქმე არის გასაიდუმლოებული და დაკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
„მორის მაჩალიკაშვილი სუს–ში 2018 წლის ზაფხულში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. საქმე არის გასაიდუმლოებული და ჩვენ არ შეგვიძლია განმარტებების გაკეთება, ასევე შინაარსზე საუბარი, თუ რა კითხვები იყო და რაზე გაიცა პასუხი. ეს გამოკითხვა უკვშირდებოდა 2018 წლის ზაფხულში დაწყებულ გამოძიებას და იმასაც დავამატებ, რომ დასმული კითხვები იმ საკითხთან რელევანტური არ იყო და აბსოლუტურად სხვა ფრაგმენტებს ითვალისწინებდა“, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
ბრალდებას უარყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მაჩალიკაშვილი რომლის განცხაებით, ისინი ტერორისტები არ არიან, არც ტერორისტებს არ ზრდიან. შესაბამისად, მისთვის უცნობია, რატომ ბრალდება ეს დანაშაული.
„ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. მაგის გულისთვის უნდა დამაკავონ და ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ ამ სადისტებმა და საზიზღრებმა?! გოგაშვილს იმ თვალებს ამოვუთხრიდი – ეს ტერორისტული აქტია?! მაგათ ძალიან სწყურიათ ტერორისტული აქტები, ძაან გაახშირეს მაგათ ლაპარაკი ტერორისტული და ტერორისტული...
ჩვენ არ გვინდა, არ ვართ ტერორისტები. ღამის სამ საათზე ჩამიცხრილეს მუხანათურად ბავშვი, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მაგის გადასაფარად პროვოკაციაზე წამოაგონ ჩემი მეუღლე. ნურას უკაცრავად! მაშინ მეც დამაკავონ“, – აცხადებს მედიკო მაჩალიკაშვილი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ხაზს უსვამს იმას, რომ სისხლის აღების ადათი ამ ერის ტრადიციაში არის ისევე, როგორც ზოგიერთ ჩვენს მთიელებში და დასძენს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამწარებულია იმ ფაქტით, რაც მის ოჯახში მოხდა. შესაბამისად, არეშიძის განცახდებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან სუს–ის მაღალჩინოსნის აფეთქების სურვილი ლოგიკურია.
„მაჩალიკაშვილს და მის მომხრეებს არაერთხელ უხესნებიათ რომ მთავარი დამნაშავე იოსებ გოგაშვილია. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამწარებულია იმ ფაქტით რაც მის ოჯახში მოხდა და სამწუხაროდ, დღემდე არსებობს სისხლის აღების ტრადიციაც, ამიტომ არ გამიკვირდება ის ფაქტი, რომ მას ჩაეფიქრებინა ტერაქტი. სხვათა შორის მან ეს თქვა კიდევაც ერთხელ, როდესაც დაემუქრა იოსებ გოგაშვილს, მან თქვა, რომ შენობაში შევიდოდა და ააფეთქებდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის მომხრეებს არაერთხელ უხესნებიათ, რომ მთავარი დამნაშავე გოგაშვილია. მართალია ჩანაწერის ავთენტურობა შესამოწმებელია, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ აუდიოჩანაწერში გაჟრერებული ჩანაფიქრი გამორიცხული არ იყო“, – განაცხადა მამუკა არეშიძე.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების მეშვეობით, კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ეს გამოძიების საქმეა და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.
„სახელმწიფომ შესაბამისი უწყებების მეშვეობით კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე ფაქტი აიცილა თავიდან. რაც შეეხება დაკავებას, ეს გამოძიების საქმეა, მტკიცებულებებზეა დამოკიდებული. აქ გასათვალისწინებელია ბევრი იურიდიული ნიუანსი – ჰქონდა თუ არა უკვე დამთავრებულ დანაშაულს ადგილი, თუნდაც დანაშაულის მომზადებასთან მიმართებით.
თუ ეს თავიდან აცილებული იქნა განზრახვის გახმოვანებისთანავე და მოასწრეს თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საუბარია იმაზე, რომ მომზადების ფაქტს მაინც ჰქონდა თუ არა ადგილი. მომზადება ნიშნავს იმას, დანაშაულის ჩასადენად კონკრეტული პირობების შექმნას. მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე დანაშაული, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, თავიდან იქნა აცილებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ჩანაწერი ფაბრიკაცია არ არის, ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ჩანაწერი და საერთოდ, ეს განვითარება არ ხსნის იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს თავდაპირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოჰყვა.
„არაფრის ავთენტურობას არ ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი ნდობის თვალსაზრისით მძიმეა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. რაც მოვისმინეთ, ეს თუ ავთენტურია, ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, სუს–ის აუდიოჩანაწერის გამოყენება არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს.
„არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს და სამშაბათის სხდომაზე დავაყენებთ უკვე ოფიციალურადაც, რომ შეიქმნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის ირგვლივ საგამოძიებო კომისია პარლამენტში. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას და შევისწავლოთ არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, არამედ ასევე ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნა სუს–მა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს მაჩალიკაშვილის საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში მკვლელობის საქმეს. ფაქტია, ეს არის მცდელობა, რომ საპირწონედ წარმოაჩინოს აღნიშნული აუდიოჩანაწერი და საზოგადოებას არ მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიიღონ თავიანთ კითხვებზე პასუხები“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.