9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს 9 მაისის აღნიშვნას, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ნაწილი 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივს მიაგებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულება ისტორიის რთული მონაკვეთია და ბუნებრივია, დებატებს იწვევს. სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“9 მაისი ახლოვდება. მორიგი ძიძგილაობის, კინკლაობის, ურთიერთშეურაცხყოფის დაკვირვება მოგვიწევს. ერთ მხარეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული “უკვდავთა პოლკის” მსვლელობა მოეწყობა, მეორე მხრიდან კი ლაყე კვერცხებით შეიარაღებული “პატრიოტები” გამოვარდებიან.
სახელმწიფო რომ გვქონდეს, ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო ინტელექტუალები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები 9 მაისის ადგილობრივი, “არაველიკოძერჟავისტული”, კონსენსუალური ტრადიციის ჩამოყალიბებას შეუწყობდნენ ხელს. ტრადიცია შემდეგ თეზისებს დაეფუძნებოდა:
ჩვენ უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ მთელ მსოფლიოსთან ერთად უდიდეს ბოროტებას – ნაციზმს ვებრძოდით და უმძიმეს ომში მთელ სამყაროსთან ერთად გავიმარჯვეთ.
ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ მილიონამდე ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში. ბევრი დაიღუპა, ბევრი გადარჩა, ბევრი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. ბევრი ნაციზმის შემდეგ ბოლშევიზმს დაუპირისპირდა და ა.შ. მაგრამ ისინი იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და თავს დებდნენ ჰიტლერის დამარცხებისათვის!
ვინმეს რაიმე ააქვს ამ დებულებების საწინააღმდეგო? საკამათოა ეს თეზისები?
თუ საკამათო არ არის, ხელისუფლება ამ იდეებით უნდა გვაერთიანებდეს 9 მაისს!”, – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვებას 1945 წლის 8 მაისიდან აღნიშნავენ, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლესმა პრეზიდეუმმა ეს დღე დღესასწაულად გამოაცხადა.