ტელეკომპანია „კავკასიის“ ღია ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემის მსვლელობისას რეჟისორი ზაზა სვანაძე შეიჭრა სტუდიაში. რეჟისორს პროტესტის ნიშნად ხელბორკილი ედო.
„მე მოვითხოვ“, - დაიწყო სვანაძემ, თუმცა მას ფრაზა აღარ დაასრულებინეს. „გადი, შვილო, მაცალე, გადაცემა მაქვს! გაიყვანეთ, კაცო, აქედან“, - მიმართა მას დავით აქუბარდიამ.
როგორც გაირკვა, სვანაძე „კავკასიაზე“ იმიტომაა განაწყენებული, რომ მას ეს ტელეკომპანია ეთერში არ იწვევს და ბლოკავს.
შეგახსენებთ, რომ სვანაძე ბოლო დროს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს აწყობს და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებები სკანდალით ხშირად სრულდება.
ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენელმა, ნინო ჯანგირაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მალევე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა: „ზაზა სვანაძეს ბორკილების გასაღები სტუდიაში დარჩა. იმედია, ამაღამ ბორკილებით არ მოუწევს ძილი“.