რამდენიმე დღეა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელები არიან საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, კონცერტებს მართავს ჩვენი სამშობლოს დედაქალაქ მოსკოვში.
პირველი კონცერტი ანსამბლმა კრემლის ყრილობათა სასახლეში გამართა 24 თებერვალს.
კონცერტის პროგრამაში შეტანილია როგორც ძველი, ისე ახალი ნაწარმოებები. მათ შორის რამდენიმე ცეკვა ახალი რედაქციითაა. ესენია „ხორუმი“, „ქართული სუიტა“, ოსური ცეკვა „სიმდი“ და სხვ. ახალი ნაწარმოებია „ანანურის კლასიკური ცეკვა“.
ანსამბლი მოსკოვში 6 მარტამდე დარჩება. უახლოეს ხანში ანსამბლი გაემგზავრება საზღვარგარეთ და წარდგება ინგლისელი, იტალიელი და თურქი მაყურებლების წინაშე.