ივანიშვილის ფაქტორი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

ივანიშვილის ფაქტორი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

2007 წლის 7 ნოემბერს დაწყებული ლეგიტიმურობის კრიზისი საქართველოში ლოგიკურად დასრულდა (ლეგიტიმურობის კრიზისია – როცა ხელისუფლება ფორმალურად არჩეული კია, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას შინაგანად არ აღიარებს და იძულებით ემორჩილება, როცა ხალხი გაუსაძლისი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გამო გარბის საკუთარი ქვეყნიდან, ხშირია ანტისახელისუფლებო გამოსვლები და ა.შ.)

ავტორიტარულ რეჟიმებს და ტირანიას მოეპოვება საკუთარ თავში თვითნგრევის იმპულსები. როდესაც ბოროტებანი საკმაოდ მრავლდებიან (როგორც იყო ბოლო ხანებში ჩვენში, ბოლო წვეთი კი იყო პატიმართა წამების და გაუპატიურების კადრების გავრცელება ტელევიზიით, რამაც ნამდვილი შოკი გამოიწვია) მაშინ დასასრულიც ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად მოდის. ეს ბოროტებანი არყევენ მოძალადე ხელისუფლების საფუძვლებს და ახლოვდება ჟამი ხალხის მოურიდებელი და სტიქიური გამოფხიზლების და ფინალიც მალე დგება.

ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერ-დეკემბერში ამ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებში ვწერდი, რომ ივანიშვილი თავისი საქმიანი თვისებებისა და საოცარი ქველმოქმედების გამო ერთნაირად შეიძლება მისაღები ყოფილიყო როგორც აშშ, რუსეთის (ისინი კაი ხანია ერთმანეთს ჩაეხუტნენ), ასევე ევროკავშირისათვის (იქვე ვწერდი, რომ სააკაშვილი ყვარელში მამულის შეძენის შემდეგ წასვლის განწყობას იქმნის-მეთქი). ყველაზე გვიან ეს ამერიკელებმა დააფიქსირეს – ა.წ. 30 იანვარს, როცა ობამამ სააკაშვილს ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე მიანიშნა.

სააკაშვილი აშშ-ის ფავორიტი იყო, რომელმაც საქართვეოს ამერიკანიზაცია დაიწყო, 3 მილიარდი ამერიკული დახმარება მოიხმარა ამ საქმისთვის, თუმცა იმდენად უხეშად გააკეთა ყველაფერი, რომ აშშ-მა საქართველოში ყოველდღიურად მზარდი ანტიამერიკანიზმი მიიღო. როგორც ჩანს, აშშ-ში მიხვდნენ, რომ ქართველთა გაამერიკელება არ გამოვა (ეს არც ერთ იმპერიას არ გამოუვიდა და არც გამოუვა) და სამხედრო-სტრატეგიული გავლენაც რომ არ დაეკარგათ საქართველოზე , ნაციონალთა ლიდერის ტექნიკურად მოშორება გადაწყვიტეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ივანიშვილისთვის დაეჭირათ მხარი, რომელშიც გავლენა, ფული და ხალხის დიდი მხარდაჭერა დაინახეს და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება. ამიტომ არ ჩამოდიოდა ჯერ კიდევ მარტში დანიშნული აშშ ელჩი საქართველოში ბოლო მომენტამდე და როგორც კი ჩამოვიდა, პირველად ივანიშვილთან მივიდა და არა სააკაშვილთან.

იმისთვის, რომ აშშ იმიჯი ბოლომდე არ შელახულიყო, ფაქტიურად მათ აიძულეს სააკაშვილი, რომ არჩევნების დიდი დოზით გაყალბება არ მომხდარიყო და წაგება ეღიარებინათ, თუმცა რა თქმა უნდა, ამის მთავარი გარანტორი ქართველი ხალხის ნება იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს. სწორედ იგია ამ გამარჯვების ნამდვილი სულისჩამდგმელი და არა კოალიციის ცალკეული ლიდერები, რომლებსაც რეალურად ქართველ ხალხზე არანაირი გავლენა არა აქვთ.

1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის და ქართველი  ხალხის გამარჯვებით მიღწეული ეიფორია ნელ-ნელა ქრება და მწვავე ყოველდღიურობასთან გვაბრუნებს.

როგორ განვითარდება მოვლენები, რა პრობლემები იჩენს თავს ხვალ? ასეთი დაძაბული ერთწლიანი ბატალიების შემდეგ შეიმჩნევა ერთგვარი მოდუნება და პასიურობა. ქართველებს ხომ გვიჭირს ხანგრძლივი, მიზანდასახული საქმიანობა.

არადა დრო არ ითმენს, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები, ირანის კვანძის გახსნა, გასათვლელია აშშ-რუსეთის ქმედებები ირანში სავარაუდო ომთან დაკავშირებით. საქართველო არამცდაარამც არ უნდა იქნას ჩართული ამ ავანტურაში არანაირი კუთხით ჰუმანიტარულის გარდა (ვგულისხმობ დევნილთა ნაკადს, რომელმაც ცოტა ხანი შეიძლება დაჰყოს აქ და მერე ან უკან დაბრუნდეს, ან გადავიდეს სხვა ქვეყანაში)!

უმთავრესი ამოცანაა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება და ყველანაირი სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხალხი გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნის ივანიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.  თუ მინისტრთა პორტფელები ჩაბარდებათ ძლიერ და კომპეტენტურ ადამიანებს, საზოგადოებაც და ივანიშვილიც ამით მხოლოდ მოგებული დარჩება. ის პრაქტიკა, როცა უმაღლესი თანამდებობანი ბარდებოდა 27-32 წლის ახალგაზრდებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში.

ახალშეკრებილმა პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომლითაც იკრძალება 2–ჯერ მეტად ნებისმიერი თანამდებობის ზედიზედ დაკავება (იქნება ეს პრეზიდენტი, გუბერნატორი, გამგებელი, რექტორი, კათედრის გამგე და ა.შ), რათა თანამდებობის პირი არ მოდუნდეს და სხვასაც მიეცეს თანამდებობის დაკავების უფლება).

ვფიქრობ გასაუქმებელია გუბერნატორების ინსტიტუტი, რომელიც იქცა პარაზიტ და არაფრისმაქნის სტრუქტურად, ნამდვილ წურბელად.

ცალ-ცალკე უნდა ფუნციონირებდეს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, გასაუქმებელია კუდი და სოდი. შესამუშავებელია ქვეყნის ხანგრძლივი განვითარების სტრატეგიული გეგმა, ხელახლა გასაკეთებელია ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების დოქტრინები, შესაცვლელია ელჩები.

დასამალი არაა, რომ “ქართულ ოცნებაში” დროთა განმავლობაში საკმაო ბალასტი დაგროვდა. გამარჯვების შემდეგ მათი რაოდენობა გაათმაგდება. იქ უკვე თანამდებობის დაკავების მსურველთა უზარმაზარი რიგი დგას. მიმდინარეობს აქტიური “ჩალიჩი”, ზეწოლა. სწორედ ახლა მართებს ივანიშვილს მაგრად დადგომა, რათა უღირსები, ნარკომანები არ აღმოჩნდნენ სახელმწიფოს სადავეებთან, როგორც ეს დაუშვა სააკაშვილმა. ამ ეტაპზე ის გარკვეულწილად უნდა მოერიდოს ყოფილი ნაციონალების დანიშვნას მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ივანიშვილზე ზეწოლა იქნება თავად კოალიციის წევრებიდანაც, რომელთა დიდ ნაწილთან ქართველ საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. კოალიციის ზოგიერთმა წამყვანმა სუბიექტმა მოახერხა ის, რომ დაბლოკა და ივანიშვილამდე არ მიუშვა ბევრი ნიჭიერი, ზნეობრივი და მაღალკვალიფიციური ადამიანი. ცუდი არ იქნებოდა მინისტრთა გარკვეული ნაწილი ივანიშვილს ამ ხალხიდან შეერჩია.

ერთი რამ ყველამ უნდა გააცნობიეროს – ივანიშვილის ფაქტორი ამ გამარჯვებაში განუზომელია, მისი რეიტინგი უზარმაზარია, კოალიციის სუბიექტთა რეიტინგი კი ერთციფრიან რიცხვს არ ცილდება. ამიტომ მათ უნდა აცალონ ივანიშვილს და ისიც ველაფერს არ უნდა შეეკითხოს მათ. დროა კოალიციის წევრებმა უფრო მეტი საქმე აკეთონ, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და ივანიშვილის ავტორიტეტს არ ამოეფარონ.

მომავალმა მინისტრებმა და თანამდებობის პირებმა ქამრები უნდა შემოიჭირონ და სახელმწიფო სახსრების განიავება არ უნდა გააგრძელონ. ევრორემონტები, ძვირფასი ჯიპები, პრემიები, ძვირადღირებული მივლინებები, მუქთა მობილურები და სალაპარაკო წარსულს უნდა ჩაბარდეს. მათ ხალხის ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თავდადებით იშრომონ. ყველა ერთი კაცის იმედად ნუ იქნება და თავისი საქმე აკეთოს გაათმაგებული ენერგიით. ჩვენც, ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ ივანიშვილს ჯარისკაცებივით და ყველა ტვირთს მას ნუ ავკიდებთ.

P.S. ა.წ. 6 სექტემბერს, ხაშურში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილმა ერთ მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი, რაც მანამდე არასოდეს აღუნიშნავს: მან თქვა, რომ ყოველ ქართულ ხელისუფლებას (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) ხალხი გარკვეულ დროს აძლევდა რაღაც კონკრეტული შედეგების მისაღწევად (ამას თვითონ ხელისუფალნი უფრო ითხოვდნენ). ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო და სახალხოდ გამოაცხადა, რომ ყველაფერი მკაცრად მოგვთხოვეთ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანო. ეს სიტყვები საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე დაიწყოს მასზე ზემოქმედება, რათა აღარ იქნას განმეორებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და ჩადენილი დანაშაულობანი, ახალი რევოლუციები.

ასეთ რევოლუციურ ხელისუფალთა და ე.წ. ლიდერთა შესახებ ჯერ კიდევ 130 წლის წინ წერდა ნიკო ნიკოლაძე: “მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან რა აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ: “ამბოხება დავიწყოთო” – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას-ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია მოეთხოვა მათგან ახსნა, ან ცოდნა ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ.  გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს!”