იმ დროში როდესაც მე გავიზარდე, საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა ამ ახალგაზრდობას სტუდენტობაში ატარებდა (ზოგი – მამიკოების პარტბილეთების, ზოგი – ოლღა ბებიას ფაქიზოების წყალობით) და ამ სტუდენტობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო ისეთი ფუნდამენტალური მეცნიერება, როგორიცაა ფილოსოფია. მართალია, საბჭოთა კავშირში ამ ფუნდამენტალური მეცნიერების გაოხრებულ ერზაც-ფორმას, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას ასწავლიდნენ, მაგრამ ლექტორები მაინც იძულებულნი იყვნენ, ან – ზოგიერთი იშვიათი მათგანი, მართლაც – მოწადინებულნი, ფილოსოფიის საფუძვლების ახსნისას ჩვენთვის მეცნიერულად მოეწოდებინათ ის მარადიული ჭეშმარიტებები და ტვინის და სულის საკვები, რასაც ქართველთა უმრავლესობა, საკმაოდ არამეცნიერულ კონტექსტში და ალტერაციებით მაშინ მხოლოდ სუფრაზე თუ ეზიარებოდა და დღეს – ზიარებისას. ამიტომ ჩემი თაობის ხალხს სპინოზას, კანტის და ჰეგელის სახელები რაღაცას ეუბნება, თუმცა სამწუხაროდ, უხშირესად – მხოლოდ რაღაცას…
მაგრამ თუ სათაურის წაკითხვის შემდეგ ვინმე ჩემგან – ფილოსოფიის დილეტანტისაგან – ფიხტეს, შელინგის ან ჰეგელის ნააზრევის ინტერპრეტაციებს, ანალიზს ან თუნდაც თქვენთვის გაზიარებას ელოდება, მინდა გაგაწბილოთ. მე სულ სხვა დროის და ტიპის გერმანულ იდეალიზმს მინდა შევეხო და არა „სულის ფენომენოლოგიას“.
“გერმანულ იდეალიზმად” ამ სტატიაში მე მოვნათლე გერმანიაში მაცხოვრებელი ან იქ განათლებამიღებული ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები, რომლებიც ქართულ არჩევნებს დასავლური სტანდარტებით უდგებიან. მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა და, კერძოდ, ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მრავალჯერ მოგვრილი აღფრთოვანებისა, უნდა ვაღიარო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი არის ისეთი იდეალისატური, რომ მეტი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანიაზე არ ვრცელდება ეს ქართული არჩევნებისადმი იდეალისტური მიდგომები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შუაშიზმის მოგვიანებითი ეტაპი, ან შეიძლება ნაცმოძრაობისათვის საოცნებო კატა ლეოპოლდის სამშვიდობო დევიზის გაპიარების ადრეული ფაზა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აზრების ზოგიერთ გამახმაურებელთა სურვილები სრულიად უანგარო იყოს, ისევე როგორც ცალკეულ შემთხვევებში ანგარების გამორიცხვაც არ იქნება ალბათ სწორი…
აი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასული „პოლიტმეტრი“, სადაც ზაალ ანდრონიკაშვილის და ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო მოსაზრებებში ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ორივე ავტორის ძალიან სწორი და როგორც ინგლისელები იტყოდნენ thoughtful პოზიციის მიუხედავად, ბ-ნი ზაალის აზრები, ერთ რაკურსში მაინც, იდეალიზმის ძალიან მსუყე პორციას შეიცავს.
ზაალ ანდრონიკაშვილი: „ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდნენ ტელევიზიით ორივე საარჩევნო ბლოკის ლიდერები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე – ვიღაც ჯღანაზე და ვინი პუხაზე, და ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ მაშინ, როცა საჭიროა პროგრამებზე გველაპარაკონ. ეს არის აბსურდი, სისულელე და დროის (მათ შორის ტელევიზიის და ამომრჩევლის დროის) უსარგებლო ფლანგვა! სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამომრჩეველი არის ყვითელი, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ კომპრომატების გროვება და გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის დროს არის არც რელევანტური და არც – რაიმე სარგებლის მომტანი“.
მაგრამ არის კი ე.წ. პროგრამა და ამ პროგრამის დეტალები ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ჩვენ (და ბატონმა ზაალმაც!) ვიცით ნაცმოძრაობის სიტყვის და საქმის ტოტალური აცდენის შესახებ, აქვს კი ჩვენთვის რაიმე, თუნდაც მიზერული მნიშვნელობა, რას გვეტყვის, როგორ „ნანას“ გვიმღერებს და რა ზღაპრებს მოგვიყვება ნაციონალური მოძრაობა?
როგორც საკმაოდ დელიკატურად მოგიგოთ თქვენივე კოლეგამ, ბატონო ზაალ, რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ საქართველოში (და არა ჰეგელის მშობლიურ დღევანდელ შტუტგარტში!) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტებმა სოფლის მეურნეობის პროგრამების ან საგადასახადო პოლიტიკის შედარებითი ანალიზით მოგვხიბლონ? იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც (როგორც ახლა, უკვე პოსტ-ფაქტუმ ვიცით!) ნაციონალური მოძრაობა თან თავის გამჭვირვალე პატიოსნებაზე და დემოკრატიის განუხრელ დაცვაზე მასიურად გვაბოლებდა და თან ზონდერებს მიმაგრებულ სპეცნაზს საარჩევნო უბნებზე შეჭრის სპეცოპერაციის გეგმა „ბარბაროსას“, ხოლო პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახებს კარუსელების განრიგების ურიგებდა? ამ „ინოვაციურმა“ საარჩევნო მეთოდოლოგიამ ხომ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიტანა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგი, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა არა მარტო ბრძენი და ხეებზე ფოთლის მარადიულად დამზოგველი, არამედ ერთდროულად – მოქალაქეობრივად საკმაოდ მობილიზებულიც და უდრეკი თავისი არჩევნის დაცვაში! როგორ გგონიათ, ჩვენს ამომრჩევლებს რომ ამ არჩევნებზე არ გაეგოთ ის, რაც გაიგეს თუნდაც ძალიან შეზღუდულად ხელმისაწვდომი – ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიებით („მაესტრო“ და ტვ-9), რამდენიმე ბეჭდვითი თუ ელექტრონული საშუალებების (ipn.ge, „კვირის პალიტრა“) და რეგიონული ჟურნალისტების (კახეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრების, „ნეტგაზეთის“, TSPress-ის და „გურია ნიუს“-ის და მრავალთა სხვათა) თავგანწირული მუშაობით, როგორ გგონიათ, დადგებოდა ეს შედეგი, რაც დადგა? თუ იქნებ ივანიშვილისაგან სასწრაფოდ გადაწერილი სოციალურად მომხიბვლელი ლოზუნგების მაქსიმალური ტირაჟირებით და გაპიარებით სახელოვან ნაცმოძრაობას ისევ ის შედეგი დაედო და ამაყადაც ნიშნი მოეგო, – „ჩვენი პროგრამა უკეთესი იყო, ოლოლო თქვენო!“
დიახ, ჩვენ დღეს მართლაც ვირჩევთ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ როგორ უნდა განვირჩიოთ (გადავირჩიოთ) ძალიან დაბალი მორალური დონის მქონე ნაციონალური მოძრაობა ძალიან მაღალ დონეზე? მაშინ, როცა ციხის სკანდალის შემდეგ ბაჩა ახალაია და კალმახელიძე მხოლოდ გადადგნენ და საკმაოდ მსუყე ბონუსები, უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს პრეზიდენტისაგან, შეიძლება, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვირჩევდეთ და მეტოქის მიმართ კომპრომატების გამოყენებაზე ისევე აზიზად უარი ვთქვათ, როგორც ამას სკანდინავიის ქვეყნებში აკეთებენ? (ისე, იქაც დაზღვეული არავინაა!)
მაგრამ აი, დამთავრდა არჩევნები. მთელი მსოფლიოს გასაოცრად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. გამწარებული ტანზე იხევს კაბებს სააკაშვილისაგან ძალიან მსუყედ ნაკვები იულია ლატინინა, გამწარებული ვილფრედ მარტენსი ბელგიიდან ანათემას გვითვლის – თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს, მისთვის ნატოს კარი დაიხურებაო (!), ერთდღიანი შოკის შემდეგ ნაცმოძრაობამ უცებ ისკუპა თავის პრეზიდენტიან-გუბერნატორებიან-გამგეობებიან-პოლიციან-სასამართლოებიან-ურნალისტებიანად ოპოზიციის იმუნიტეტიან მაშველ ნავში და ახლა იქედან არხეინად იმუქრება, კიდეც გაბედავენ და 6 თვეში სამოთხეს არ დაამყარებს “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რომ ყველაფერს ვაკვირდებით და გაგაკონტროლებთო! ბაქრაძე და ბოკერია – როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი „ვოჩდოგები“! პრეზიდენტი, რომელიც თან პრეზიდენტია და თან ოპოზიციონერია! თან ერთ დღეს აცხადებს, – ვიცი, ეგენი ქვეყანას დაღუპავენო, მეორე დღეს კი ფლიდად იცინის – ნეტა ეგენი ქვეყანას ააყვავებდნენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო!
ახლა კი მეორე ვიდეორგოლი. უკვე არჩევნების შემდეგ ჩაწერილი:
ლაშა ბაქრაძე გადაცემა „კვირის არგუმენტებში“ (13:07-დან):
ლაშა ბაქრაძე: „ის რომ, მაგალითად, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ აეროპორტიდან ვიღაც გარბის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, როგორც ჩანს. კეზერაშვილმა შეისყიდა „რუსთავი2“-ის და „მზის“ წილები. ე.ი. პროპაგანდის ინსტრუმენტებით და მეთოდებით ბრძოლა გაგრძელდება.
(14:09-დან): საერთოდ ერთი დიდი პლიუსი, რაც ეხლა მოხდა, ის რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ორივე პარტია თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს იძლევა შანსს, რომ პარლამენტი გახდება ის ადგილი, სადაც დაიწყება დებატები, სადაც დაიწყება დიალოგი, და ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება. ერთმანეთზე დამოკიდებული ვიქნებით. ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს დემოკრატია. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის დიდი შანსი, რომ საზოგადოებამ მეტი კონტროლი დაუწესოს ყველა პროცესებს, არ მივანდოთ პოლიტკოსებს, მუდმივად ლუპის ქვეშ იყოს ყველაფერი, რაც ხდება, ამისათვის, რაც მეტი საჯაროობა იქნება, მეტად შეგვეძლება.“
მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბატონი ლაშა არაფერს ამბობს, რა მოხდება მაშინ, თუ ნაციონალების დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან მთავრობის ჩამოყალიბებაში, სინამდვილეში არ ახდება! განა ცოტა გვინახავს კედელთან მიმწყვდეული სააკაშვილისაგან ისეთი დაპირებები (საზოგადოებრივი არხის კონტროლი… ძალოვან უწყებებში მინისტროს მოადგილის დანიშვნა ოპოზიციის რიგებიდან და სხვა…), რომლებიც მერე – პრეზიდენტზე პრესის შემცირების პარალელურად – ტექნიკურად აორთქლებულა? დაპირებები არაფერს ნიშნავს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ პოლიციიდან და კუდი-დან დოკუმენტაციის გატანით და დაწვით არის დაკავებული, რომლის აღიარებული ჯალათები – ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, „მასტერა“ დგებუაძე და სხვები – ნამდვილად გაიქცნენ, რადგან სხვანაირად ნაცმოძრაობას მათ გასამართლებაზე თანხმობის გაცემა მოუწევდა. რომლის მიერ არჩევნები დემოკრატიულად კი არ ჩატარდა, არამედ ვაიძულეთ და ვერ გააყალბეს… როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ კრიმინალებთან და კრიმინალების მრავალწლიან მფარველებთან და “გამპრავებლებთან” ჩვენ ნორმალური (პირმოთნე) დიალოგი და დისკუსიები გვჭირდება? როგორ შეიძლება ასეთ ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ კარგია, როცა „ორივე ძალა პარლამენტში თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი“? ხომ გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა, არჩევნები რომ მართლაც სამართლიანად და ნორმალურად ჩატარებულიყო, – 40%-ს კი არა, ალბათ ამის ნახევარს თუ მიიღებდა?! ნუთუ ბატონი ლაშა მართლაც მოხიბლულია, რომ პარლამენტში მოხვდა როლანდ ახალაია, რომლის შტაბის უფროსი სწორედაც რომ მეგის ქარდავა იყო, ხოლო შვილების საგმირო საქმეები კი რამდენ ტომს დაიტევს, ღმერთმა იცის? ნუთუ მისაღებია იმ ტიპის განცხადებები, რასაც როლანდ ახალაია თავისი ოპონენტის შესახებ აკეთებს, რომ ალასანაის თურმე ბოროტება „გენში უზის“ (ამას ამბობს კრიმინალში ეჭვმიტანილი და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ორი პირის მამა იმ ადამიანზე, რომლის მამა საქართველოს ეროვნული გმირია!) ნუთუ სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად გაყალბებულ ხაშურის ოლქში დღემდე ის ადამიანი არის გამოცხადებული მოგებულ მაჟორიტარად, რომელსაც ხელს ადებენ, რომ ის თავის თანაქალაქელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და და დამკვირვებლებს იარაღს ადებდა და საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა? ნუთუ, ის კადრები (1:18:23-დან), რომელიც იგივე „კვირის არგუმენტების“ გადაცემაში აჩვენეს, არ ცხადყოფს, ნაცუმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ მოქმედი როგორი მასიური გაყალბების ფასად არის მიღწეული ის საბედნიერო „ლამის თანაბრობა პარლამენტში“, რაც ბატონ ლაშას იდეალისტურ აღფრთოვანებას იწვევს? ნუთუ ის ფაქტი, რომ ახალქალაქში საარჩევნო უბანზე უკანონოდ მყოფმა ადამიანმა არა მარტო კამერა დაუმტვრია სტუდია GNS-ის ოპერატორს, არამედ შემდეგ კამერის წინვე განაცხადა, უნდა მომეკლა კიდეცო, და რომ 70-ვე უბანზე დარღვევები იმ მასშტაბის იყო (დეპუტატის მიერ მოწყობილი ხელჩართული ჩხუბების ჩათვლით), რომ წესით, არჩევნები გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს, – ნუთუ ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას არ არღვევს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ახლა ამაში დამსახურებულ პარტნიორ ნაცმოძრაობას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და მათი “კეთილი ზრახვების” უნდა ვიწამოთ?
არ გაუყალბებიათ??? უბრალოდ, არ მივეცით ყველგან გაყალბების საშუალება, თორემ შერცხვებოდათ?!
აი, ერთი ფაქტი და ერთი ინფორმაცია იმის მაგალითად, თუ როგორ აპირებს საქართველოს ჩამოოპოზიციონერებული პრეზიდენტი და მას დაქვემდებარებული სტრუქტურები „თანამშრომლობას“:
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წ. 5 ოქტომბრის N 924 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონებაზე კონტროლი დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა -მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაულოცა.
ბრძანებულებით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალი კადრებით დაკომპლექტდება, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე – ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვეღარ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების გახორციელება.
ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების ხარჯი პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა გაიღო. 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებმა მსგავს ქმედებებს უკვე კანონიერი სახე მისცა.
http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6109%3A2012-10-07-11-42-32&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=11
გრეტა ციცავა:
გუშინ ვიყავი რუსთავში და იმ სუპერმარკეტს ვესტუმრე, რომელიც ტვ “იმედის” ინფორმაციით,თითქოს დააყაჩაღეს. მოკლედ გაგიჟდა ქალბატონი - გამყიდველი და მითხრა: შვილო, 2 დღეა ხალხი გახარებული შემოდის აქ და უკეთესი ამბავი ვერ მითხარიო, რა დამაყაჩაღეს რის დამაყაჩაღესო!.. კი გამომისტუმრა “იმედ+გაცრუებული“…
http://www.facebook.com/nato.gabunia.90/posts/513888908639743#!/gretatsitsava/posts/3267370142899
საბოტაჟი რომ ნელ-ნელა ძალას იკრებს, ეს აშკარაა, სააკაშვილი კი ყასიდად ესაუბრა კამერების წინ ზოდელავას და ზღულაძეს და დაავალა, არცერთმა პოლიციელმა არ თქვას უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზეო, მაგრამ ეგ კამერების წინ, და აბა ესეც ნახეთ
ნინო დუმბაძე:
ყველამ წაიკითხეთ და გაავრცელეთ!!!
აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე შანტაჟით და მუქარით, ყოფილ პატიმრებს, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, აიძულებს ოქტომბრის გამავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მოგმართავთ ყველას იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად. მივმართავ ქართული ოცნებას იყავით ყურადღებით სანამ ესენი აკონტროლებენ ძალოვნებს და თვითმართველობებს არაფერი არ არის დამთავრებული. ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნოა და ამას ამბობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას. მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს განსაკუთრებით ჟურნალისტებმა!!!!!!
აი, რას ამბობს ფეისბუქზე შალვა რამიშვილი ნაცმოძრაობის გეგმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება:
ნაც მოძის გეგმა მარტივია:
1. განწმენდა ბნელი წარსული მქონე პირებისაგან (ახალაიები და მისი ბანდა, ზონდერების უფროსები)
2. მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით
3. საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთავის ბრძოლა
4. მედია რესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო-დივერსიული ძალის შექმნა.
5. მატერიალური რესურსების მობილიზება, გადაწყობა, დალაგება, გადამალვა
6. ადგილებზე (ქალაქებსა თუ სოფლებში) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა
7. სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მოწყობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობემებს შეუქმნის.
8. ივანიშვილისთვის ცეცხლი გახსნა ყველა ამ მიმართულებიდან 6 თვის შემდეგ, როცა მიშას პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მე ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ დღესაც კი ბატონ ლაშა ბაქრაძეს მეტი არაფერი აწუხებს, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯერარდასახელებულ მთავრობაში ბევრი მისთვის მიუღებელი ადამიანია და რომ ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს თავისი საკადრო გადაწყვეტილებების ქართველი ხალხისათვის წინასწარ გაცნობას და ამას ასე კულუარულად აკეთებს, რომ მეტი გახსნილობა და ხალხთან მოთათბირება იყო საჭირო…
ძალიან უცნაური მგონია ის, როგორ ლაპარაკობს ასეთი დარწმუნებით ლაშა ბაქრაძე ლამის სასირცხვილო კანდიდატებზე, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არავის დაუსახელებია. მე პირადად 3 სხვადასხვა ექსკლუზიური ვერსია მოვისმინე და სამივე განსხვავებული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული საერთოც იყო მათ შორის. ასევე უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მის მიერ მართული სამივე ტელევიზია მთლიანად საგანგებო მდგომარეობაში გადაიყვანა და საინფორმაციო ცეცხლის გახსნა დაავალა, სადაც ყოველდღე იფრქვევა ათასი დეზინფორმაცია იმაზე, როგორ ხვდება ბიძინა ივანიშვილი ქურდებს, როგორ საშინლად იძარცვება უკვე მაღაზიები და როგორ გაიზარდა კრიმინალური სტატისტიკა, ხოლო ამის ფონზე ყოველდღიურად რეჟიმის ერთგული კრიმინალები „პაჩკა-პაჩკა“ გარბიან ქვეყნიდან, ხოლო დარჩენილთა დიდი ნაწილი სამუშაო დღეს სხვადასხვა ტყეებსა და ტბის ნაპირებზე დოკუმენტების დაწვაში ატარებს, დავიჯერო, იმის დრო გვაქვს, რომ მოსახლეობასთან მშვიდი და აუღელვებელი კონსულტაციები ვმართოთ და ოცამდე მინისტრი ნება-ნება ვარჩიოთ?
ყველაზე მეტად კი ერთი რამ არ მომწონს ბატონი ლაშას იდეალიზმში – რაღაც ვერ ვიხსენებ, მას როდესმე ნაცმოძრაობის მიერ მთავრობაში დატრიალებულ კარუსელებზე, ან – მდგარდად გამოცხადებული მინისტრების უნარ-ჩვევებსა და მათი შერჩევის კრიტრიუმებზე კითხვები დაესვას…
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ კარგია მეტი გამჭვირვალობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სამოქალაქო კონტროლი! მაგრამ იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამომჟღავნებულ საარჩევნო გაყალბებზე მაინც პასუხი აგებინოს გამყალბებლებს (და თან არა ისე, როგორც ციხის წამების ორგანიზატორებს, რომელთაგან მთავარი ჯალათები უკვე ან საზღვარგარეთ გააცუნცულეს, ან ევრორემონტით მოწყობილი ლუქსებში გაამწესეს და ცივ ნიავს არ აკლებენ, როგორც ადრე გირგვლიანის მკვლელებს. გამონაკლისი მხოლოდ ის ორი პირია, ვინც ვიდეოები გადაიღო და გაავრცელა, მათი ბედი უცნობია!) და თავი დაანებოს პრეზიდენტის ხელით საკანონმდებლო თარეშს!
მე პირადად, როგორც იმერელ კაცს, რეალიზმი მიყვარს. და არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილიც რეალიზმით იხელმძღვანელებს და არა ბატონი ლაშასათვის მისაღები იდეალიზმით. თან ბოლო წლებში ეს ნაცმოძური იდეალიზმი და ფასადური გაპლასტმასება ისე ამომივიდა ყელში, რომ ლამის სასიქადულო გერმანული იდეალიზმიც კი გადამიყვარდეს.
არაფერი ჯერ მოგებული არ არის!
ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მხოლოდ აქამდე ყველაზე უმნიშვნელო დაწესებულება – პარლამენტი (სააკაშვილის ხელში – სანოტარო ბიურო!) წააგო, და იქაც კი უნდა ისეთი გაყალბებული რეალობა შეინარჩუნოს, რომ არაფერი არ დათმოს. აღარაფერს ვამბობს ისეთ მძლავრ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სუპერუფლებებით შეჭურვილი პრეზიდენტი, უსამართლო სასამართლოები, სადაც ნებისმიერი შავით თეთრზე ნაწერი საქმე მაინც უსამართლოდ ტრიალდება, პოლიცია, პროკურატურა, ნაციონალური მედია, – ეს ყველაფერი ამ თავმოკატუნებული “ოპოზიციის” ხელშია, რომელსაც მე ვფიქრობ, ცოტა სხვა სახელი – “ობოზიცია” უფრო მოუხდებოდა – ტერმინოლოგიური აღრევის გამოსარიცხად!
ამიტომ, პირველ რიგში:
ა) მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს, ყველა გაყალბებულ უბანსა და ოლქში ხმების დაცვა და სასამართლო დავებში ყველა არსებული დოკუმენტის გამოყენება! არცერთი ადგილი არ უნდა დავთმოთ იმ ყალბი დაპირებების სანაცვლოდ, რომ თურმე გაკონსტრუქციებული ნაცმოძრაობა ყველაფერში ხელს შეუწყობს აქამდე ოპოზიციას და მალე კი მთავრობას! ეს არის ბლეფი, რომელსაც მხოლოდ იდეალისტების იჯერებენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი უმწიკვლო თუ არა, სამართლიან პარტნიორებად მიაჩნიათ! ნაციონალური მოძრაობის მუქარები (ბაქრაძის და ბოკერიას მიერ გაჟღერებული), რომ ისინი კრიზისზე წავლენ, ამჟამად ძირითადად ბლეფია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი გაყალბებული მანდატი შეიხვილოფონ! აი, თუ გაუვიდათ, მერე კი ნამდვილად წავლენ დაპირისპირებაზეც და კრიზისზეც! როგორ წარმოდგიგენიათ, ნაცმოძრაობა თეა წულუკიანს, ან – თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრად უშფოთველად და უდრტვინველად დაამტკიცებს?
ბ) სასწრაფოდ უნდა მომზადდეს სასამართლო რეფორმა დაჩქარებული წესით. ამაში უნდა ჩავრთოთ მსოფლიოს სხვა ანალოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტები. სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები სამართალს ვერ აღასრულებენ, ხოლო სამართლის აღსრულების გარეშე ქვეყნის გამოსწორება ვერ დაიწყება!
გ) სასწრაფოდ უნდა გადატყდეს წელში გებელსურ-პროპაგანდისტული მედიის ბატონობა ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე. პარლამენტის პრიველივე სხდომაზე უნდა დავიწყოთ მედიის ახალი კანონის მიღება, რომელიც გაქსუებულ ცრუტელევიზების დაფინანსების წყაროებს აშკარას გახდის. ამის პარალელურად უნდა მოიხსნას უკანონო და დარკონული შეზღუდვები სატელიტურ თუ საკაბელო ტელემაუწყებლობაში რომელიმე ტელევიზიის ჩართვაზე. Must Carry – Forever!
დ) უნდა დაიწყოს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როტაცია – ყველა ელჩი უნდა იყოს გამოწვეული (მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით) და უნდა აღმოიფხვრას მანკიერი პრაქტიკა, როცა ელჩებად ხელისუფლებსის ახლობლები, უმეცრები და სულაც უზრდელი ხეპრეები ინიშნებოდნენ!
კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ იდეალიზმის ფუფუნება მივცეთ თავს! რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლა ვინც მოვიდა, ამათზე კონტროლს ვაწესებთ და ადრე ვინც იყო, იმათ საქმეებს არ ვიძიებთ