„კარგა ხანია, ჩვენს თავს ბევრი უცნაურობა ხდება“

„კარგა ხანია, ჩვენს თავს ბევრი უცნაურობა ხდება“

„კარგა ხანია, ჩვენს თავს ბევრი უცნაურობა ხდება", - ასე დაიწყო "კვირის პალიტრასთან" საუბარი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც საქართველოში ბოლო ხანს დატრიალებული ისტერია სააკაშვილის რეჟისორული ტალანტის გამოვლინებად მიაჩნია. 

- ის, რისი მომსწრენიც ბოლო დროს გავხდით, უპასუხისმგებლობაა სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. პირდაპირ ითქვა, რომ მსგავსი ტიპის ქმედება პრობლემას უქმნის რეგიონის სტაბილურობას.  დიპლომატიურ ენაზე ამაზე მკაცრი განცხადების გაკეთება შეუძლებელია.

თურმე ჩვენმა თავდაცვის მინისტრმაც არ იცოდა, ამ სიუჟეტის გაშვებას რომ აპირებდნენ. 13 მარტს ჯარის ცალკეულ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ჯარი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ე. წ. "ცენტრი 1"-მა,  რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვის სამსახურია, განსაკუთრებული მზადყოფნა გამოაცხადა. წარმოგიდგენიათ, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, როდესაც ჯარმა მოისმინა, ხუთი ბრიგადიდან სამი მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდაო?

ითქვა, იმიტირებული "ქრონიკის" ეთერში გასვლისას მეტი დამაჯერებლობისათვის სააკაშვილს ჩაფიქრებული  ჰქონდა დიღომში ტანკები გამოჩენილიყვნენ, მაგრამ ამერიკელმა კონსულტანტებმა ამის გაკეთება არ ურჩიესო.

- სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც გამიკვირდება, ეს ჩაეფიქრებინა. პრეზიდენტი კარგა ხანია ომობანას თამაშობს. იმიტირებულ "ქრონიკას" ეტყობოდა, რომ პროფესიონალებმა გააკეთეს, თუმც შორს იყო ადეკვატურობისაგან. ქვეყანა მართლაც ომის საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ საფრთხის მატარებელი რეალურად ნინო ბურჯანაძე კი არა, მიხეილ სააკაშვილია.

იმიტირებული "ქრონიკის" ეთერში გაშვებას ვერც არველაძე გაბედავდა და ვერც სხვა. სააკაშვილმა ბოლნისში გამოსვლისას  დაადასტურა, რომ ამ სიუჟეტის ყველა დეტალი იცოდა, მეტიც, რეჟისორი  იყო. მახსოვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარე იყო, ელდარ შენგელაია ამგვარი ინსცენირებებისა და დადგმებისკენ მიდრეკილების გამო ეუბნებოდა, საქართველომ შენი სახით დიდი რეჟისორი დაკარგაო. სააკაშვილს მართლაც აქვს ნიჭი, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის დანგრევისაკენ მიმართული.  

ვიცოდი, პუტინთან ჩემი შეხვედრა სააკაშვილს ისეთ ისტერიკას დამართებდა, ადეკვატურობის ჩარჩოებიდან გავიდოდა. სააკაშვილს უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, ვინც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთთან პრობლემებს ვერ მოაგვარებსო. ამიტომაც ქართველმა ხალხმა თვალი უნდა დახუჭოს სააკაშვილის უმსგავსო ქმედებებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იდეალური არ იქნება,  მაგრამ როგორც კი უპასუხისმგებლო, უთავმოყვარეო და პროვოკატორი სააკაშვილი მოშორდება ხელისუფლებას, საქართველო სტაბილური და მშვიდობიანი გზით განვითარებას დაიწყებს.

როდესაც ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ჩავიდა, ოპოზიციის ნაწილმა ეს დაგმო (ამას ოპოზიციაში განხეთქილებაც კი მოჰყვა). თქვენ რატომღა გადადგით ეს ნაბიჯი?

- ოპოზიციაში განხეთქილება მე არ შემიტანია. უჩემოდაც ახერხებენ ამას. მე ოპოზიციის წევრი ვიყავი მაშინაც, როდესაც ვხვდებოდი კონდოლიზა რაისსა და სხვა სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს რატომ არავის უკვირდა? სააკაშვილს უმაღლესი თანამდებობა და რანგი აქვს, მაგრამ არავინ ელაპარაკება, არავინ სცემს პატივს და მისი არ სჯერათ. მე კი თანამდებობის გარეშეც მაქვს რანგი და მელაპარაკებიან. მე მაქვს გავლენა ქვეყნის შიგნით და გარეთ გადაწყვეტილების მიღებაზე.

მოსკოვში იმიტომ ჩავედი, რომ მიმეღო კონკრეტული ინფორმაცია, რას ფიქრობენ რუსეთში სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის დარეგულირებაზე. მე ეს ინფორმაცია მივიღე და დავრწმუნდი, რომ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება და ქვეყნის საგარეო იზოლაციიდან გამოყვანა, ოღონდ ეს შესაძლებელი გახდება სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ამიტომაც დღეს ცაგერის, ჭიათურისა და თბილისის საკრებულოს არჩევნები კი არა, რეალური ცვლილებები გვჭირდება. უნდა შევცვალოთ უპასუხისმგებლო პრეზიდენტი, რომელმაც შესაძლოა ხვალ ისევ ომში ჩართოს ქვეყანა.

ერთი შვილმკვდარი დედა პრეტენზიას მიყენებდა, თუ იცოდა, ომი იქნებოდა, რატომ არ თქვაო. მაშინ რომ მეთქვა, სააკაშვილი ცხინვალში ომს აპირებსო, ვინ დაიჯერებდა, რომ გამარჯვებით არ დასრულდებოდა და ჩვენი ჯარი ლამის მოსკოვამდე არ ჩავიდოდა? მერე გენახათ სამშობლოს მოღალატედ გამოცხადება! დღეს გეუბნებით და გაიგონეთ, სააკაშვილი კიდევ დაიწყებს ომს და ეს ქვეყანას დაანგრევს.

რას ფიქრობს პუტინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე?

- განაცხადა, რომ არ არსებობს საკითხი, რომლის განხილვა და გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან პასუხისმგებლობის მქონე პირები იქნებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდესაც პუტინი ქართველ ოპოზიციონერებთან საქართველოზე ლაპარაკობს, ჩვენს ქვეყანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე განიხილავს თუ ამ ტერიტორიებიანადო.

- როდესაც ნინო ბურჯანაძეზეა ლაპარაკი, როგორ ბედავს ბაქრაძე ამ კითხვის დასმას?! ეგ კითხვა თავის პრეზიდენტს დაუსვას! მე საქართველოზე ყველასთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ვლაპარაკობ. კრიზისამდელ ვითარებამდე დაბრუნება არ გულისხმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?!

ისეთი განცდა მაქვს, რომ მთელი ერი გაგიჟდა. სააკაშვილს უნდა თავისი წაგებული ომი მოედანზე გადმოიტანოს და მოგებული რაგბის მატჩით გადაფაროს.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების მიერ შეცდომაში შეყვანილმა ახალგაზრდებმა ჩვენს ოფისში რაგბის ორი ბილეთი მოიტანეს, ბურჯანაძემ რუსეთის ნაკრებს უგულშემატკივროსო. ამ ახალგაზრდებს უსათუოდ გავუგზავნი  ბილეთებს გოგი ქავთარაძის  სპექტაკლზე დასასწრებად, რომელსაც "ხალხის მტერი" ჰქვია.

ახალგაზრდებს, რომელთაც  სააკაშვილის ნაკარნახევი წარმოდგენა აქვთ სამშობლოს სიყვარულსა და ქვეყნის მტრობაზე, ვთხოვ, ნახონ ეს სპექტაკლი.

ამით შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი აზრები გადაამოწმონ. დასასრულ კი მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოსახლეობას მივმართო: ვისაც აინტერესებს რუსეთში ჩემი ვიზიტის დეტალები, მზად ვარ, ყველას შევხვდე.