კრიზისის გადალახვა: „დემოკრატიული ტრანზიცია“ თუ ავაზაკთა კორპორაციის კანონიერი ექსპროპრიაცია?

კრიზისის გადალახვა: „დემოკრატიული ტრანზიცია“ თუ ავაზაკთა კორპორაციის კანონიერი ექსპროპრიაცია?

ქართველმა ხალხმა არნახული მობილიზებით, რაშიც უდიდესია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის დამსახურება, ავაზაკთა კორპორაციის მიერ მიტაცებული სუვერენიტეტი დაიბრუნა. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – საქართველოს პარლამენტი დღე–დღეზე შეიკრიბება და იგი ქართველი ერის უზენაეს ნებას გამოხატავს. კორპორაცია, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის ნიღბით აუპატიურებდა საქართველოს, არჩევნებით დამარცხდა.

არჩევნებში დამარცხებას მავანნი ყოფილი რეჟიმის დემოკრატიულობის დასტურად ასაღებენ. „ავტოკრატია არჩევნებით ვერ დამარცხდებოდაო, არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებდაო“ – ჯიუტად გვიკიჟინებენ ისინი. მათ საპასუხოდ საარჩევნო და წინასაარჩევნო ბატალიების გახსენება კმარა: ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი, დემოკრატიის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ეს იყო ნამდვილი ომი რეჟიმის ძალადობისა და სიცრუის წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა. საარჩევნო ბიულეტენებით შეიარაღებულთა  მშვიდობიანი რევოლუცია  შედგა!

სწორედ სიმართლემ და საარჩევნო ბიულეტენების წარღვნამ წალეკა რეჟიმი. ვერ განხორციელდა რეჟიმის მიერ დაგეგმილი ყალბისქმნა და ძალადობა. მიუხედავად გააფთრებული წინააღმდეგობისა, კორპორაციამ ვერ იხსნა თავი სიმართლის წარღვნისაგან, ვერ მოახერხა გამკლავებოდა მობილიზებულ ამომრჩეველსა და თავისუფალ მედიას, ვერ შეძლო კვლავაც ბნელით მოცული არჩევნები ჩაეტარებინა, ბოლოს კი იძულებული გახდა კრახი ეღიარებინა.

საარჩევნო უბნების უმეტესობაზე სიმართლის დამცველი ქართველი ხალხის  მობილიზებამ, ადგილობრივ და უცხოელ დამკვირვებელთა უდიდესმა სიმრავლემ,  საარჩევნო პროცესის უპრეცენდენტო გაშუქებამ შეუძლებელი გახადა არჩევნების მასიური გაყალბება. კორპორაცია დადგა დილემის წინაშე - მას ნიღაბი ბოლომდე უნდა ჩამოეხსნა, ისეთ ღია ტერორზე, როგორიც ხაშურში განახორციელა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გადასულიყო, ანდა დამარცხება ეღიარებინა.

ძალადობის სურვილი კორპორაციას, ცხადია, არ განელებია, უბრალოდ არ ეყო რესურსი და დროზე მიხვდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა მთელ საქართველოში ნიღბიანი ზონდერებით საარჩევნო უბნების ოკუპაცია, ყუთების ყაჩაღურად გატაცება, მხუთავი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით ამომრჩევლის ტერორი, და რაც მთავარია – ამ ტერორის კვლავაც დემოკრატიულ პროცესად გასაღება.

მარცხის აღიარება ან ღია ომი ქართველ ხალხთან და ალბათ საერთაშორისო დემოკრატიასთანაც, ასეთი იყო კორპორაციის არჩევანი იმ ღამით. საბედნიეროდ, ამჯერად საღმა აზრმა სძლია ბოროტგანზრახულობასა და სიბნელეს.

არჩევნებში დამარცხების აღიარება სულაც არ ამტკიცებს, რომ ყალბისმქნელნი და მოძალადენი საბოლოოდ დაგვნებდნენ. ცხადია - არა! ამჟამად ისინი კვლავაც ნიღაბს ირგებენ და ისევ იაფფასიანი დემაგოგიით ცდილობენ ახალ ვითარებაში ფონს გასვლას. მათ კვლავაც სწადიათ ხალხს მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გამოსტაცონ და რევანშის წყურვილით არიან აღსავსენი. ყოფნით კიდეც თავხედობა და როგორც მათი სიის პირველმა ნომერმა განაცხადა – „საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით პრობლემების“ შექმნას ელოდებიან. ღიად იმუქრებიან მწვავე პოლიტიკური კრიზისით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებით  და, ამავდროულად, ფარისევლობენ, ვითომც აღარ იკადრებენ უკადრებელს – ისევ ძირს არ გამოუთხრიან ქართულ სახელმწიფოს.

ამ ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის დამარცხებულ კორპორაციას საკმარისზე მეტი რესურსი გააჩნია. მართალია, მათ დასთმეს საპარლამენტო უმრავლესობა, ვითომ დიდსულოვნად გვიბოძეს მთავრობის ჩამოყალიბების უფლებაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ:

ჯერჯერობით მათ ხელშია პრეზიდენტის აღმასრულებელი, დაუბალანსებელი პრეროგატივებიცა და პრეზიდენტის გამგებლობაში მოქცეული სახელმწიფო უწყებებიც;

ისინი სრულად აკონტროლებენ სასამართლო ხელისუფლების შტოს – საკონსტიტუიო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემას;

კვლავაც კორპორაციის მარწუხებშია ადგილობრივი ხელისუფლება – ფიქტიური ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ადგილებზე არა ხალხის, არამედ მათი ნების გამტარებელია და მკაცრად კონტროლდება მათი პარტიული სისტემის, აგრეთვე პრეზიდენტის მიერ დანიშნული, გუბერნატორებად წოდებული მათი პოლიტიკური კომისრების მიერ;

უზარმაზარია მათი გავლენა მთლიანად საჯარო სამსახურზე, რომელიც ისევ პატრიმონიალურ ყაიდაზეა მოწყობილი და არა საჯარო ინტერესებისა და სამართლის უზენაესობის, არამედ კორპორაციის მსახურებისა და „უფროსობისადმი“ პირადი ერთგულების პრინციპებით მუშაობს;  ეს შეეხება უკლებლივ ყველა ძალისმიერ თუ სამოქალაქო უწყებას, განსაკუთრებით კი – მთლიანად პოლიტიზებულ პროკურატურასა და პოლიციას, რომლებიც ძალადობასა და ყალბისქმნას სჩადიოდნენ და ამდენად, დღესაც კორპორაციის მიერ ორგანიზებულ დანაშაულთა მძევლები არიან;

გარდა ამ პოლიტიკური, მმართველობითი რესურსისა, დამარცხებული კორპორაციის ხელში კვლავაც რჩება უდიდესი კაპიტალი: მიტაცებული უძრავ–მოძრავი ქონება, დიდძალი ფული, კონტროლი ოლიგარქიასა და მონოპოლისტურ ვაი–ეკონომიკაზე;

კორპორაცია ისევ ფლობს და არც აპირებს ხელიდან გაუშვას ბინძური პროპაგანდის ეფექტიანი იარაღი – ეროვნული მასშტაბით მაუწყებელი ელექტრონული მედია;

გარდა ამისა, თავიანთი ბოროტი ზრახვების შესანიღბად კორპორაციას ხელთ უპყრია არჩევნებში „მოპოვებული“ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მანდატიც.

როგორც ვხედავთ, დამარცხებულ კორპორაციას, ჯერ კიდევ უდიდესი რესურსები გააჩნია. ამ რესურსებით შეიარაღებული, იგი მზადაა მოირგოს მშვიდობისმყოფელის ყალბი ნიღაბი, მოსაჩვენებლად ერთგვარი ინიციატივაც კი გამოიჩინოს ვითომცდა „დემოკრატიული ტრანზიციის“ განსახორციელებლად, მმართველობის ახალი პოლიტიკური ძალისათვის უმტკივნეულოდ გადასაცემად.

ისინი თურმე მზად ყოფილან, როგორც აცხადებენ – დათმონ მმართველობა, გადავიდნენ ოპოზიციაში და დემოკრატიული თამაშის წესებით განაგრძონ პოლიტიკური ბრძოლა.

ძალიან უცნაურია, მაგრამ ბევრი ყოფილი ოპოზიციონერი ბრმად ენდობა ავაზაკთა კორპორაციის ასეთ ფარისევლურ განცხადებას და დაიჯერა, რომ კორპორაცია ნებაყოფლობით განიარაღდება, უარს იტყვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლასა და უმტკივნეულოდ დასთმობს მიტაცებულს.

ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესისათვის თურმე სასარგებლო იქნება პარლამენტში მძლავრი ოპოზიციის არსებობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მრავალრიცხოვანი ფრაქციის სახით.

ასეთ გულუბრყვილოებს ეტყობა მუდმივად სჭირდებათ შევახსენოთ, რომ სახელმწიფო დამნაშავეთა ადგილი არც ოპოზიციაში არ არის. მართალია, არჩევნებში მათ „მოიპოვეს“ სადეპუტატო მანდატები, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მიიღეს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა ინდულგენცია.

ვითარების საღად შესაფასებლად არ უნდა დავივიწყოთ არა მხოლოდ ამ ავაზაკთა სასტიკი მმართველობა, არამედ მათი „ოპოზიციონერობაც“. ახლა ხომ მაინც დღესავით ნათელია, რომ თავის დროზე მათი „ოპოზიციონერობა“ სინამდვილეში კორუფციით გამოხრული, დასუსტებული ქართული სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად, ქვეყნის მისატაცებლად  ბნელი შეთქმულების მომზადებას წარმოადგენდა?

ვინმეს კიდევ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, რომ მათ მიიტაცეს ქართველი ერის სუვერენიტეტი და სახელმწიფოს ნაცვლად შექმნეს ხალხის დათრგუნვის, სიყალბისა და  ძალადობის მთესველი ბოროტი მანქანა, რომელიც ავაზაკთა კორპორაციის უკანონო ინტერესებს – უსაზღვრო ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭა–შენარჩუნებას ემსახურებოდა?

განა კიდევ საკითხავია, შეიძლება თუ არა ამ ბოროტ კორპორაციასთან ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ ზავი დადოს?! განა შეიძლება ოპოზიცია ქვეყნისა და სახელმწიფოს მტერი იყოს?! განა „დემოკრატიულ ტრანზიციად“ შეიძლება იწოდოს ის პროცესი, რომლის შინაარსი ავაზაკურად მიტაცებულის დაბრუნებაა?!

ჩვენ, ქართველი ხალხი, დღეს არ ვცვლით ერთ დემოკრატიულ მთავრობას მეორეთი. ჩვენ ვიბრუნებთ წართმეულ სახელმწიფოს და აღვადგენთ დამხობილ დემოკრატიას. ეს არ არის ორდინალური „დემოკრატიული ტრანზიცია“. ეს უნდა იყოს  ავაზაკთა კორპორაციის ექსპროპრიაციის, მისი განიარაღების, მხილების და ბოლოს – მისი სამართლიანი სასამართლოთი გასამართლების პროცესი.

ცხადია, ახალი პოლიტიკური პროცესი მკაცრად, ზედმიწევნით სამართლისა და დემოკრატიის ფარგლებში უნდა წარიმართოს. მაგრამ ამ პროცესის მიზანი არა ერთი კორპორაციის მორეთი ჩანაცვლება, არამედ ერი–სახელმწიფოს აღდგენა–აღორძინება უნდა იყოს. სახელმწიფოებრიობა კი შეუძლებელი იქნება ამ ბოროტი, მართალია, არჩევნებით დამარცხებული, მაგრამ კვლავაც ძლიერი და ისევ ყალბი დემოკრატიული რიტორიკით შენიღბული კორპორაციის კანონიერად ექსპროპრიაციისა და საბოლოოდ მისთვის საბრალდებლო სკამზე კუთვნილი ადგილის მიჩენის გარეშე.

არსებული პოლიტიკური ვითარება უდავოდ კრიზისულია. მაგრამ ეს კრიზისი დღეს, რეჟიმის დამარცხებით კი არ შექმნილა, არამედ არჩევნებში დამარცხებული ბოროტი კორპორაციის რვა წლიანი უკანონობებითა და დანაშაულებებით  არის განპირობებული.

ქართველმა ხალხმა არჩევნებით დაიბრუნა სუვერენიტეტი, მისი ნება ამ ქვეყანაში კვლავაც უზენაესია. სუვერენიტეტი ისევ რომ არ წარგვტაცონ, ქართველი ერის ნება მტკიცედ, შეუდრეკლად უნდა განხორციელდეს. ამისთვის აუცილებელია კორპორაციის მიერ შექმნილი კრიზისის გადალახვა, რაც მოსალოდნელი გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას, კანონის უზენაესობის და ხალხის მართვა–გამგებლობის გაბატონებას, ქართული სახელმწიფოს მუდმივ აღმშენებლობას ნიშნავს.

ამ პროცესში ბოროტმოქმედ კორპორაციასთან სახელმწიფოს კომპრომისი, ყოველგვარი გარიგება ამთავითვე პრინციპულად გამორიცხულია. ეს კი ნიშნავს, რომ კორპორაციის კანონიერი ექსპროპრიაცია – მის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ძალაუფლების, მმართველობის სისტემის, საჯარო სამსახურისა და ასევე, უკანონოდ მითვისებული ეკონომიკური რესურსების ჩამორთმევა და ხალხისათვის დაბრუნება უნდა მოხდეს. ამასთან, პროცესი შეუქცევადი უნდა იყოს და ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტების აღმშენებლობით სამომავლოდ ყოვლად შეუძლებელი უნდა გახდეს კორპორაციის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულის რეციდივი – ბოროტმოქმედთა მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და ქვეყნის მიტაცება.

ახალი პოლიტიკური პროცესის წარმმართველი უდავოდ ახლად არჩეული პარლამენტია, რომელსაც ფაქტობრივად დამფუძნებელი ხელისუფლების ფუნქციის განხორციელება მოუწევს. პარლამენტმა უნდა აღადგინოს ხელისუფლებათა შტოებს შორის დარღვეული ბალანსი, კონსტიტუციურად შეზღუდოს და გააწონასწოროს სახელმწიფო ძალაუფლება, უზრუნველყოს მმართველობის სისტემის ძირფესვიანი რეფორმა – ცენტარლიზებული, ოლიგარქიული ავტოკრატიის ტრანსფორმაცია კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ, სახალხო მმართველობად.

მთავრობის დაკომპლექტება და მასზე მოქმედი პრეზიდენტის იმპერატიული ნების ნაცვლად საპარლამენტო კონტროლის აღდგენა, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება მმართველობის სისტემის დემოკრატიული ტრანსფორმაციისათვის.

ასევე აუცილებელია დაიგეგმოს და თანმიმდევრულად განხორციელდეს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის – ცენტრალიზებული დარგობრივი მართვის ტერიტორიულ მართვად გარდაქმნის, ევროპული სტანდარტების ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესი.

მმართველობის სისტემის დემოკრატიული ტრანსფორმაციისათვის ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კორპორაციის მიერ „პრივატიზებული“ საჯარო სამსახურის „ნაციონალიზაცია“: პატრიმონიალური, პოლიტიზებული ბიუროკრატიული სისტემის გარდაქმნა რაციონალურ, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დამცველ საჯარო სამსახურის სისტემად; პროფესიული, კომპეტენტური და პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი სამოხელეო კორპუსის ჩამოყალიბება.

კორპორაციის ხელში მოქცეული მმართველობის სისტემის დაბრუნებასა და მის დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან ერთად პარლამენტმა პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების აღდგენა, დამოუკიდებელი სასამართლოს – კანონის უზენაესობის უმთავრესი გარანტის შექმნა.

როგორ შეიძლება ამ პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური როლის წარმოდგენა?

ეს შეუძლებელია, თუ თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გათავისუფლდება მისი ბოსებისა და, სავარაუდოდ, რიგითი წევრების მიერაც, ჩადენილი დანაშაულის მძიმე ტვირთისაგან. ეს იქნება სავალდებულო პირობა ამ პოლიტიკური ძალის დემოკრატიულ ოპოზიციად ტრანსფორმირებისათვის, რაც უაღრესად რთული, მაგრამ არა შეუძლებელი იქნება.

დანაშაულის მძიმე ტვირთისაგან გათავისუფლებაში პარლამენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა დაეხმაროს. უნდა დაეხმაროს იმით, რომ ავაზაკთა კორპორაციის ზედმიწევნით კანონიერად განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან ერთად, უნდა მოხდეს მათ მიერ ჩადენილ ავკაცობათა  საჯარო გამომზეურება და დაურიდებლად მხილება.

ამ მიზნით აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას 2003–2012წწ. სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორგანიზებულ დანაშაულთა გამოძიების საპარლამენტო კომისია. ამ კომისიამ, რომელიც ფართო უფლებამოსილებებით უნდა იყოს აღჭურვილი, საჭიროა შეისწავლოს, გამოიძიოს და მთლიანად გამოამზეუროს კორპორაციის მიერ ორგანიზებული ბოროტმოქმედებანი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ კიდევ არსებობენ დაბნეული, მაგრამ პატიოსანი ადამიანები, ასეთი მხილების შედეგად კარგად დაინახავენ  რა ცოდვის მორევში ამოყვეს თავი. შემდეგ კი მათი გადასაწყვეტია, როგორ გაათავისუფლებენ ამ ცოდვისაგან საკუთარ პარტიას. ხოლო თუ დანაშაულთა ამ უმძიმეს ტვირთს პარტიამ გაუძლო და განიწმინდა კიდეც, მაშინ დაე, შესარულოს ოპოზიციის როლიც!

მონანიებისა და განწმენდის გარეშე კი ისევე როგორც მოქმედი პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციაც უნდა განვიხილოთ ბოროტი კორპორაციის ერთ–ერთ უკანასკნელ ბასტიონად,  პოლიტიკური კრიზისის მუდმივ წყაროდ. პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ კორპორაციის დაურიდებელი მხილებითა  და მისი კანონიერი ექსპროპრიაციით არის შესაძლებელი. კორპორაციის ყველა ბასტიონი სამართლიან და კანონიერ ბრძოლაში უნდა დაეცეს!