თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, მოსამსახურეთა და სტუდენტთა კოლექტივი შეიკრიბა მიტინგზე, რათა გადაჭრით და გულისწყრომით დაეგმო მაო ძე-დუნის მთავრობის უხეში ანტისაბჭოთა პროვოკაციები.
მიტინგი გახსნა პრორექტორმა სასწავლო ნაწილში პროფესორმა ს. ჯორბენაძემ. შემდეგ სიტყვა ეძლევა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ა. ბარამიძეს:
- ის, რაც ახლა ჩინეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე ხდება, საზარელია. ბრძოლა და ნგრევა, პროვოკაციები და შანტაჟი, ცილისწამება და ღალატი - აი რა არის ახლა მაო ძე-დუნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი. გულისწყრომით გამოვთქვამთ პროტესტს უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ჩინეთში სჩადიან საბჭოთა ადამიანების მიმართ, სამარცხვინო ბოძზე ვაკრავთ მათ იმ უმსგავსო საქციელისათვის, რასაც საბჭოთა კავშირში სჩადიან ჩინელი მოქალაქენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსკოვის საელჩოს ხელშეწყობით.
მთელ საბჭოთა ხალხს, მსოფლიოს ყველა პატიოსან ადამიანს დიდად აღაშფოთებს ანტისაბჭოთა და შოვინისტური გამოხდომები, რასაც ხუნვეიბინები სჩადიან ჩინეთში, - თქვა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ა. ურუშაძემ. - საბჭოთა ხალხმა ბევრი რამ გააკეთა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის, მაგრამ ჩინეთში ეს უკვე აღარ ახსოვთ, უფრო მეტიც, მაო ძე-დუნის ხროვა აქეზებს შფოთისთავებს საბჭოთა ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ტრიბუნაზეა პროფესორი ვ. კოკოჩაშვილი.
- მთელი მსოფლიოს პრესა, - თქვა მან, - დაწვრილებით აშუქებს იმ უკანონობას, რასაც ჩინელი დამნაშავენი სჩადიან კაცობრიობის წინაშე. ჩვენ, საქართველოს მეცნიერები, გადაჭრით ვგმობთ ჩინეთის ხელმძღვანელთა პროვოკაციულ მოქმედებას.
- ამ დღეებში, როცა მთელი ჩვენი ქვეყანა ემზადება დიდი ოქტომბრის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ანტისოვეტიზმი მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანის დიდ აღშფოთებას იწვევს. ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდობა, ისევე როგორც მთელი საბჭოთა ხალხი, მოითხოვს, რომ ჩინელთა აღვირახსნილობას ბოლო მოეღოს, - განაცხადა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ნ. ბეროზაშვილმა.
გულისწყრომა გაისმოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიტატის რ. მიშველაძის გამოსვლაშიც.
მიტინგის მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც მტკიცე პროტესტი გამოთქვეს ჩინეთის მთავრობის აღვირახსნილი ანტისაბჭოთა პოლიტიკის წინააღმდეგ.