1970 წელს ამერიკაში ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა – მოვლენა, რომელმაც დააჩქარა როგორც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის უოტერგეიტის საქმე, ასევე კიდევ ერთხელ და ლამის საბოლოოდ გამოაცოცხლა ჰიპები, გამოახატვინა რა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიმართ, რასაც შედეგად 4 სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა.
"Ohio ნეილ იანგის მიერ შექმნილი სიმღერაა. იგი 1970 წლის 4 მაისს, კენტის შტატში მომხდარი სტუდენტური დემონსტრაციის დარბევის გამოძახილია. სიმღერა შეასრულა Crosby, Stills, Nash & Young –მა და მალე სინგლის სახითაც გამოიცა მეორე გვერდზე სტეპენ სტილსის Find the Cost of Freedom–თან ერთად, მიაღწია რა ბილბორდის ასეულში მეთოთხმეტე ადგილს“.
ასეთია ამ სიმღერის ამსახველი მშრალი დოსიე, რომლის უკანაც სინამდვილეში სრულიად ამერიკის პროგრესული საზოგადოება დგას იმ პერიოდიდან მოყოლებული, სტუდენტთა უკვე მესამე თაობის წარმომადგენელთა თაოსნობით. სიმღერა დღესაც ძალაუნებურად აღვიძებს ამერიკის ისტორიის შავ ფურცელს, რადგან მას უცვლელი ტექსტით ასრულებს არამარტო ნეილ იანგი, არამედ ლეგენდარული ოთხეულის მიმდევარი არაერთი ჯგუფი, თუ უბრალოდ მოყვარული მუსიკოსი სტუდენტი...
ახლა კი შედარებით ვრცლად მოვყვეთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 1970 წლის 4 მაისს ოჰაიოს შტატის ეროვნული გვარდიის წევრებმა, ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტ დემონსტრანტებს, რომლებიც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა და ცხრამ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო. ამ მოვლენამ მთელ ქვეყანაში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა; 100–ზე მეტ კოლეჯში შეწყდა სწავლების პროცესი და ერთიანი სულისკვეთებით შეპყრობილმა ახალგაზრდობამ, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მთავარ მრჩეველ ჰოლდმენის თქმით, დააჩქარა უოტერგეიტის საქმე, რომელსაც ცნობილია, რომ გადაჰყვა ნიქსონის ადმინისტრაცია...
დღესდღეობით მსოფლიო საზოგადოებრიობა თავისი მუსიკალური შოუ–ბიზნესიანად გაცილებით გულგრილია პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ომს თეთრი სახლის წინ კვლავაც ბებერი Crosby, Stills & Nash თუ გააპროტესტებდნენ, თორემ ჯერი გარსია უკვე ცოცხალი აღარაა, ხოლო გასუქებულ–გაზულუქებული გრეგ ალმანი, საპროტესტო განწყობას, მაინცდამაინც ახალგაზრდობაშიაც არ ამჟღავნებდა ხოლმე.
გვახსოვს, თუ თავის დროზე როგორ აპროტესტებდნენ ნებისმიერ სტილში მომუშავე მუსიკოსები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდის რეჟიმს. დღესდღეობით კი მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვანები, პუტინისა, თუ მედვედევის კარის მუსიკოსად, არაერთგზის ქცეულან.
ისტორიის ჩარხს ჩვენ ვეღარ შევცვლით. მაგრამ, უდავოდ საჭიროა, რომ სხვების მაგალითები მხოლოდ საჭიროებისამებრ გადავიღოთ და არ გავიმეოროთ ის სისაძაგლეები, რაც სხვაგანაც მომხდარა; საკუთარით ვართ პირამდე აღსავსენი...
სამაგიეროდ მომავალში ვინც არ უნდა იმყოფებოდეს ხელისუფლებაში, ხომ შეიძლება ნეილ იანგისა, თუ სტეპენ სტილსის სახით, კეთილი და ჰუმანური „ვარსკვლავები“ ჩამოგვიყვანონ ქვეყანაში, გააცნონ ისინი ახალგაზრდობას და რაც მთავარია აუხსნან დარღვეულ საზღვრებთან დაკავშირებული ქვეყნის ტკივილი...
ეს ხომ ის ადამიანებია, ვის მხრებზედაც დგას ინტელექტუალური ამერიკა. ცნობისათვის, მაიკლ სკორცეზეს ფილმ „ვუდსტოკს“, ტიტრებზე ლეგენდარული ოთხეულის მიერ შესრულებული ჯონი მიჩელის ამავე სახელწოდების სიმღერა გასდევს.
Crosby, Stills, Nash & Young–ს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისებაც ახლავს თან. სულაც არაა აუცილებელი ოთხივე, თუ სამივე მათგანის ერთობლივად ჩამოყვანა. თითოეულ ამ მუსიკოსს უმაღლესი დონის სოლო კარიერა უმაგრებს ზურგს, ხოლო დევიდ გილმორს კი 2007 წლის ცნობილ Remember That Night–ის DVD–ზე, ალბათ გახსოვთ, რომ დევიდ ქროსბი და გრემ ნეში ჰყავს მიწვეული. დუეტი შესანიშნავად გალობს Shine On Your Crazy Diamond–ის მისამღერს და საბოლოოდ გამაყრუებელი ოვაციების ქვეშ ტოვებს დარბაზს დევიდ გილმორთან ერთად სამ ხმაში ნამღერი Find the Cost of Freedom–ის შემდეგ...
სამწუხაროდ „მშვიდობის მაძიებლობას“ დღევანდელი პოპ მუსიკალური სამყარო ვეღარ განასახიერებს. მაგრამ ბობ დილანი კი ამისათვის საკანშიცაა ნამყოფი, რის შედეგად მისი 1975 წლის ალბომ Desire -ს პირველმა სიმღერამ Hurricane, ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...
1966 წელს ფერადკანიან რუბინ „ჰურიკან“ კარტერს და ჯონ არტისს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ერთ–ერთი ბარის გაძარცვისას ჩადენილი სამგზის მკვლელობის გამო. ისტორიამ სიმართლე ამ ფაქტის შესახებ მაინც ვერ დაადგინა, მაგრამ მოწმეთა ჩვენებების ნაკლებ დამაჯერებლობამ, ამ ამბით დაინტერესებულ ბობ დილანს ნიუ ჯერსის ციხეში ვიზიტისაკენ უბიძგა, რადგან სასამართლო პროცესი ჰურიკანზე, როგორც ინდიელის სისხლის მქონე ზანგზე, საკმაო ზეწოლას ახდენდა...
საბოლოოდ Hurricane შვიდწუთიან გაწელილ, ერთისა და იმავეს მრავალჯერ განმმეორებელ მოსაწყენ სიმღერად იქცა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას! სიმღერა გაწელილი იყო ტექსტის გამო, რომელშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ ჩაგრავდა რასობრივ ნიადაგზე მართლმსაჯულება ამერიკის მოქალაქეს. გასული საუკუნის 70–ებში ზოგადად ფერადკანიანთა დაცვა „პიარისთვის“ პოპულარული თემა იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რანაირი ქვეცნობიერი აზრიც არ უნდა ჰქონოდა მუსიკოსს, მან ფასდაუდებელი სიკეთე ჩაიდინა ადამიანის მიმართ, რომელსაც სამუდამო პატიმრობა რამდენიმე წლიანი სასჯელით შეეცვალა. ამის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ ალბომი Desire, უპირველეს ყოვლისა Hurricane–ს გამო იყიდებოდა კარგად და მას უამრავმა ამერიკელმა მოუსმინა, ვისაც სულაც არ აინტერესებდა დილანის შემოქმედება.
ახლა კი მოდით დავანებოთ თავი სხვებს და საკუთარ გულწრფელობაზე დავფიქრდეთ. ამ თვალსაზრისით, სანამ რაიმეს ჩავიდენდეთ, ალბათ უმჯობესია ბრმად გვახსოვდეს, რომ ბედნიერებას უბედურებამდე ერთი საათი აცილებს, სიცოცხლეს სიკვდილთან ერთი თვალის დახამხამება, ადამიანობას პირუტყვობამდე ერთი ცოდვა, დედამიწას ცასთან ერთი ამოსუნთქვა, ცოდვას განკურნებამდე სინანულის ერთი ცრემლი, ხოლო დროებითობას მარადიულობამდე კი ერთი სიცოცხლე...
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ ძალგვიძს, რომ ქართულ უოტერგეიტს ავერიდოთ და ქვეყნისათვის ამ საკმაოდ მძიმე დღეებში, მშვიდი და საღი გონებით, სულ უფრო ხშირად ვეზიაროთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს, რაც ურთიერთშემწყნარებლობის გამომუშავებაში, უდავოდ დაგვეხმარება.