როკ მუსიკის ისტორიამ შემოინახა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებოდა ზოგადად როკის იდეის განხორციელებას მთელი თავისი არსებობის მანძილზე.
რაოდენ დასაფასებელია ამ თვალსაზრისით კონკრეტული შემსრულებელი, თუკი მას არამცთუ ჟანრისთვის, არამედ საკუთარი ჯგუფისთვისაც კი არასოდეს უღალატნია და წლევანდელ ალბომშიც წარმმართველ როლს თამაშობს ჩვენში საკმაოდ დაუფასებელ და ზედმეტად უცნობ კოლექტივში, რომელსაც არსებობის 43 წლის ისტორია გააჩნია.
ვისაც არ გაუგია UFO, ალბათ ამ სახელწოდების გაგონებისთანავე იფიქრებს, რომ ეს კოლექტივი ზოგადად ელექტრონული მუსიკის მიმდევარია, იქნება ეს სინთეზატორული, თუ დღევანდელ დღეს კომპიუტერული განხრით. ჯგუფ UFO –ში მართლა ირიცხება კლავიშებიან ინსტრუმენტზე შემსრულებელი პოლ რეიმონდი, მაგრამ იქამდე ნებისმიერი სხვა მუსიკოსი გვახსენდება შესანიშნავი კვინტეტისა და რაღა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უდრეკი და უკომპრომისო მომღერალი ფილ მუგი.
მან UFO ბას გიტარისტ პიტი ვეისთან ერთად 1969 წელს დააარსა და ინსტრუმენტულ კომპოზიცია UFO –თი, რომელიც დღეს ფრიად სასაცილოდ ჟღერს, იმ დროინდელ განებივრებულ პროგრესივ როკ მსმენელებს ღიმილის მომგვრელ ფერებში აღუწერა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რამაც კოლექტივს შემდგომში არამარტო ხელწერის, არამედ სახელის მოსაპოვებლად, კონტინენტის ცვლილებისკენაც კი უბიძგა.
1973 წლისათვის „ინგლისური მწვალებლობა“ ამომავალი მზის ქვეყანაში Deep Purple–ს საფუძვლიანად ჰქონდა დამკვიდრებული. იქაურ მსმენელს უკვე ნასწავლი ჰქონდა ჭარბი ემოციების გამოხატვა და ამ მხრივ არაფრით ჩამოუვარდებოდა ამერიკელ, თუ ევროპელ მსმენელს. გავიხსენოთ, თუნდაც რას ჰგავდა ტოკიოს ბუდოკანის დარბაზი Deep Purple–ს კონცერტის შემდეგ.
UFO –ს უკვე მეორე იაპონურ ტურნეს, ჯგუფში გერმანული გიტარის მეფედ წოდებული მაიკლ შენკერის მოსვლა დაემთხვა. 1974 წელს Deep Purple უკვე ამერიკის დასაპყრობად გაემართა და ისე მოხდა, რომ ინგლისში პრაქტიკული უგულვებელყოფის მიუხედავად, UFO იაპონიაში ყველაზე პოპულარულ როკ ჯგუფად იქცა, რომელიც ასრულებდა უკომპრომისო, მაგრამ იმავდროულად მელოდიურ ჰარდ როკს.
ახალ გიტარისტთან ერთად, 1974 წლიდან მოყოლებული, UFO –მ ზედიზედ ალბომ–შედევრების ჩაწერა დაიწყო. ჯგუფის იმდროინდელი დისკოგრაფია განვითარების თვალსაზრისით Bad Company–ის ტყუპისცალად შეგვიძლია მივიჩნიოთ და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას 1975 და 1976 წლის ალბომებზე Force It და No heavy Petting გავამახვილებთ. პირველი მათგანის პროდიუსერი Ten Years After–ის ბასისტი ლეო ლაიონსია. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა ამავე ჯგუფის პიანისტმა ჩიკ ჩერჩილმაც მიიღო.
Force It –დან Let It Roll, Shoot Shoot, Out In the Street, ჯგუფის განუყრელ საკონცერტო ჰიტებად იქცნენ. განსაკუთრებული აღიარება კი ჯგუფს მანამდე შექმნილი Doctor Doctor –ის საკონცერტო ვერსიებმა მოუტანა, სადაც სტუდიისაგან განსხვავებით, ბოლოსკენ, მაიკლ შენკერი გიტარ სოლოს ასრულებდა. საერთოდ ტანდემი მუგი/შენკერი ერთ–ერთი გამორჩეულია როკ–ისტორიაში მსგავსი ხასიათების შეწყობის თვალსაზრისით. შეიძლება ამანაც გამოიწვია UFO –ს, მის თანამედროვე Queen–თან შედარებით, კომპოზიციური ერთფეროვნება, რაც არ მოიაზრებს ნაკლებ მელოდიურობას.
No heavy Petting –ის ძირითადი ორიენტირი კი თუნდაც ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, Belladonna–ზე გავიდა. დღესდღეობით როკ მუსიკის ფართო მოყვარულთა წრეში, შეიძლება ამ სიმღერის მელოდია და სახელწოდება უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, ვიდრე ჯგუფ UFO –ს არსებობა. 70–იანი წლების შუა პერიოდში როკი ხომ ბალადურმა ტენდენციებმა მოიცვა, როდესაც Nazareth–მა Love Hurts, Black Sabbath–მა She’s Gone, Bad Company–მ Simple Man და Ready For Love, Deep Purple –მ Soldier Of Fortune და This Time Arund შექმნა.
ალბომ No heavy Petting –ში კი მსმენელი მუგი/შენკერის მიერ დაწერილი ზემოთხსენებული ბალადის გარდა, მდუღარე Natural Thing–ს, Can You Roll Her–სა თუ On With The Action–ს ხვდება. კონცერტებზე კოლექტივი რატომღაც მაინცდამაინც არ სწყალობდა, თუნდაც პუბლიკის დიდი ნაწილის განტვირთვის მიზნით, Belladonna–ს შესრულებას.
ამგვარი სიჯიუტე და როკ შეუპოვრობა ერთის მხრივ დასაფასებელია, მაგრამ მეორეს მხრივ კი 70–ების ბოლოსკენ კომერციულად აშკარად გაუმართლებელი. მეტიც, 1979 წელს UFO –მ იმგვარად დაქოქილი ორდისკიანი ლაივ ალბომი ჩაწერა, რომლის მოსმენასაც ჰარდ როკის მოყვარულის გარდა, აერიდებოდა ჯაზის, დისკოს, პროგრესივისა, თუ ბლიუზის ნებისმიერი მსმენელი, რადგან ვერაფერს გამონახავდა მისთვის საინტერესოს. ახლა კი თუნდაც აქედან გამომდინარე წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ დიდია ჰარდ როკის გასაქანი და ერთიორად შევაფასოთ UFO –ს ძალისხმევა ამ სტილის ცნობილ ბუმბერაზებთან კონკურენციის ჭრილში. ალბომ Strangers In The Night-მა ბრიტანეთის ჩარტებში 1979 წელს მე–8(!) ადგილი დაიმკვიდრა. უნდა ითქვას, რომ ჯგუფმა შემოქმედებით მწვერვალზე „გაარტყა“ ლაივ ალბომს, რომელიც ბევრად ჯანსაღი გამოვიდა Led Zeppelin–ის ნაწვალებ The Song Remains The Same–სა, თუ Jethro Tull–ის „როგორც იქნა ჩაწერილ“ Bursting Out–თან შედარებით. ჟღერადობის თვალსაზრისით, ნამუშევარი ახალ სიტყვად და წინაპირობად იქცა იმავე მაიკლ შენკერის, ტედ ნაჯენტის, Rush–ისა თუ ძალზედ მცირედ, მაგრამ მაინც, Iron Maiden–ის საკონცერტო ალბომებისთვისაც კი.
მაიკლ შენკერმა ალბომის გამოსვლისთანავე დატოვა ჯგუფი და სოლო მოღვაწეობას შეუდგა. ფილ მუგმა კი 1981 წლის ძალიან საინტერესო The Wild, The Willing And The Innocent –ით განაგრძო UFO –ს უკომპრომისო დისკოგრაფია, რომელსაც დროთა განმავლობაში სულ უფრო ემატებოდა ერთგული მსმენელი, ოღონდ მსმენელთა ფართე სპექტრის მოკლების ხარჯზე. ალბომ The Wild, The Willing And The Innocent–ში ახალმა გიტარისტმა პოლ ჩეპმენმა შესანიშნავ ტექნიკას, კომპოზიტორული ტალანტიც შეუთავსა, რამაც ახალ ტანდემს ახალი ლირიკული შედევრი Profession of Violence შეაქმნევინა. ჩეპმენის სოლოს დამაბოლოვებელი ნაწილი კი იმავდროულად რიჩი ბლეკმორის სამყაროში მიგვაფრენს, რაც Deep Purple–ს მოყვარულთათვის ალბომის მოსასმენი დამატებითი სტიმულია.
The Wild, The Willing And The Innocent–მა დაგვანახა, რომ საკონცერტო ალბომის შემდეგაც, 10 წლიანი წარსულის მიუხედავად, ჯგუფი კვლავ ხალისიან ნოტაზე იმყოფებოდა და კომპოზიციური კრიზისიც არ ემჩნეოდა. ამას მოდით ისიც დავამატოთ, რომ UFO ამ დროს შენკერის გარდა, რეიმონდსმაც დატოვა. ამგვარად, აქ გაირკვა, რომ UFO –ს დაშლა აღარ ელოდა და ჯგუფის წევრებიც არ გაქანდებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით სოლო ალბომების ჩასაწერად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია მუგი/ვეის UFO –ს მიღმა 90–ებში ჩაწერილი ორადორი პროექტი.
The Wild, The Willing And The Innocent–სUFO –მ 80–ებში კიდევ 4 (!) მეტ ნაკლები სიძლიერის სტუდიური ალბომი მოაყოლა და ასეთივე ტემპით ჯგუფი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. გარდა იმისა, რომ მაიკლ შენკერი დროდადრო აკითხავს ჯგუფს, UFO –ს სხვადასხვა პერიოდებში არაერთი დიდებული გიტარისტი და ისეთი დრამერები ამშვენებდნენ, როგორიც საიმონ რაიტი და ეინსლი დანბარია. ამ ყოველივეს ძირითადი სულისჩამდგმელი კი მომღერალი ფილ მუგია, რომელიც ასაკთან ერთად, ოდნავ დამჯდარი ხმით, სულ უფრო ხშირად ამჟღავნებს ქანთრი–ბლიუზისადმი მიდრეკილებას, რის დეფიციტსაც ყოველთვის განიცდიდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი...