ლოპოტას ხეობის სპეც-ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახები დუმილს არღვევენ. ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდინ ალდამოვის ახლობლები ერთი თვის წინანდელ ტრაგედიასა და მუქარაზე საუბრობენ. ინტერვიუ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაწერა. ალდამოვის დედა მომხდარს ხელისუფლების მიერ მომზადებულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი შვილი სახლიდან ოპერაციამდე 2 დღით ადრე გაიყვანეს. კიდევ ერთი დაღუპულის-ასლან მარგოშვილის მამიდის თქმით, მისი ძმისშვილი ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ვაჰაბისტებმა ჩაითრიეს.
დაღუპულთა ახლობლები ცხედრის გადაცემისა და დაკრძალვის დროს მათზე განოხრციელებულ ზეწოლაზეც ჰყვებიან და იხსენებენ, რომ ხელისუფლებამ მათ გლოვა და მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა. თამარ მარგოშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახებს დაღუპულთა ტერიტორტებად გამოცხადებითა და ცხედრების არგადაცემით ემუქრებოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, კიდევ 4 დაღუპულის გვამები თბილისის აეროპორტის ახლოს ორმოში დაკრძალეს. ახლა სპეც-ოპერაციის მსხვერპლთა ოჯახები გამოძიებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეც-ოპერაცია 28 აგვისტოს ჩატარდა და, ოფიციალური ცნობით, ის ლაფანყურიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდირება, 6 კი ალყაში მოაქციეს. ამავე ცნობით, 11-დაღუპულიდან 7-ის იდენტიფიცრება მოხდა, მათ შორის ორი-ალდამოვი და მარგოშვილი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ცხედრები პანკისში ტრადიციის დარღვევით-გვიან ღამით დაკრძალეს.